ალტე უნივერსიტეტი აგრძელებს აბიტურიენტების მხარდაჭერის პროგრამებს და იწყებს რეგიონულ ტურნეს, რომლის მიზანია, XI-XII კლასელ მოსწავლეებს პროფესიის არჩევისას ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმაროს.
რეგიონული ტურნეს ფარგლებში უნივერსიტეტის წარმომადგენლები თავდაპირველად კახეთს ეწვევიან და 20 მარტს, 13:00 საათზე თელავის ტექნოპარკში დაგეგმილ პროფესიების ფორუმში მიიღებენ მონაწილეობას.
ალტე უნივერსიტეტის პროფესიების რეგიონული ტურნეს მთავარი მიზანია, ახალგაზრდებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს ხარისხიანი პროფესიული ორიენტაცია და პროფესიის არჩევის პროცესი გააზრებულ და სტრუქტურირებულ ჩარჩოში მოექცეს.
ფორუმის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს შორისაა პროფესიული ორიენტაციის ინტერაქციული ვორკშოპი, კარიერული განვითარების შესაძლებლობებისა და პრაქტიკული ინსტრუმენტების გაცნობა, რომლებიც საკუთარი პროფესიული გზის განსაზღვრაში მნიშვნელოვნად დაეხმარებათ.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ორ მონაწილეს შესაძლებლობა ექნება, მოიპოვოს ალტე უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული კარიერული განვითარების 3-დღიანი ბანაკის საგზური, ხოლო ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.
ალტე უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი, ანი ამირანაშვილი კარიერული გადაწყვეტილების მიღებისას არსებულ გამოწვევებსა და ამ პროცესში ხელშეწყობის მნიშვნელობაზე საუბრობს:
„პროფესიის არჩევა ახალგაზრდის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია. ჩვენი მიზანია, რეგიონებში მცხოვრებ მოსწავლეებს მივცეთ არა მხოლოდ ინფორმაცია, არამედ პრაქტიკული ინსტრუმენტები, რომლებიც დაეხმარებათ საკუთარი ინტერესებისა და უნარების გააზრებაში. სწორედ ამიტომ ვიწყებთ პროფესიების რეგიონულ ტურნეს, რათა ეს შესაძლებლობა მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გავხადოთ ყველასთვის, ვისაც სურს საბოლოო არჩევანის გაკეთებამდე დეტალური ინფორმაცია მიიღოს სხვადასხვა პროფესიებზე სფეროს წარმომადგენლებისგან და გაერკვეს საკუთარ რეალურ ინტერესებში“, - განმარტა ანი ამირანაშვილმა.
ალტე უნივერსიტეტის პროფესიების რეგიონული ტურნე მიზნად ისახავს რეგიონებსა და დიდ ქალაქებს შორის ინფორმაციული ბარიერის შემცირებას, საგანმანათლებლო ხელმისაწვდომობის გაზრდას და ახალგაზრდების კარიერული ცნობიერების გაძლიერებას. პროექტი უნივერსიტეტისთვის სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილია.
გარდა კარიერული საკითხებისა, ფორუმის დასასრულს მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ ალტე უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებს, მათ შინაარსს, სწავლების სპეციფიკასა და პროფესიულ პერსპექტივებს. ამასთან, თელავში ფორუმის მონაწილეები შეხვდებიან უნივერსიტეტის ლექტორებსა და დეკანებს, ასევე სფეროს პროფესიონალებს, რომლებიც დეტალურ ინფორმაციას გაუზიარებენ ისეთ მიმართულებებზე, როგორებიცაა მედიცინა, სტომატოლოგია, ბიზნესის ადმინისტრირება, კომპიუტერული მეცნიერებები და სხვა თანამედროვე, მოთხოვნადი პროფესიული სფეროები.
ღონისძიებაზე დასწრება შესაძლებელია წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე.
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://forms.office.com/e/6b1YVqppCd
(R)