"ფოლგას პროდუქტთან შემხებლობა არ უნდა ჰქონდეს... ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი სასურველია, 2 კვირაში ერთხელ მაინც გამოიცვალოს. სილიკონის დაფა უფრო უსაფრთხოა, ვიდრე ხე" - ექიმი-ტოქსიკოლოგის რჩევები - მშობლები

"ფოლგას პროდუქტთან შემხებლობა არ უნდა ჰქონდეს... ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი სასურველია, 2 კვირაში ერთხელ მაინც გამოიცვალოს. სილიკონის დაფა უფრო უსაფრთხოა, ვიდრე ხე" - ექიმი-ტოქსიკოლოგის რჩევები

2026-03-05 11:56:19+04:00

ექიმი-ტოქსიკოლოგი, ეკა ქურდაძე, გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო” საუბრობს, რომელ ნივთებს უნდა მოვერიდოთ სამზარეულოში, რომ ჯანმრთელობას საფრთხე არ შევუქმნათ:

- რა თქმა უნდა, დღეს ძალიან კომფორტულია, როდესაც სამზარეულოში პლასტმასზე დამზადებული უამრავი ნივთი გვაქვს, თუმცა გარკვეული საფრთხე არსებობს. ყველაზე კარგი თავდაცვა მაინც ცოდნაა.

ფოლგას გამოვყოფ - თავადაც ხშირად გამომიყენებია, ვიდრე ინფორმაცია მექნებოდა და ამ პროფესიაში წამოვიდოდი. ფოლგის შემთხვევაში, ხშირად ეტიკეტს ყურადღებას არ ვაქცევთ. ხანდახან იმაზეც ვწუწუნებთ, რომ გაურკვევლად და წვრილად წერია.

ფოლგა ალუმინის შემცველია და მითითებულია, რომ ეს გათბობისთვის არ უნდა გამოვიყენოთ. შეიძლება, პრობლემა მხოლოდ ტემპერატურა არ იყოს. წვა ყოველთვის საფრთხეს წარმოადგენს. რაც უფრო მაღალ ტემპერატურაზე ვიყენებთ გარკვეულ ნივთებს, უფრო მეტად შეიძლება, საზიანო იყოს. წარწერაც აქვს ხოლმე, რომ 100, 150 ან 200 გრადუსზე მაღალ ტემპერატურაზე არ უნდა გამოვიყენოთ.

ფოლგას პრობლემა აქვს მჟავა პროდუქტებთან. მაგალითად, ლიმონთან, მარინადთან და ხორცისა და თევზის დამარინადებულად შენახვა სასურველი არ არის. ფოლგა გარედან შესაფუთად ძალიან კარგი საშუალებაა. შეგვიძლია, შიგნით, ამომფენად, პერგამენტის ქაღალდი გამოვიყენოთ, რომელიც უფრო უსაფრთხოა. გარედან კი ფოლგით შევფუთოთ. ფოლგას პროდუქტთან შემხებლობა არ უნდა ჰქონდეს.

ზოგადად, დღეს ყველაზე უსაფრთხო საშუალებად მინისა და სილიკონის ნივთები ითვლება. სილიკონის ხარისხსაც მნიშვნელობა აქვს. სილიკონი წელვადი და დრეკადია. გაჭიმვის დროს უნდა დავატრიალოთ. თუ თეთრი ხაზები, ლაქები გაუჩნდა, ეს ნიშნავს, რომ დაბალი ხარისხისაა და დამატებით ტოქსიკურ ნივთიერებებს შეიცავს. თუ ეს ხაზი არ გაჩნდა - ესე იგი, კარგი ხარისხია. სილიკონის გარჩევა სუნითაც შეგვიძლია. რაც უფრო სპეციფიკური, ნავთობპროდუქტის სუნია, მით უფრო დაბალი ხარისხისაა. კარგი ხარისხის სილიკონს ნეიტრალური სუნი უნდა ჰქონდეს.

სილიკონს ხშირად ნამცხვრისთვის, გამოსაცხობი პროდუქტებისთვის ვიყენებთ. სუნიც რომ ჰქონდეს, სასურველია, ერთი საათი ღუმელში, 200 გრადუსზე მოვათავსოთ და გამოვწვათ. თუ სუნი აღარ აქვს, მაშინ სილიკონის ფორმა კარგი ხარისხისაა. ასევე, ძალიან მკვეთრი ფერის სილიკონის გამოყენებასაც გვიკრძალავენ, რადგან არ ვიცით, როგორი საღებავითაა შეღებილი.

სილიკონის მრავალჯერადად გამოყენება შეგვიძლია. უმეტეს შემთხვევაში, მწარმოებლებს მითითებული აქვთ, რომ 5 წელი შეგვიძლია, თუ არ დაზიანდა. თუ დაზიანდა, დასკდა და ბუშტები გაუჩნდა, მისი გამოყენება სასურველი არ არის.

ასევე, დაფას ღრმა ღარები რომ გაუჩნდება, მისი შეცვლა სასურველია. სილიკონნარევი დაფა უკეთესია. აქაც ჰიგიენური წესების დაცვაა მნიშვნელოვანი. ზოგი ძალიან ბევრ სარეცხ საშუალებას იყენებს ან ქლორავს, რაც საჭირო არ არის.

ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი სასურველია, 2 კვირაში ერთხელ მაინც გამოიცვალოს. რა თქმა უნდა, ხარისხსაც აქვს მნიშვნელობა. ზოგიერთს შეიძლება, უფრო ხანგრძლივი ექსპლუატაციის ვადა ჰქონდეს. ზოგს - არა. როცა ვხვდებით, რომ უკვე დაზიანებულია, სასურველია, ჩვენს გარემოში აღარ იყოს.

ყურადღების გამახვილება მინდა კონსერვირებულ პროდუქტზე, რომელსაც გავხსნით, მასაც აქვს გარკვეული რისკი - მასში საკვები ხანგრძლივად არ უნდა დავტოვოთ. შეიძლება მეტალში იყოს მოთავსებული ან პლასტმასის შემცველი თავსახური ჰქონდეს. ტომატ-პასტას განსაკუთრებულად მეტი რისკი აქვს იმიტომ, რომ თავადაა მჟავა პროდუქტი და ადვილად შედის რეაქციაში. სასურველია, ის მინის ან კერამიკის ჭურჭელში გადავიტანოთ, ვიდრე ასე დავტოვოთ ხანგრძლივად მაცივარში.

თევზის პაშტეტი ქილაში 24 საათზე მეტხანს არ უნდა დაყოვნდეს. ასე გვრჩება ხოლმე და აღარ გადაგვაქვს. ზოგიერთ კონტეინერს, ხარისხს გააჩნია, 3-4 დღე აქვს მითითებული, მაგრამ ხანგრძლივად, რამდენიმე კვირის განმავლობაში არ შეიძლება. ყველაფერი უსაფრთხო შესაძლებელია, ვერ არის. მაგრამ, რისკი მეტ-ნაკლებად განსხვავებულია. რაც შეგვიძლია, მინიმუმამდე დავიყვანოთ.

რა გავლენა შეიძლება, მოახდინოს ადამიანის ჯანმრთელობაზე ორგანიზმში პლასტმასის მოხვედრამ?

- მიკრონაწილაკებსა და მიკროპლასტმასებს, რაც შეიძლება, პლასტმასში იყოს, მოგვიანებით, ქრონიკულ ექსპოზიციამდე და მოწამვლამდე მივყავართ. სამწუხარო ის არის, რომ ხშირად შესაძლოა, შენიღბულად, უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს, ყურადღება არ მივაქციოთ და ხანგრძლივმა ექსპოზიციამ პრობლემა გამოიწვიოს.

ენდოკრინულ სისტემაზე მოქმედებს. ფტალატსა და პლასტმასს რეპროდუქციულ სისტემაზე აქვს გავლენა. ამიტომ, საყურადღებოა.

განსაკუთრებით, ეს დაბალი ხარისხის პლასტმასას ეხება, როგორებიცაა: ერთჯერადი ჭიქები, საწრუპები...

ერთჯერად ჭიქაში ცხელი ყავის ჩასხმა სასურველი არ არის. შეგვიძლია, გავითვალისწინოთ.

სილიკონის დაფა უკეთესია თუ ხის?

- სილიკონი უფრო უსაფრთხოა, ვიდრე ხე. თუმცა, სილიკონის შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რამდენად ხარისხიანია. თუმცა, ორივეს გამოყენებაა შესაძლებელი. უბრალოდ, ექსპლუატაციის ვადა აქვს განსხვავებული. ხე დაზიანებას უფრო ადვილად იღებს და ბაქტერიული კუთხითაც უფრო სახიფათოა . თუმცა, ორივე შეგვიძლია, გვქონდეს და თუ ძალიან დაგვიზიანდა და ღრმა ხაზები გაჩნდა, უნდა შევცვალოთ. დაფის გარდა, ხის სხვა ჭურჭელი უფრო მისაღებია იმიტომ, რომ ზედაპირი ნაკლებად ზიანდება. მთავარია, რომ დამცავი ზედაპირი არ დაზიანდეს. კარგი ხარისხის სილიკონი დღევანდელი მოცემულობით, ყველაზე უსაფრთხოა.

იხილეთ გადაცემა სრულად:

რატომ ჩნდება ქათმის ფილეზე მომწვანო ფერის ლაქები და არის თუ არა ასეთი ხორცი მავნებელი
რატომ არ ღირს საკვების რამდენჯერმე გაცხელება, რომელი საჭმელი მოქმედებს ტვინზე ყველაზე ცუდად და როგორი პურია ყველაზე ჯანსაღი? - ლუკა ნაჭყებიას რჩევები
არ მიირთვათ ზედმეტად დაბრაწული პური და სხვა პროდუქტები... ასეთი პროდუქტები კიბოს რისკს ზრდის... - მარი მალაზონია