ცნობილი ექიმი გიორგი ღოღობერიძე ძილის დარღვევის პრობლემაზე საუბრობს და საათობრივად განიხილავს, თუ რამდენსაათიანი ძილი რისი წინაპირობა შეიძლება გახდეს.
"თუ თქვენ გძინავთ 1-3 საათის განმავლობაში, ეს ძილის კრიტიკული დეფიციტია. ასეთ შემთხვევაში, როგორც კი დღის განმავლობაში მოქმედებებს დაიწყებთ, თქვენს ტვინს ეწყება წამიერი გათიშვები. თქვენ შეიძლება გაითიშოთ ერთიდან 30 წამამდე მაგალითად, გზაზე გადასვლისას და მანქანა დაგეჯახოთ, ხოლო თუ თავად მართავთ მანქანას, შეიძლება ამ წამიერი გათიშვისას თქვენ დაეჯახოთ ვინმეს. ამიტომ, როცა გძინავთ ერთიდან სამ საათამდე, თქვენ ხდებით სახიფათო როგორც სხვებისთვის, ისე საკუთარი თავისთვის. ძილის ასეთი დეფიციტის დროს თქვენს სხეულში ძალიან მაღალია კორტიზოლის შემცველობა, რაც მიდრეკილს გხდით მაღალი არტერიული წნევისკენ. ვინც ისედაც მიდრეკილია მაღალი წნევებისკენ, მისი ძილი ასე ცოტა არ უნდა იყოს. გარდა ამისა თავის ტვინში ის უბანი, რომელიც პასუხისმგებელია სწორ, გააზრებულ ნაბიჯებზე, სწორ გადაწყვეტილებებზე, ზიანდება. ანუ შეიძლება რაღაც საქმე გააკეთოთ, მაგრამ თქვენი გადაწყვეტილება იყოს აბსოლუტურად არალოგიკური.
თუ 4-6 საათის განმავლობაში გძინავთ, თქვენს ორგანიზმში დაბალი იქნება ლეპტინის შემცველობა, ეს არის დანაყრების ჰორმონი. იზრდება გრელინის, შიმშილის ჰორმონის დონე. გექნებათ მუდმივი შიმშილის გრძნობა, უფრო მეტ საკვებს მიიღებთ, რაც წონასაც მოგიმატებთ და მიდრეკილს გაგხდით ჯერ ინსულირეზისტენტობისკენ, შემდეგ დიაბეტისკენ. კორტიზოლის მაღალი შემცველობის გამო იკლებს T ლიმფოციტები, რაც საბოლოო ჯამში, იმუნურ სისტემას დაგიზიანებთ, უფრო ადვილად დაგემართებათ ინფექციები.
7-8-9-საათიანი ძილი უკვე ნორმაა და ყველაზე საინტერესო ნაწილიც ეს არის. თუ ადამიანს 7 საათი სძინავს, ეს არის ჯანსაღი მინიმალური დოზა. სხეული ასწრებს აღდგენას. 8-საათიანი ძილი ძალიან ბევრი კუთხით ოპტიმალურია. ეს ნიშნავს, რომ გულსისხლძარღვთა სისტემა ასწრებს სრულად აღდგენას. დღის განმავლობაში ეს სისტემა მაქსიმალურად დატვირთულია, 8-საათიანი ძილის პირობებში კი ის ასწრებს დასვენებას, რათა მომდევნო დღისთვის კარგ ფორმაში იყოს. თქვენი მოკლევადიანი მეხსიერება უფრო ადრე გადავა გრძელვადიან მეხსიერებაში. თუ დღის განმავლობაში ბევრის დამახსოვრება გიწევდათ, სრულფასოვანი ძილის პირობებში ეს მეხსიერებას გაუმჯობესდება.
8-საათიანი ძილის პირობებში სრულფასოვნად გამოიყოფა ზრდის ჰორმონი. ბევრს ჰგონია, რომ ზრდის ჰორმონი მხოლოდ ბავშვებისთვისაა, რათა სიმაღლეში გაიზარდონ. ასე არ არის, ზრდის ჰორმონი ჩვენი ქსოვილების აღდგენას და რეგენერაციას სჭირდება. თქვენი კუნთოვანი ქსოვილები დღის განმავლობაში, სხვადასხვა ფიზიკური დატვირთვისას ზიანდება. ზრდის ჰორმონი საკმარისი რაოდენობით მას აღადგენს.
იცვლება თქვენი ხასიათიც. როცა 6 საათზე ნაკლები გძინავთ, გაღიზიანებული, ფეთქებადი და იმპულსური ხართ. სინამდვილეში ასეთი ხასიათი კი არ გაქვთ, უბრალოდ ვერ გძინავთ. როცა ძილს დააბალანსებთ, ხასიათიც სტაბილური ხდება.
თუ ფიზიკურად ხართ დატვირთული, ან ხართ სპორტსმენი, ან ძალიან ბევრს მეცადინეობთ, მაშინ თქვენ 9-საათიანი ძილი გჭირდებათ.
ეს სხეულისთვის მაინცდამაინც კარგი არ არის. არ იფიქროთ, რომ 2 საათით მეტს ვიძინებ და უფრო ენერგული ვიქნები. არა და არა. 10-საათიანი ძილის შემდეგ იწყება ტვინის ნაბახუსევი. ადამიანი მოთენთილი, ძალიან ზანტია. პროდუქტიული საერთოდ არ არის. ვისაც 11 საათით სძინავს, მას ექიმები გადავამოწმებთ ხოლმე, ხომ არ აქვს რაიმე დაავადება. მაგალითად ანემია, დაბალი ხომ არ აქვს ჰემოგლობინი ან ერითროციტების რაოდენობა, ხომ არ აკლია ნერვულ სისტემას ჟანგბადი. ვამოწმებთ ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგებზე. ვამოწმებთ, ხომ არ აქვს დეპრესია, დეპრესიული ადამიანებიც მიდრეკილნი არიან ხანგრძლივი ძილისკენ. ხომ არ აქვს დიაბეტი, ხომ არ აკლიათ ფოლიუმის მჟავა ან B12 ვიტამინი.
როგორც ვხედავთ, სხვადასხვა ხანგრძლივობის ძილი სხვადასხვა რამეს გვეუბნება ადამიანის ჯანმრთელობაზე." - ამბობს გიორგი ღოღობერიძე.