ბავშვებსა და მოზარდებთან რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე საუბარი მშობლებს ხშირად უხერხულობას უქმნის. სკოლებში აღნიშნული საკითხი როგორც წესი, დახურულად რჩება, შესაბამისად, უწევთ, ინფორმაცია თანატოლებისგან მიიღონ ან ინტერნეტში მოიძიონ, რაც გარკვეულ რისკებს ქმნის.
რატომ არის მნიშვნელოვანი ბავშვებთან რეპროდუქციულ საკითხებზე საუბარი და ინფორმაციის დროულად მიწოდება და რა ფორმით უნდა მოხდეს ეს, ამის შესახებ დეტალურად საუბრობს საინფორმაციო და სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრის „თანადგომას“ ფსიქოლოგი ხათუნა ხაჟომია:
საქართველოში რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხები კვლავ ერთ-ერთ ყველაზე ფაქიზ და ნაკლებად განხილულ თემად რჩება. ახალგაზრდები ჯერ კიდევ მრავალი სტრუქტურული, სოციალური და კულტურული ბარიერის წინაშე დგანან. ქვეყანაში არ არსებობს სისტემური, ასაკზე მორგებული და მეცნიერებაზე დაფუძნებული განათლება სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების შესახებ. შედეგად, მოზარდები ინფორმაციას ხშირად იღებენ არაოფიციალური წყაროებიდან - ინტერნეტიდან, თანატოლებისგან ან სოციალური ქსელებიდან. ასეთი ფრაგმენტული ცოდნა კი ზრდის ისეთ რისკებს, როგორიცაა, დაუგეგმავი ორსულობა, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები, აივ ინფექცია, შიდსი და ჯანმრთელობის სხვა პრობლემები.
სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა საქართველოში კვლავ ხშირად აღიქმება „აკრძალულ“ თემად. ახალგაზრდებს უჭირთ მშობლებთან ან მასწავლებლებთან ღია საუბარი. გოგონებისთვის მოქმედებს მკაცრი სოციალური მოლოდინები და ორმაგი სტანდარტები, რაც აძლიერებს სირცხვილის და დანაშაულის განცდას. ეს სირცხვილი ხშირად აფერხებს დახმარების მოძიებას მაშინაც კი, როდესაც საქმე ეხება ძალადობას, არასასურველ ორსულობას ან ფსიქოლოგიურ და ჯანმრთელობის ჯანმრთელობის პრობლემებს.
მიუხედავად კანონმდებლობის გამკაცრებისა, გარკვეულ რეგიონებში კვლავ ფიქსირდება ადრეული ქორწინების შემთხვევები. ადრეული ორსულობა იწვევს როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქოლოგიურ და სოციალურ პრობლემებს. ასევე, იწვევს განათლების მიღების შეწყვეტას, ეკონომიკურ დამოკიდებულებასა და სოციალური განვითარების შეზღუდვას.
ზოგადად რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისები ქვეყანაში არსებობს, მაგრამ არ არის ახალგაზრდებზე მორგებული. კანონმდებლობის მიხედვით მოზარდს, 16 წლიდან შეუძლია დამოუკიდებლად გარკვეული სამედიცინო სერვისების მიღება, თუმცა ახალგაზრდებისთვის მათი გამოყენება ხშირად დაკავშირებულია შიშთან და უნდობლობასთან. მთავარი ბარიერებია:
ბევრი ახალგაზრდა ექიმთან ვიზიტს აჭიანურებს მხოლოდ იმის გამო, რომ ეშინია ოჯახის ან საზოგადოების რეაქციის.
ქვეყანაში სექსუალური ძალადობა და გარყვნილი ქმედება ახალგაზრდების მიმართ კვლავ სერიოზულ პრობლემად რჩება. ახალგაზრდებისთვის დახმარების მიღება ხშირად რთულია, როგორც ემოციური, ისე სამართლებრივი მიზეზების გამო. ძალადობის შედეგები კი პირდაპირ აისახება რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე.
რეპროდუქციული ჯანმრთელობა მხოლოდ ფიზიკურ საკითხს არ მოიცავს. სტიგმა, შიში, სოციალური ზეწოლა და ინფორმაციის ნაკლებობა ზრდის შფოთვასა და თვითშეფასების პრობლემებს. ახალგაზრდები ხშირად მარტო რჩებიან საკუთარ კითხვებსა და შიშებთან.
21-ე საუკუნეში შეიძლება ვიფიქროთ, რომ მოზარდებისთვის სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის მიღება პრობლემას აღარ წარმოადგენს. ინტერნეტი, სოციალური ქსელები, ვიდეო პლატფორმები ყველაფერი ხელმისაწვდომია. თუმცა რეალობა უფრო კომპლექსურია, ინფორმაციის სიჭარბე ავტომატურად არ ნიშნავს სანდო ცოდნას.
მოზარდები ხშირად იყენებენ ისეთ პლატფორმებს, როგორიცაა TikTok, Instagram და YouTube. ამ სივრცეებში სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული თემები უხვადაა წარმოდგენილი, თუმცა მისი დიდი ნაწილი არ ეფუძნება სამეცნიერო მტკიცებულებებს.
სოციალურ მედიაში ალგორითმები ხშირად პრიორიტეტს ანიჭებს ემოციურ, სენსაციურ ან შოკისმომგვრელ მასალას და არა პროფესიონალურად გადამოწმებულ ინფორმაციას. შედეგად, მოზარდები შეიძლება გადააწყდნენ:
ინფორმაციის გადამოწმების უნარი კი ყველა ახალგაზრდას ერთნაირად განვითარებული არ აქვს. მოზარდებისთვის რთულია, გაარჩიონ ავტორიტეტული სამედიცინო წყარო და პირადი ბლოგი ან ინფლუენსერის მოსაზრება. ხშირად სანდოობის კრიტერიუმად აღიქმება გამომწერების რაოდენობა და არა პროფესიული კვალიფიკაცია. მაგალითად, არასასურველი ორსულობის შეწყვეტის „სახლური“ მეთოდების შესახებ სოციალურ ქსელებში გავრცელებულია არაერთი სახიფათო ინფორმაცია, რომელთა გამოყენებამ, შეიძლება გოგონების სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნას.
საბოლოოდ, მოზარდები არიან პარადოქსულ მდგომარეობაში-ინფორმაცია ბევრია, მაგრამ სიცხადე ნაკლები. ამას ასევე ემატება, ქართული, სანდო რესურსების დეფიციტი ინტერნეტში. არასანდო ინფორმაციამ შეიძლება გამოიწვიოს:
ციფრული ხელმისაწვდომობა შესანიშნავი შესაძლებლობაა, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც მას თან ახლავს კრიტიკული აზროვნება და ხარისხიანი რესურსები. სკოლებში რეპროდუქციულ ჯანმრთელობის და პირადი უსაფრთხოების საკითხების სწავლება შესაძლებლობებს მისცემდა ახალგაზრდებს, ინტერნეტიდან მიღებული ზღვა მასალის გაფილტვრაში და სწორი და მათთვის საჭირო ინფორმაციის მიღებაში. სხვა შემთხვევაში, ინტერნეტი შეიძლება იქცეს არა ცოდნის წყაროდ, არამედ გაურკვევლობისა და რისკების გამაძლიერებლად.
სოციალური მედია სავსეა მითებით, დაუზუსტებელი ინფორმაციით და რჩევებით, რაც ხშირად უფრო ზრდის შფოთვას, ვიდრე იძლევა პასუხებს. სწორედ ამ სიცარიელის შევსებას ცდილობს ჩვენს მიერ შექმნილი TabooTalk -ის TikTok და Instagram არხები. ჩვენი ცოდნის და გამოცდილებაზე დაყრდნობით, შევქმენით ეს არხები, სადაც ქართულ ენაზე, მარტივად ხდება სანდო ინფორმაციის გავრცელება სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების შესახებ. ამ არხებზე კონტენტს თავად ახალგაზრდები ქმნიან ექსპერტების დახმარებით.

ეს არის უსაფრთხო და ღია სივრცე, სადაც რეპროდუქციული ჯანმრთელობა, ურთიერთობები და ტაბუდადებული თემები განიხილება მარტივად, პროფესიულად და ახალგაზრდებისთვის გასაგებ ენაზე.თუ გვინდა, რომ ახალგაზრდებმა გადაწყვეტილებები ცოდნაზე დაფუძნებით მიიღონ, მათ უნდა ჰქონდეთ წვდომა სწორ ინფორმაციაზე. TabooTalk ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

დიახ, მოზარდებთან რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე საუბარი საქართველოში კვლავ სტიგმატიზირებულია. ეს ნიშნავს, რომ გარდატეხის ასაკის, სექსუალობის თემების, ოჯახის დაგეგმვის მეთოდების, უსაფრთხო სქესობრივი ურთიერთობების ღია განხილვას ახლავს სირცხვილი, შიში დასჯის ან უარყოფითი შეფასების.
სტიგმის მიზეზია:
ამის გამო, მოზარდები ხშირად რჩებიან გაურკვევლობაში, ვერ იღებენ მათთვის საჭირო ინფორმაციას და უშვებენ შეცდომებს რომლებიც აისახება მათ ჯანმრთელობაზე.
რაც შეეხება სტიგმის დაძლევას, ეს საკმაოდ რთული და კომპლექსური პროცესია. სკოლებში პირად უსაფრთხოებასთან და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხების სწავლება, ზოგადად, სექსუალური, რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ საგანმანათლებლო პროგრამები, ონლაინ პლატფორმები და საზოგადოებრივი კამპანიები მოქმედებენ სტიგმის შემცირებაზე. ამ მხრივ არ გვაქვს სახარბიელო მდგომარეობა.
სტიგმის დაძლევა შეიძლება მხოლოდ მრავალმხრივი ჩართულობით:

როგორც ფსიქოლოგი, ვურჩევ მშობლებს, შექმნან მზრუნველი, მხარდამჭერი გარემო, არ გაკიცხონ და გააკრიტიკონ შვილები, მოუსმინონ და მათი ჩართულობით მიიღონ გადაწყვეტილებები იმ საკითხებზე, რომლებიც მოზარდებს ეხება. ზოგადად, სასურველია საუბარი დაიწყონ მოზარდის განვითარების შესაბამისად, ეტაპობრივად და ასაკის გათვალისწინებით:
საუბრები უნდა იყოს ღია, გულწრფელი; სჯობს გამოიყენოთ ილუსტრაციები, წიგნები, სანდო ონლაინ რესურსები.
რა თქმა უნდა ბევრ მშობელს უჩნდება უხერხულობა სექსუალობის, სხეულის ცვლილებების და რეპროდუქციული ჯანმრთელობის თემებზე საუბრის დროს. როგორც ფსიქოლოგი, შემიძლია ვურჩიო ინფორმაცია მიაწოდონ ასაკის და განვითარების ეტაპის შესაბამისად. საუბარი ამ თემებზე დაიწყეთ პატარა ასაკიდან, მარტივად და თანდათან გაამდიდრეთ დეტალებით. მოზარდმა უნდა იგრძნოს, რომ კითხვებს სვამს უსაფრთხო გარემოში, არ გაკიცხავთ, დასცინებთ, გააკრიტიკებთ ან დასჯით. გამოიყენეთ წიგნები, ვებგვერდები, მოკლე ვიდეოები, რომლებიც ასაკისთვის შესაბამისი, ვიზუალურად ლამაზია, ფერადაი და საინტერესო. დააკვირდით, რა აინტერესებს ბავშვს, და პასუხები მიეცით შესაბამისი სიღრმით. გარდატეხის ასაკის დაწყებისთანავე აუხსენით, რომ სხეულის ცვლილებები ნორმალური პროცესია, სექსუალობა და ჯანმრთელობა ბუნებრივი თემებია.
როგორც რესურსი მშობლებისთვის, შემიძლია გირჩიოთ ჩვენი Facebook გვერდი თანადგომა მშობლებს, სადაც მშობლები მიიღებენ ყველა საჭირო ინფორმაციას მოზარდებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად.
გაითვალისწინეთ, როდესაც მოზარდს აქვს სწორი ინფორმაცია, უსაფრთხო და სანდო სივრცე კითხვებისთვის და აქვს მხარდაჭერის განცდა, ის იღებს უფრო გაცნობიერებულ და ჯანმრთელ გადაწყვეტილებებს. სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული არასწორი წარმოდგენების შესამცირებლად და ჯანსაღი საზოგადოების შექმნის საფუძველი.