რა დაფინანსება გექნებათ კერძო უნივერსიტეტში ჩარიცხვისას, მას შემდეგ, რაც სახელმწიფო გრანტი კერძო უმაღლეს სასწავლებლებში გაუქმდა - მშობლები

რა დაფინანსება გექნებათ კერძო უნივერსიტეტში ჩარიცხვისას, მას შემდეგ, რაც სახელმწიფო გრანტი კერძო უმაღლეს სასწავლებლებში გაუქმდა

2026-03-18 08:49:43+04:00

2026-2027 სასწავლო წლიდან საქართველოში, უნივერსიტეტებში, სახელმწიფო საგრანტო სისტემა უქმდება. ყველა, ვინც სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბარებს, უფასოდ ისწავლის. კერძო უნივერსიტეტებში კი სახელმწიფო გრანტს ვეღარ გამოიყენებთ.

თუ აქამდე აბიტურიენტს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად, ქულათა საერთო რაოდენობით, შეეძლო, 50, 70 და 100%-იანი გრანტი მოეპოვებინა და აღნიშნული გრანტით სასურველ უნივერსიტეტში, თუნდაც კერძოში, ჩარიცხულიყო, 2026-2027 სასწავლო წლიდან ამის შესაძლებლობა აღარ ექნება.

ვინაიდან კერძო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტები სახელმწიფოსგან ფინანსური მხარდაჭერის გარეშე რჩებიან, კერძო უნივერსიტეტებმა დაიწყეს შიდა დაფინანსების მოდელებზე მუშაობა. აბიტურიენტთა სხვადასხვა ჯგუფში კი დაფინანსების საკითხი განსაკუთრებით აინტერესებთ.

ჩვენს სხვადასხვა კერძო უნივერსიტეტს დავუკავშირდით და ვკითხეთ, რა დაფინანსებას სთავაზობენ მომავალი წლიდან სტუდენტებს. ნაწილმა ინფორმაცია თავიანთ ვებგვერდებზე უკვე გამოაქვეყნა:

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი

2026 წლიდან, BTU-ში შეიქმნა საგრანტო ფონდი სტუდენტებისთვის, რომლის მიზანია ნიჭიერი და წარმატებული სტუდენტების მხარდაჭერა საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის ნაწილობრივი ან სრული დაფინანსების გზით.

საგრანტო ფონდიდან სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსების მოპოვება შეუძლიათ 2026-2027 წლიდან ჩარიცხულ სტუდენტებს.

გრანტი გაიცემა ყოველსემესტრულად შემდეგი პრინციპით.

პირველ სემესტრში ბაკალავრიატის სტუდენტებს გრანტი გადაეცემათ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული შედეგების მიხედვით. ხოლო მაგისტრატურის სტუდენტებს საერთო სამაგისტრო გამოცდების რანჟირების ქულების გათვალისწინებით.

მეორე სემესტრიდან გრანტის შენარჩუნება / მიღება დამოკიდებულია სტუდენტის სარეიტინგო ქულაზე

ვრცლად შეგიძლიათ, ინფორმაცია ბმულზე ნახოთ:

თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტი

2026 წლის მიღების აბიტურიენტებს კახა ბენდუქიძის საქველმოქმედო ცოდნის ფონდი 4 წლის განმავლობაში 4 200 000 ლარით დააფინანსებს. ამის შესახებ ინფორმაცია უნივერსიტეტის გვერდზე გამოქვეყნდა.

"ცოდნის ფონდი ფინანსურად მხარს დაუჭერს:

  • ⁠ ყველა სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე სტუდენტს, რომელიც ჩააბარებს თავისუფალ ან აგრარულ უნივერსიტეტში და სრულად დაუფინანსებს 4-წლიან სწავლებას
  • ⁠ ყველა აბიტურიენტს, რომელიც ჩააბარებს თავისუფალ უნივერსიტეტში. მათ გადაეცემათ 4-წლიანი სწავლის საფასურის თანადაფინანსების გრანტი
  • აბიტურიენტებს, რომლებსაც თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების პროგრამების მიხედვით ექნებათ საუკეთესო შედეგები ერთიან ეროვნულ გამოცდებში.
  • ⁠ საერთაშორისო და ეროვნული ოლიმპიადების ყველა პრიზიორს, რომლებსაც ფონდიდან სასწავლო გრანტი გადაეცემათ.
  • ⁠ შემეცნებით კონკურსებში გამარჯვებულ აბიტურიენტებს, რომლებიც მიიღებენ სასწავლო ვაუჩერებს სწავლის საფასურის დასაფინანსებლად.

თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების პირობები აბიტურიენტებისთვის, როგორც წინა წლებში, რჩება სტაბილური და მყარი - არ იგეგმება არც სწავლის საფასურის ცვლილება და არც უცხოელი სტუდენტების მიღება შემოსავლების გაზრდის მიზნით", - წერია განცხადებაში.

ალტე უნივერსიტეტი

ალტე უნივერსიტეტში სტუდენტებისთვის მოქმედებს სხვადასხვა ფინანსური მექანიზმი, რომლებიც მათ ხელმისაწვდომ განათლებას უზრუნველყოფს. უნივერსიტეტში ფუნქციონირებს შიდა საგრანტო პროგრამა შემდეგი პირობებით:

  • 100%-იანი დაფინანსება – 700 საუკეთესო შედეგის მქონე აბიტურიენტთა შორის მოხვედრის შემთხვევაში (თუ ჩარიცხვამდე პირველ პრიორიტეტად აირჩევ ალტე უნივერსიტეტს);
  • 50%-იანი დაფინანსება – ოქროსა და ვერცხლის მედალოსნებისთვის (თუ ჩარიცხვამდე პირველ პრიორიტეტად აირჩევ ალტე უნივერსიტეტს);
  • დეკანის გრანტი – 100%, 50% და 30%;
  • სწავლის გადასახადის გადანაწილება – შესაძლებელია 10 ეტაპად.

უნივერსიტეტი ალტერბრიჯი

ალტერბრიჯის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტმა შიდა გრანტების ჩამონათვალი გაგვიზიარა. მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, შიდა გრანტები ასე ნაწილდება:

  • პირველ პრიორიტეტად შემოხაზვის შემთხვევაში - 20%;
  • მეორე პრიორიტეტად შემოხაზვის შემთხვევაში - 10%;
  • ოქროს მედალოსანი მიიღებს ალტერბრიჯისგან - 4000 ლარიან დაფინანსებას, ანუ 1000 ლარს ყოველწლიურად.

ერთიანი ეროვნული გამოცდების,100 ყველაზე მაღალქულიან აბიტურიენტთა სიაში მოხვედრის შემთხვევაში,ალტერბრიჯი სრულად დააფინანსებს აღნიშნული სტუდენტის სწავლის საფასურს.

გარდა ამისა,ალტერბრიჯში ტარდება კონკურსი,რომელშიც შეუძლია ჩაერთოს ნებისმიერი აბიტურიენტი და მოიპოვოს 100%,70% და 50%-იანი შიდა გრანტი.

საქართველოს უნივერსიტეტი

2026 წელს საქართველოს უნივერსიტეტი აბიტურიენტებს სთავაზობს მრავალფეროვან დაფინანსების და შესაძლებლობების პაკეტს, რომელიც ეფუძნება უნივერსიტეტის სამ ძირითად ღირებულებას - სრულყოფილებას, ჰუმანურობას და თავისუფლებას.

სრული დაფინანსება

  • თუ თქვენი საკონკურსო ქულა იქნება 2050 ან მეტი, შეგიძლიათ მიიღოთ სრული დაფინანსება ნებისმიერ საბაკალავრო პროგრამაზე
  • ეს პროგრამა შექმნილია იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებიც დააკმაყოფილებენ მაღალ აკადემიურ სტანდარტს და მზად არიან მომავალშიც შეინარჩუნონ მაღალი აკადემიური მოსწრება (GPA).

დამატებითი შესაძლებლობა Tech მიმართულების პროგრამებზე

  • თუ აირჩევთ ტექნოლოგიურ პროგრამებს და თქვენი საკონკურსო ქულა იქნება 2100 ან მეტი, უნივერსიტეტი სრულ დაფინანსებასთან ერთად, წახალისების მიზნით გადმოგცემთლეპტოპს.

UG Universe – ექსკლუზიური შეთავაზება UG სკოლის მოსწავლეებს

  • UG სკოლა და საქართველოს უნივერსიტეტი ერთიანი საგანმანათლებლო ეკოსისტემის ნაწილია. სწორედ ამიტომ, UG სკოლის მოსწავლეებს უნივერსიტეტი სთავაზობს განსაკუთრებულ შესაძლებლობას:50% თანადაფინანსებას ყველა საბაკალავრო პროგრამაზე.

Humanitas – განათლება პასუხისმგებლობით

Humanitas გამოხატავს უნივერსიტეტის სოციალურ პასუხისმგებლობას და რწმენას, რომ განათლება მხოლოდ პირადი წარმატების ინსტრუმენტი არ არის - ის არის გზა, რომლითაც ადამიანები ერთად ქმნიან წარმატებულ მომავალს.

მომავლის მხარდაჭერის გრანტი

  • თუ თქვენი საკონკურსო ქულა არის 2000–2049, შეგიძლიათ მიიღოთ სრული დაფინანსება მომავლის მხარდაჭერის გრანტის ფარგლებში.

მიღებული დფინანსების სანაცვლოდ, სწავლის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულები საკუთარი შემოსავლის 25%-ით აფინანსებენ სხვა სტუდენტებს, რომლებიც მომავალში იგივე შესაძლებლობას მიიღებენ. ამგვარად, თითოეული სტუდენტი ხდება განათლების ეკოსისტემის ჯაჭვის ნაწილი.

ამ პროგრამის განსაკუთრებული იდეა არის სოლიდარობა და ცოდნის ესტაფეტა.

მიზნობრივი დაფინანსება

  • საქართველოს უნივერსიტეტი განსაკუთრებულ მხარდაჭერას სთავაზობს ახალგაზრდებს, რომლებიც არიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილის სტატუსის მქონე პირები.

ამ შემთხვევაში უნივერსიტეტი უზრუნველყოფს 50%-იან სასწავლო შეღავათს.

შეთავაზების მიზანია განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა და თანასწორი შესაძლებლობების შექმნა მათთვის, ვინც სწავლასა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

Libertas – თავისუფლება

Libertas ნიშნავს თავისუფლებას — აკადემიური გზის არჩევის, საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენის და საკუთარი წარმატების დაგეგმვის თავისუფლებას.

პერფორმანს სტიპენდია – TOP 3%

  • სტუდენტები, რომლებიც უნივერსიტეტის მასშტაბით მოხვდებიანTOP 3%-ში აკადემიური მოსწრებით, მიიღებენ სპეციალურ სტიპენდიას GPA-ს მიხედვით.

ეს ნიშნავს, რომ თითოეულ სტუდენტს შეუძლია საკუთარი შრომით და შედეგებით მოიპოვოს დამატებითი მხარდაჭერა.

სწავლის საფასურის მოქნილი გადახდა

  • საქართველოს უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს სწავლის საფასურის გადახდას 10 ნაწილად, რაც ფინანსურ დაგეგმვას უფრო მოქნილს და ხელმისაწვდომს ხდის.

კავკასიის უნივერსიტეტი

როგორც კავკასიის უნივერსიტეტში განგვიცხადეს, აღნიშნულ უნივერსიტეტს დაფინანსების შესაძლებლობები აქამდეც ჰქონდა და აბიტურიენტებს შესაძლებლობას აძლევდნენ, უფასოდ ან თანადაფინანსებით ესწავლათ. დაარსების დღიდან, დაფინანსების ფონდიდან 15 000 000-მდე ლარია დახარჯული. ახლაც აღნიშნული დაფინანსებები უცვლელად იმოქმედებს.

კავკასიის უნივერსიტეტი 2026-2027 აკადემიურ წელს აბიტურიენტებს სწავლის სრული ან თანადაფინანსების საშუალებას აძლევს:

სწავლა უფასოდ

TOP 501

კავკასიის უნივერსიტეტი აბიტურიენტებს უფასოდ სწავლის შესაძლებლობას აძლევს. ეს უნიკალური შეთავაზება სრულად უფინანსებს სწავლას მათ, ვინც:

პირველ პრიორიტეტად აირჩევსკავკასიის უნივერსიტეტის ნებისმიერ საბაკალავრო პროგრამას;

მოხვდება ერთიანი ეროვნული გამოცდების საკონკურსო ქულებით 501 საუკეთესო აბიტურიენტს შორის ქვეყნის მასშტაბით, ისწავლის უფასოდ სრული პროგრამის განმავლობაში.

  • 2019 წლიდან ტოპ 501-ის სრული დაფინანსებით 112 სტუდენტი სარგებლობს
  • სტუდენტების სწავლის სრულად დაფინანსებისთვის კავკასიის უნივერსიტეტის მიერ დღემდე განხორციელდა 1 735 360 ლარის ინვესტიცია
  • 2025 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით, 501 საუკეთესო აბიტურიენტს შორის მოხვდნენ აბიტურიენტები, რომელთა საკონკურსო ქულა 2112-დან 8-მდე მერყეობდა

ტოპ 501-ის დაფინანსება არ ვრცელდება ერთობლივ პროგრამებზე, რომლებიც ხორციელდება პარტნიორ უნივერსიტეტებთან ერთად.

სწავლა თანადაფინანსებით

CU გრანტი

კავკასიის უნივერსიტეტი აბიტურიენტებს თანადაფინანსებით სწავლის შესაძლებლობას აძლევს. ეს შეთავაზება ნაწილობრივ უფინანსებს სწავლას მათ, ვინც: პირველ პრიორიტეტად აირჩევს კავკასიის უნივერსიტეტის ნებისმიერ საბაკალავრო პროგრამას და მოიპოვებს 2000+საკონკურსო ქულაზე მეტს, მიიღებს შიდა სასწავლო გრანტს სრული პროგრამის განმავლობაში.

  • 2015 წლიდან CU გრანტის დაფინანსებით 1 092 სტუდენტი სარგებლობს
  • სტუდენტების სწავლის დაფინანსებისთვის კავკასიის უნივერსიტეტის მიერ დღემდე განხორციელდა 9 405 080 ლარის ინვესტიცია

CU გრანტი არ ვრცელდება ერთობლივ პროგრამებზე, რომლებიც ხორციელდება პარტნიორ უნივერსიტეტებთან ერთად.

დაფინანსების სხვა შესაძლებლობები

კურსის რეიტინგული სამეული

100%, 50% და 30%-იანი დაფინანსება ყველა სკოლის თითოეული კურსის TOP სამეულს.

სასწავლო ვაუჩერები

წლის განმავლობაში აბიტურიენტებისთვის გაიმართება კონკურსები - გამარჯვებულებს გადაეცემათ სასწავლო ვაუჩერები, რომლითაც ისინი სწავლის დაფინანსებას შეძლებენ.

ზოგიერთ კერძო უნივერსიტეტში შიდა დაფინანსების ახალ მოდელზე მუშაობენ და ჯერჯერობით, კონკრეტული ინფორმაცია არ აქვთ. ამიტომ, სია განახლებადია.

თამარ იაკობაშვილი