2026-2027 სასწავლო წლიდან საქართველოში, უნივერსიტეტებში, სახელმწიფო საგრანტო სისტემა უქმდება. ყველა, ვინც სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბარებს, უფასოდ ისწავლის. კერძო უნივერსიტეტებში კი სახელმწიფო გრანტს ვეღარ გამოიყენებთ.
თუ აქამდე აბიტურიენტს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად, ქულათა საერთო რაოდენობით, შეეძლო, 50, 70 და 100%-იანი გრანტი მოეპოვებინა და აღნიშნული გრანტით სასურველ უნივერსიტეტში, თუნდაც კერძოში, ჩარიცხულიყო, 2026-2027 სასწავლო წლიდან ამის შესაძლებლობა აღარ ექნება.
ვინაიდან კერძო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტები სახელმწიფოსგან ფინანსური მხარდაჭერის გარეშე რჩებიან, კერძო უნივერსიტეტებმა დაიწყეს შიდა დაფინანსების მოდელებზე მუშაობა. აბიტურიენტთა სხვადასხვა ჯგუფში კი დაფინანსების საკითხი განსაკუთრებით აინტერესებთ.
ჩვენს სხვადასხვა კერძო უნივერსიტეტს დავუკავშირდით და ვკითხეთ, რა დაფინანსებას სთავაზობენ მომავალი წლიდან სტუდენტებს. ნაწილმა ინფორმაცია თავიანთ ვებგვერდებზე უკვე გამოაქვეყნა:
2026 წლიდან, BTU-ში შეიქმნა საგრანტო ფონდი სტუდენტებისთვის, რომლის მიზანია ნიჭიერი და წარმატებული სტუდენტების მხარდაჭერა საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის ნაწილობრივი ან სრული დაფინანსების გზით.
საგრანტო ფონდიდან სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსების მოპოვება შეუძლიათ 2026-2027 წლიდან ჩარიცხულ სტუდენტებს.
გრანტი გაიცემა ყოველსემესტრულად შემდეგი პრინციპით.
პირველ სემესტრში ბაკალავრიატის სტუდენტებს გრანტი გადაეცემათ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული შედეგების მიხედვით. ხოლო მაგისტრატურის სტუდენტებს საერთო სამაგისტრო გამოცდების რანჟირების ქულების გათვალისწინებით.
მეორე სემესტრიდან გრანტის შენარჩუნება / მიღება დამოკიდებულია სტუდენტის სარეიტინგო ქულაზე
ვრცლად შეგიძლიათ, ინფორმაცია ბმულზე ნახოთ:
2026 წლის მიღების აბიტურიენტებს კახა ბენდუქიძის საქველმოქმედო ცოდნის ფონდი 4 წლის განმავლობაში 4 200 000 ლარით დააფინანსებს. ამის შესახებ ინფორმაცია უნივერსიტეტის გვერდზე გამოქვეყნდა.
"ცოდნის ფონდი ფინანსურად მხარს დაუჭერს:
თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების პირობები აბიტურიენტებისთვის, როგორც წინა წლებში, რჩება სტაბილური და მყარი - არ იგეგმება არც სწავლის საფასურის ცვლილება და არც უცხოელი სტუდენტების მიღება შემოსავლების გაზრდის მიზნით", - წერია განცხადებაში.
ალტე უნივერსიტეტში სტუდენტებისთვის მოქმედებს სხვადასხვა ფინანსური მექანიზმი, რომლებიც მათ ხელმისაწვდომ განათლებას უზრუნველყოფს. უნივერსიტეტში ფუნქციონირებს შიდა საგრანტო პროგრამა შემდეგი პირობებით:
ვრცლად ინფორმაცია შეგიძლიათ, ბმულზე იხილოთ.
ალტერბრიჯში, შიდა გრანტები ასე ნაწილდება:
ერთიანი ეროვნული გამოცდების,100 ყველაზე მაღალქულიან აბიტურიენტთა სიაში მოხვედრის შემთხვევაში,ალტერბრიჯი სრულად დააფინანსებს აღნიშნული სტუდენტის სწავლის საფასურს.
გარდა ამისა,ალტერბრიჯში ტარდება კონკურსი,რომელშიც შეუძლია ჩაერთოს ნებისმიერი აბიტურიენტი და მოიპოვოს 100%,70% და 50%-იანი შიდა გრანტი.
2026 წელს საქართველოს უნივერსიტეტი აბიტურიენტებს სთავაზობს მრავალფეროვან დაფინანსების და შესაძლებლობების პაკეტს, რომელიც ეფუძნება უნივერსიტეტის სამ ძირითად ღირებულებას - სრულყოფილებას, ჰუმანურობას და თავისუფლებას.
სრული დაფინანსება
დამატებითი შესაძლებლობა Tech მიმართულების პროგრამებზე
UG Universe – ექსკლუზიური შეთავაზება UG სკოლის მოსწავლეებს
Humanitas – განათლება პასუხისმგებლობით
Humanitas გამოხატავს უნივერსიტეტის სოციალურ პასუხისმგებლობას და რწმენას, რომ განათლება მხოლოდ პირადი წარმატების ინსტრუმენტი არ არის - ის არის გზა, რომლითაც ადამიანები ერთად ქმნიან წარმატებულ მომავალს.
მომავლის მხარდაჭერის გრანტი
მიღებული დაფინანსების სანაცვლოდ, სწავლის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულები საკუთარი შემოსავლის 25%-ით აფინანსებენ სხვა სტუდენტებს, რომლებიც მომავალში იგივე შესაძლებლობას მიიღებენ. ამგვარად, თითოეული სტუდენტი ხდება განათლების ეკოსისტემის ჯაჭვის ნაწილი.
ამ პროგრამის განსაკუთრებული იდეა არის სოლიდარობა და ცოდნის ესტაფეტა.
მიზნობრივი დაფინანსება
ამ შემთხვევაში უნივერსიტეტი უზრუნველყოფს 50%-იან სასწავლო შეღავათს.
შეთავაზების მიზანია განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა და თანასწორი შესაძლებლობების შექმნა მათთვის, ვინც სწავლასა და განვითარებაზეა ორიენტირებული.
Libertas – თავისუფლება
Libertas ნიშნავს თავისუფლებას — აკადემიური გზის არჩევის, საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენის და საკუთარი წარმატების დაგეგმვის თავისუფლებას.
პერფორმანს სტიპენდია – TOP 3%
ეს ნიშნავს, რომ თითოეულ სტუდენტს შეუძლია საკუთარი შრომით და შედეგებით მოიპოვოს დამატებითი მხარდაჭერა.
სწავლის საფასურის მოქნილი გადახდა
როგორც კავკასიის უნივერსიტეტში განგვიცხადეს, აღნიშნულ უნივერსიტეტს დაფინანსების შესაძლებლობები აქამდეც ჰქონდა და აბიტურიენტებს შესაძლებლობას აძლევდნენ, უფასოდ ან თანადაფინანსებით ესწავლათ. დაარსების დღიდან, დაფინანსების ფონდიდან 15 000 000-მდე ლარია დახარჯული. ახლაც აღნიშნული დაფინანსებები უცვლელად იმოქმედებს.
კავკასიის უნივერსიტეტი 2026-2027 აკადემიურ წელს აბიტურიენტებს სწავლის სრული ან თანადაფინანსების საშუალებას აძლევს:
სწავლა უფასოდ
TOP 501
კავკასიის უნივერსიტეტი აბიტურიენტებს უფასოდ სწავლის შესაძლებლობას აძლევს. ეს უნიკალური შეთავაზება სრულად უფინანსებს სწავლას მათ, ვინც:
პირველ პრიორიტეტად აირჩევს კავკასიის უნივერსიტეტის ნებისმიერ საბაკალავრო პროგრამას;
მოხვდება ერთიანი ეროვნული გამოცდების საკონკურსო ქულებით 501 საუკეთესო აბიტურიენტს შორის ქვეყნის მასშტაბით, ისწავლის უფასოდ სრული პროგრამის განმავლობაში.
ტოპ 501-ის დაფინანსება არ ვრცელდება ერთობლივ პროგრამებზე, რომლებიც ხორციელდება პარტნიორ უნივერსიტეტებთან ერთად.
სწავლა თანადაფინანსებით
CU გრანტი
კავკასიის უნივერსიტეტი აბიტურიენტებს თანადაფინანსებით სწავლის შესაძლებლობას აძლევს. ეს შეთავაზება ნაწილობრივ უფინანსებს სწავლას მათ, ვინც: პირველ პრიორიტეტად აირჩევს კავკასიის უნივერსიტეტის ნებისმიერ საბაკალავრო პროგრამას და მოიპოვებს 2000+საკონკურსო ქულაზე მეტს, მიიღებს შიდა სასწავლო გრანტს სრული პროგრამის განმავლობაში.
CU გრანტი არ ვრცელდება ერთობლივ პროგრამებზე, რომლებიც ხორციელდება პარტნიორ უნივერსიტეტებთან ერთად.
დაფინანსების სხვა შესაძლებლობები
კურსის რეიტინგული სამეული
100%, 50% და 30%-იანი დაფინანსება ყველა სკოლის თითოეული კურსის TOP სამეულს.
სასწავლო ვაუჩერები
წლის განმავლობაში აბიტურიენტებისთვის გაიმართება კონკურსები - გამარჯვებულებს გადაეცემათ სასწავლო ვაუჩერები, რომლითაც ისინი სწავლის დაფინანსებას შეძლებენ.
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩარიცხული აბიტურიენტები შეთავაზებათა მრავალფეროვანი პაკეტით ისარგებლებენ.
აირჩიე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ნებისმიერი საბაკალავრო პროგრამა პირველ პრიორიტეტად და მიიღე 40%-იანი შიდა გრანტი. დაფინანსება გარანტირებულად მოქმედებს პირველ სემესტრში, შემდეგ სემესტრებში კი მისი შენარჩუნება დამოკიდებულია სტუდენტის აკადემიურ მოსწრებაზე (GPA 3.5 ან მეტი).
ერთიანი ეროვნული გამოცდების საკონკურსო ქულების მიხედვით, თუ შენი შეფასება 2000-ზე მეტია, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ნებისმიერ პრიორიტეტად არჩევის შემთხვევაში მიიღებ 100%-იან შიდა გრანტს, 1950-დან 2000 ქულის შემთხვევაში - 70%-იან შიდა გრანტს, რომელიც არის სახელმწიფო გრანტის ანალოგი და მისი მაქსიმალური მოცულობა შეადგენს 2250 ლარს. დაფინანსება გარანტირებულად მოქმედებს პირველ სემესტრში, შემდეგ სემესტრებში კი მისი შენარჩუნება დამოკიდებულია სტუდენტის აკადემიურ მოსწრებაზე (GPA 3.5 ან მეტი).
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ქართული მევენახეობისა და მეღვინეობის საბაკალავრო პროგრამის ნებისმიერ პრიორიტეტად არჩევის შემთხვევაში, მიიღე 100%-იანი შიდა გრანტი. დაფინანსება გარანტირებულად მოქმედებს პირველ სემესტრში, შემდეგ სემესტრებში კი მისი შენარჩუნება დამოკიდებულია სტუდენტის აკადემიურ მოსწრებაზე (GPA 3.5 ან მეტი).
თუ ხარ ოქროს მედალოსანი, მიიღე 20%-იანი შიდა გრანტი, ხოლო ვერცხლის მედალზე - 10%. დაფინანსება გარანტირებულად მოქმედებს პირველ სემესტრში, შემდეგ სემესტრებში კი მისი შენარჩუნება დამოკიდებულია სტუდენტის აკადემიურ მოსწრებაზე (GPA 3.5 ან მეტი).
გაითვალისწინე, რომ ორი ან მეტი გრანტის ერთდროულად მოპოვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება რაოდენობრივად უფრო მოცულობით გრანტს.
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი აბიტურიენტებს მრავალფეროვან საგრანტო და წამახალისებელ პროგრამებს სთავაზობს, შედეგად სწავლის პროცესი უფრო ხელმისაწვდომი და მოტივირებული ხდება. შეთავაზებები მოიცავს, როგორც სრული დაფინანსების შესაძლებლობას, ისე დამატებით ბენეფიტებსა და აკადემიურ წახალისებას.
ყველაზე მაღალი შედეგების აბიტურიენტებისთვის განსაკუთრებული პირობებია გათვალისწინებული. პირველი 700 აბიტურიენტი, რომლებიც უნივერსიტეტს პირველ პრიორიტეტად აირჩევენ, სწავლის სრულ დაფინანსებას მიიღებენ სამი წლის განმავლობაში. გარდა ამისა, პირველ 1000-ში მოხვედრილი აბიტურიენტები პირველი წლის სწავლის სრულ დაფინანსებას მიიღებენ, რაც მათთვის მნიშვნელოვანი ფინანსური მხარდაჭერა იქნება.
საბაუნი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს წარმატებულ მოსწავლეებსაც. ოქროს მედალოსნებისთვის, რომლებიც პირველ პრიორიტეტად აირჩევენ ამ უნივერსიტეტს, გათვალისწინებულია პირველი წლის სწავლის სრული დაფინანსება, რაც მათი შრომისა და მიღწევების აღიარებას წარმოადგენს.
დამატებითი წამახალისებელი პროგრამები მოქმედებს სხვადასხვა ფაკულტეტზეც. სამართლის, სოციალურ მეცნიერებათა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტებზე საუკეთესო რეიტინგის მქონე სტუდენტები თითოეული ფაკულტეტიდან ერთი ლეპტოპით დაჯილდოვდებიან, რაც მათ აკადემიურ საქმიანობას კიდევ უფრო გაამარტივებს.
უნივერსიტეტი საერთაშორისო განათლების მნიშვნელობასაც უსვამს ხაზს. ყველა სტუდენტი, რომელიც უნივერსიტეტს პირველ პრიორიტეტად აირჩევს, უფასოდ შეძლებს დამატებითი უცხო ენის ინტენსიური კურსის გავლას, რაც მათ პროფესიულ და პიროვნულ განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.
განსაკუთრებული პირობებია შეთავაზებული თეოლოგიის პროგრამების სტუდენტებისთვისაც. თეოლოგიის საბაკალავრო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტებს პირველი სემესტრი სრულად დაუფინანსდებათ, ხოლო მაღალი აკადემიური მოსწრების შემთხვევაში დამატებით სამწლიანი შიდა გრანტით ისარგებლებენ.
სოციალური მხარდაჭერის მიზნით უნივერსიტეტი ოჯახურ შეღავათებსაც აწესებს. თუ ერთი ოჯახის ორი ან მეტი წევრი ერთდროულად სწავლობს უნივერსიტეტში, თითოეული მათგანი მიიღებს 10%-იან შეღავათს სწავლის საფასურზე.
აბიტურიენტები, რომლებიც აირჩევენ საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამას (2500 ლარი) I პრიორიტეტად – ერთი წლის განმავლობაში ისარგებლებენ შიდა გრანტით, გადაიხდიან 1950 ლარს (სემესტრში მხოლოდ 975 ლარი).
აბიტურიენტები, რომლებიც აირჩევენ საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამას (2500 ლარი) I პრიორიტეტად – ერთი წლის განმავლობაში ისარგებლებენ შიდა გრანტით, გადაიხდიან 1950 ლარს (სემესტრში მხოლოდ 975 ლარი).
აბიტურიენტები, რომლებიც აირჩევენ საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ქართულენოვან საბაკალავრო პროგრამას (2500 ლარი) I პრიორიტეტად – ერთი წლის განმავლობაში ისარგებლებენ შიდა გრანტით, გადაიხდიან 1950 ლარს (სემესტრში მხოლოდ 975 ლარი)
აბიტურიენტები, რომლებიც აირჩევენ საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ქართულენოვან საბაკალავრო პროგრამას (2250 ლარი) I პრიორიტეტად – ერთი წლის განმავლობაში ისარგებლებენ შიდა გრანტით, გადაიხდიან 1700 ლარს (სემესტრში მხოლოდ 850 ლარი)
აბიტურიენტები, რომლებიც აირჩევენ საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტის ტურიზმის ქართულენოვან საბაკალავრო პროგრამას (2250 ლარი) I პრიორიტეტად – ერთი წლის განმავლობაში ისარგებლებენ შიდა გრანტით, გადაიხდიან 1700 ლარს(სემესტრში მხოლოდ 850 ლარი)
სხვა ფინანსური შეთავაზებები:
ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამების შემთხვევაში, არსებული ფინანსური შეღავათების შესახებ, ვრცლად შეგიძლიათ, ინფორმაციას, საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტის ვებგვერდზე გაეცნოთ.
ზოგიერთ კერძო უნივერსიტეტში შიდა დაფინანსების ახალ მოდელზე მუშაობენ და ჯერჯერობით, კონკრეტული ინფორმაცია არ აქვთ. ამიტომ, სია განახლებადია.
თამარ იაკობაშვილი