გადაიწევს თუ არა 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყების თარიღი და ხომ არ გართულდება ტესტები - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მნიშვნელოვან დეტალებზე საუბრობს - მშობლები

გადაიწევს თუ არა 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყების თარიღი და ხომ არ გართულდება ტესტები - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მნიშვნელოვან დეტალებზე საუბრობს

2026-03-18 09:52:20+04:00

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, თამარ მემანიშვილი, გადაცემაში "იმედის დღე" საუბრობს, რა ძირითადი ცვლილებები განიცადა ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების წესმა:

- მთავარი ცვლილება, რაც ერთიანი ეროვნული გამოცდების დებულებამ განიცადა, არის ის, რომ ე.წ. საგრანტო კონკურსი გაუქმდა. საგრანტო კონკურსი გაუქმდა გამომდინარე იქიდან, რომ მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურებზე, ანუ პირველ-მეორე საფეხურზე, უმაღლესი განათლების მიღება სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო პროგრამებზე, სწავლის საფასურის სრულად დაფარვას სახელმწიფო უზრუნველყოფს.

მოგეხსენებათ, ადრე ასე იყო განსაზღვრული: ზოგიერთი სტუდენტი 100%-იან გრანტს, ზოგიერთი 50%-იან გრანტს იღებდა… ამ შემთხვევაში სწავლა მთლიანად ფინანსდება. კიდევ ერთხელ დავაზუსტებ, იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, რომლებიც სახელმწიფოს მიერაა დაფუძნებული. მაგრამ, ქულების რაოდენობა არ გაზრდილა.

წელს რეგისტრაციის ვადებიც შეიცვალა. წლების მანძილზე, წინა წელსაც, აბიტურიენტი რეგისტრაციას მარტის თვეში გადიოდა. მიმდინარე წელს რეგისტრაციას აპრილის თვეში დავიწყებთ. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ის კონკრეტული პროგრამები განისაზღვრა, რომლებზეც მიღებას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები გამოაცხადებს. ეს კიდევ ერთხელ შეეხება მხოლოდ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს და ასევე განისაზღვრა თითოეულ პროგრამაზე უნივერსიტეტის მიერ მისაღებ სტუდენტთა რიცხოვნობა.

ის, რომ აბიტურიენტთა რეგისტრაცია აპრილის თვეში დაიწყება, კალენდრის ცვლილებას არ გამოიწვევს. აქვე იმასაც განმარტავ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მხრიდან რამ გამოიწვია დაგვიანება: ველოდებოდით, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომ თავიანთი პროგრამების შესახებ ჩვენს ელექტრონულ ბაზაში ინფორმაცია აესახათ. კონკრეტულად აქ იგულისხმება ის პროგრამები, რა პროგრამებზეც 2026-2027 სასწავლო წლისთვის უნივერსიტეტები გამოთქვამენ მზაობას, რომ სტუდენტებს მიიღებენ. აი ეს ვადები იყო წელს განსხვავებული. თუმცა რაც შეეხება თვითონ ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების ეგრეთწოდებულ კალენდარს, რასაც ხშირად კითხულობენ ხოლმე აბიტურიენტები, ეს წლების მანძილზე ივლისის თვეში ტარდებოდა და ახლაც ივლისის თვეში ჩატარდება.

ვინც სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბარებს, 100%-იან დაფინანსებას მიიღებს და მიღების პროცედურები არ გართულდება. აქვე დავაზუსტებ, ერთიანი ეროვნული გამოცდების ნაწილში ჩვენთან, ცხელ ხაზზე, ძალიან ხშირად შემოდიოდა კითხვა, რომ ხომ არ გართულდა, მაგალითად, ტესტები, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი თითოეულ საგანში ხომ არ გაიზარდა… გამომდინარე იქიდან, რომ ზოგიერთ პროგრამაზე ადგილები შემცირდა.

ამ ნაწილში ცვლილებები არ განხორციელებულა. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი თითოეულ საგანში რაც იყო, ისევ იგივე დარჩა და შესაბამისად, არც ტესტების სირთულე იქნება წინა წლისგან განსხვავებული. იგივე პრინციპი იყო წინა წლებშიც.

თითოეულ უნივერსიტეტს, თითოეულ პროგრამაზე კონკრეტული ადგილები ჰქონდა გამოცხადებული. მაგალითისათვის სამართლის პროგრამა რომ ავიღოთ, სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, კონკრეტული მიმართულების პროგრამა პრიორიტეტად შეერჩიათ, თუმცა ყოველთვის იყო შანსი იმისა, რომ ადგილების სიმწირის გამო, ან განსაზღვრული რაოდენობის გამო, სტუდენტი ამ პროგრამაზე უბრალოდ ვერ ხვდებოდა.

რეგისტრაციამდე ჩვენს ვებგვერდზე აბიტურიენტთა ცნობარი დაიდება, სადაც აბსოლუტურად ყველა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა მოცემული. როგორც კერძო, ასევე საჯარო უნივერსიტეტების შემთხვევაში, მათი პროგრამები და ამ პროგრამებზე სტუდენტთა მისაღები რაოდენობებიც გამოქვეყნდება. ეს წინა წლებშიც ასე იყო და განსხვავებული აქ არაფერია.

კიდევ ერთხელ დავაზუსტებ იმასაც, რომ არჩევანის ნაწილში აბიტურიენტები ისევე, როგორც წინა წელს, არც წელს არიან შეზღუდულნი. სწორედ იმის გამო, რომ აბიტურიენტს თავი დაეზღვია და მაგალითად, თუ პრიორიტეტული კონკრეტული უნივერსიტეტის კონკრეტული პროგრამა იყო, სადაც იცოდა, რომ შესაძლებელია, ძალიან მაღალი კონკურსი ყოფილიყო და მოხვედრის შესაძლებლობა არ ჰქონდა, შესაბამის პროგრამებს ან მსგავს პროგრამებს სხვა უნივერსიტეტებში ირჩევდა. არჩევანის საშუალება ლიმიტირებული არ ხდება. ჩვეულებრივად შეუძლია, სასურველი რაოდენობის საბაკალავრო პროგრამები აირჩიოს.

ეროვნული გამოცდების ნაწილში ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება გვაქვს და წელს აბიტურიენტებს საბაკალავრო პროგრამებთან ერთად, შეუძლიათ, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები აირჩიონ. ოღონდ, ეს ე.წ. მეოთხე და მეხუთე დონის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებია, რისთვისაც სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ქონაა აუცილებელი. როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო კოლეჯებში სწავლას სახელმწიფო სრულად აფინანსებს.

გარდა ამისა, ჩვენს ვებგვერდზე ხელმისაწვდომია, კონკრეტულად რომელი უნივერსიტეტი რა პროგრამაზე გამოაცხადებს მიღებას და რა რაოდენობის ადგილები აქვს გათვალისწინებული.

როდესაც აბიტურიენტი რეგისტრაციის პროცესს დაიწყებს, აირჩევს კონკრეტულ საგნებს, იმ კონკრეტული საგნების შესაბამის პროგრამათა ჩამონათვალს თავად აჩვენებს სისტემა, რომ მას არჩევანი გაუმარტივდეს.

ის ცნობარი, რასაც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გამოაქვეყნებს, დგება უნივერსიტეტების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. შესაბამისად, თვითონ უნივერსიტეტი განსაზღვრავს კონკრეტულ საგანმანათლებლო პროგრამაზე რა საგნებია ჩასაბარებელი. ეს ნაწილიც არ შეცვლილა.

ბევრი სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება, მაგრამ ერთიანი ეროვნული გამოცდების დებულება დიდად არ შეცვლილა. არ შეცვლილა საგნების ჩამონათვალი. ალბათ, მეტ-ნაკლებად ყველა აბიტურიენტის სურვილია, სახელმწიფო უმაღლეს დაწესებულებაში მოხვდეს. იქიდან გამომდინარე, რომ სწავლა სრულად ფინანსდება. თუმცა, არჩევანის ნაწილში უმჯობესია, მან სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთად, მისთვის სასურველი პროგრამები კერძო სასწავლებლებშიც აირჩიოს. "ერთი ქალაქი-ერთი ფაკულტეტის” პრინციპი სახელმწიფო უნივერსიტეტებს ეხება. მაგალითად, თუ აბიტურიენტი სამართლის პროგრამას კონკრეტულ სახელმწიფო უნივერსიტეტში აირჩევს, მას კერძო უნივერსიტეტებში კიდევ ბევრი არჩევანი ექნება. ასევე, შეუძლია, სრულიად განსხვავებული მიმართულებები აირჩიოს. მაგალითად, სამართალი და ბიზნესის ადმინისტრირება.

რომ შევაჯამო, აბიტურიენტი ირჩევს სახელმწიფო და კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, მისთვის სასურველ, ბევრ პროგრამას. ირჩევს საჯარო და კერძო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს. საბოლოო ჯამში, საერთო ჩამონათვალი ძალიან დიდია.

რა დაფინანსება გექნებათ კერძო უნივერსიტეტში ჩარიცხვისას, მას შემდეგ, რაც სახელმწიფო გრანტი კერძო უმაღლეს სასწავლებლებში გაუქმდა