მეგან მარკლისა და პრინცი ჰარის ცხოვრება აშშ-ში თავიდან ჰოლივუდურ ზღაპარს ჰგავდა: სამეფო მოვალეობებზე უარი, მზიან კალიფორნიაში გადასვლა და ახალი, დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყების მცდელობა. თუმცა რამდენიმე წლის შემდეგ, წყვილის გარშემო სულ უფრო ხშირად ვრცელდება არასასიამოვნო ხმები. როგორც ირკვევა, სასექსებისგან ნელ-ნელა დისტანცირდებიან არა მხოლოდ ჰოლივუდის წარმომადგენლები, არამედ მათი მეზობლებიც.
ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციით, მონტესიტოში, სადაც ჰარი და მეგანი 2020 წლიდან ცხოვრობენ, მათ მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა - გარეგნული თავაზიანობის უკან აშკარა დისტანცირება იმალება.

„ისინი ერიდებიან მათ. არავის სურს, რომ მათთან ერთად ნახონ“, — ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი მცხოვრები.
ინსაიდერების თქმით, ასეთი დამოკიდებულება ერთ დღეში არ ჩამოყალიბებულა, მიზეზები დროთა განმავლობაში დაგროვდა. ბოლო პერიოდში წყვილის რეპუტაცია სერიოზულ გამოცდას გადის: კრიტიკული სტატიები მედიაში, დაძაბული ურთიერთობები ბიზნესპარტნიორებთან და მათი სკანდალური საჯარო განცხადებები არაერთგვაროვან ფონს ქმნის.
ერთ-ერთი ბოლო განხილვის თემა იყო სტატია, სადაც ირწმუნებოდნენ, რომ Netflix-ის ხელმძღვანელი ტედ სარანდოსი მეგანთან კომუნიკაციას იურისტების გარეშე ერიდებოდა. თუმცა ორივე მხარემ ეს ინფორმაცია უარყო და არასწორად მიიჩნია.
მიუხედავად ამისა, წყაროების თქმით, მეზობლების მხრიდან ცივი დამოკიდებულება მოულოდნელი არ ყოფილა — ის ეტაპობრივად გაძლიერდა.

„საქმე სიძულვილში არ არის. უბრალოდ იზრდება განცდა, რომ ისინი არიან ადამიანები, რომლებსაც მხოლოდ ფული აინტერესებთ და საკუთარ თავსაც ბოლომდე ვერ აცნობიერებენ. ხალხი მათით დაიღალა, მეზობლებიც დაღალეს“, — ამბობს ერთ-ერთი წყარო.
ამასთან, თავად წყვილის გარემოცვა საპირისპიროს ამტკიცებს. სასექსებთან დაახლოებული პირები აცხადებენ, რომ მეგანსა და ჰარის კვლავ თბილი ურთიერთობა აქვთ მეზობლებთან, თავად კი ცდილობენ მაქსიმალურად დახურული ცხოვრების წესის შენარჩუნებას და ძალიან არიან მიჯაჭვულნი საკუთარ სახლს.
შეგახსენებთ, რომ მონტესიტოში მდებარე თითქმის 15 მილიონ დოლარად შეფასებული სახლი წყვილმა აშშ-ში გადასვლის შემდეგ მალევე შეიძინა. მაშინ ხაზგასმით აღინიშნებოდა, რომ მათ სწორედ მშვიდი და უსაფრთხო გარემო აირჩიეს, სადაც მეზობლებთან ურთიერთპატივისცემაზე იქნებოდა დაფუძნებული ცხოვრება. თავდაპირველად ყველაფერი მართლაც კარგად მიდიოდა.
ამავე რაიონში მრავალი ცნობილი ადამიანი ცხოვრობს — ოპრა უინფრი, კეტი პერი, გვინეთ პელტროუ, ჯენიფერ ენისტონი... ეს საზოგადოება კარჩაკეტილობით და დაუწერელი წესებით გამოირჩევა — აქ ძალიან აფასებენ პირად სივრცეს და ზედმეტ ყურადღებას არ მიესალმებიან.

სასექსების მონტესიტოში ჩასვლის პირველ წლებში მათ მიმართ ინტერესი და სიმპათიაც კი იგრძნობოდა. მაგალითად, შერონ სტოუნი აღნიშნავდა, რომ წყვილი ცდილობდა, საზოგადოების ნაწილი გამხდარიყო და არა მხოლოდ სტატუსისთვის გამოეყენებინა ეს გარემო. თუმცა დროთა განმავლობაში ეს იმიჯი შეიცვალა. მეგანის საჯარო აქტიურობამ, ახალი კომერციული პროექტების დაწყებამ და ოჯახის ირგვლივ მუდმივმა საინფორმაციო ხმაურმა ადგილობრივების ნაწილის გაღიზიანება გამოიწვია.
განსაკუთრებული განხილვის საგანი გახდა მეგან მარკლის ერთ-ერთი ბოლო პუბლიკაცია, სადაც იგი შვილთან ერთად ბაღში პოზირებდა და ამავდროულად საკუთარი ბრენდის ძვირადღირებულ პროდუქტებს უწევდა რეკლამას. ამან კიდევ უფრო გაამძაფრა საუბარი პირადი ცხოვრების კომერციალიზაციაზე.

დამატებით დაძაბულობას ქმნის მეზობლების საკმაოდ მკვეთრი შეფასებებიც. ერთ-ერთი მათგანი აღნიშნავს, რომ მეგანი თითქმის არ მონაწილეობს ადგილობრივი საზოგადოების ცხოვრებაში და იშვიათად ჩნდება საჯაროდ, რის გამოც მისი აღქმა, როგორც საზოგადოების სრულფასოვანი წევრის, რთულია. ამავე დროს, ჰარის უფრო გახსნილ ადამიანად ახასიათებენ, თუმცა მისი ჩართულობაც საზოგადოებრივ ცხოვრებაში მინიმალურია.