შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2026 წლის ერთიანი ეროვნული და გამოცდებისთვის რეგისტრაციას 6 აპრილს იწყებს. გამოქვეყნდა აბიტურიენტთა ცნობარიც, სადაც უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი და გამოცდებთან დაკავშირებით დეტალური ინსტრუქციაა ასახული.
ამ მასალაში რამდენიმე ისეთ საკითხს, რომლებიც აბიტურიენტთა სხვადასხვა ჯგუფში ხშირად ჟღერდება, გავაერთიანებთ და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ:
სარეგისტრაციო განაცხადის შევსებისას აბიტურიენტმა უნდა გაითვალისწინოს:
- გაზრდილია თუ არა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდის ცალკეული საგნისათვის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი;
- მითითებულია თუ არა საგანმანათლებლო პროგრამაზე სპეციალური მოთხოვნები;
- უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასაბარებელი საგამოცდო საგნისთვის მინიჭებული კოეფიციენტი (კოეფიციენტების მინიჭებით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება განსაზღვრავს საგანმანათლებლო პროგრამისათვის მეტად თუ ნაკლებად პრიორიტეტულ საგამოცდო საგნებს, საკონკურსო ქულები სწორედ კოეფიციენტების მიხედვით დაითვლება);
- საგანთა პრიორიტეტი (საგანთა პრიორიტეტის გათვალისწინება მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ორი ან მეტი აბიტურიენტი დააგროვებს ერთნაირ საკონკურსო ქულას საგანმანათლებლო პროგრამისათვის გამოყოფილი ადგილების მიჯნაზე).
- პროფესიულ პროგრამებზე აბიტურიენტის მიერ საგამოცდო საგნის გადასალახი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი შეადგენს უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასაბარებელი შესაბამისი საგნისთვის დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვრის ნახევარზე მეტს.
გახსოვდეთ, თქვენს მიერ საგანმანათლებლო პროგრამების არჩევანი შეზღუდული არ არის. შეგიძლიათ აირჩიოთ როგორც საბაკალავრო, ისე პროფესიული და ქართულ ენაში მომზადების პროგრამა!
ასევე, უნდა გაითვალისწინოთ:
- ქართულ ენაში მომზადების პროგრამა შეიძლება აირჩიონ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებმა და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრებმა პირებმა;
- საგანმანათლებლო პროგრამაზე მისაღები აბიტურიენტებისათვის განსაზღვრული ადგილების რაოდენობა;
- საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის საფასური;
- საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლების ენა;
- თუ რომელ ქალაქში მიმდინარეობს სწავლა ამ საგანმანათლებლო პროგრამის მიხედვით.
სავალდებულოა თუ არა პროფესიული სასწავლებლების არჩევა რეგისტრაციისას?
აბიტურიენტისათვის პროფესიული სასწავლებლების ჩამონათვალში დამატება ნებაყოფლობითია და არა სავალდებულო. მას შეუძლია, პროფესიული სასწავლებლებიდან სასურველი მიმართულებები აირჩიოს, თუმცა, ეს აუცილებელი მოთხოვნა არ არის.
გარდა ამისა, როგორც იცით, აბიტურიენტს პროგრამათა ჩამონათვალში ცვლილებების განხორციელება, საგანმანათლებლო პროგრამების დამატების ან წაშლის შესაძლებლობა აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის 18:00 საათამდე ექნებათ.
თუ აბიტურიენტი ხედავს, რომ ძალიან დაბალი ქულები აქვს ან საბაკალავრო პროგრამისთვის გათვალისწინებული მინიმალური ზღვარი ვერ გადალახა, თავის დაზღვევის მიზნითაც შეუძლია, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები დაამატოს.
შეგახსენებთ, რომპროფესიულ პროგრამებზე აბიტურიენტის მიერ საგამოცდო საგნის გადასალახი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი შეადგენს უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასაბარებელი შესაბამისი საგნისთვის დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვრის ნახევარზე მეტს.
ამასთან დაკავშირებით, აბიტურიენტთა ცნობარში დეტალური ინფორმაციაა, თუ რომელ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, საგნების მიხედვით, მინიმალური ზღვარი რამდენია.
მაგალითად, თბილისის პირველ სამედიცინო სასწავლებელში, ფარმაციის პროგრამაზე, მათემატიკაში მინიმალური ზღვარი 10%-ზე მეტია, ფიზიკაში, ქიმიასა და ბიოლოგიაში კი - 13%-ზე მეტი. შედარებისთვის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, ფარმაციის საბაკალავრო პროგრამაზე ბიოლოგიაში, ფიზიკასა და ქიმიაში მინიმალური ზღვარი 25%-ზე მეტია.
რა შემთხვევაში გაუქმდება აბიტურიენტის სარეგისტრაციო განაცხადი?
აბიტურიენტის სარეგისტრაციო განაცხადი გაუქმდება, ან რანჟირების დოკუმენტის შედგენისას მისი შედეგები არ იქნება განხილული, თუ მან:
- გამოცდამდე დაწერა განცხადება და მოითხოვა რეგისტრაციის გაუქმება (განცხადებას თან უნდა დაერთოს აბიტურიენტის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი);
- ვერ მოიპოვა/არ აქვს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი/მასთან გათანაბრებული დოკუმენტი;
- შესაბამის ვადებში არ წარმოადგინა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიღებულია 2011 წლამდე, ან თუ მის საგამოცდო ბარათზე დატანილია მოთხოვნა ატესტატის ცენტრში წარმოდგენის თაობაზე;
- შესაბამის ვადებში არ წარმოადგინა სრული ზოგადი განათლების ან მისი აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი (აბიტურიენტებმა, რომლებმაც სრული ზოგადი განათლება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიიღეს; აბიტურიენტებმა, რომლებსაც აქვთ საქართველოში განხორციელებული, მაგრამ საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის შედეგად გაცემული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც გათანაბრებულია ატესტატთან და იძლევა განათლების შემდგომ საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლებას);
- სრული ზოგადი განათლება უცხო ქვეყანაში მიიღო და შესაბამისი განათლების აღიარების დოკუმენტი არ წარმოადგინა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში მიმდინარე წლის 11 აგვისტოს 18:00 საათამდე
როგორ უნდა მოიქცეს აბიტურიენტი, თუ საგანმანათლებლო პროგრამისათვის არჩეულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა?
აბიტურიენტი ვალდებულია ჩააბაროს მხოლოდ ერთი უცხოური ენა;
საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ საგანმანათლებლო პროგრამაზე ორი ან მეტი უცხოური ენის არჩევის შემთხვევაში აბიტურიენტი ვალდებულია, ჩააბაროს დასახელებულთაგან ერთ-ერთი უცხოური ენის გამოცდა, რომელსაც თავად აირჩევს; უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, საგანმანათლებლო პროგრამაზე არ აირჩიოს გამოცდა კონკრეტულ უცხოურ ენაში. ამ შემთხვევაში 4 უცხოური ენიდან (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული) აბიტურიენტი ირჩევს მისთვის სასურველ ერთ-ერთ უცხოურ ენას.
შეუძლია თუ არა აბიტურიენტს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება სხვა ენაზე, გარდა ქართულისა?
- ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარება შესაძლებელია სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე;
- აბიტურიენტს, რომელსაც ზოგადი განათლება მიღებული აქვს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, უფლება აქვს ისტორიის, გეოგრაფიის, ფიზიკის, ბიოლოგიის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების, სამოქალაქო განათლების, მათემატიკისა და ქიმიის გამოცდა ჩააბაროს რუსულ ენაზე. ამ შემთხვევაში აბიტურიენტმა განცხადებით უნდა მიმართოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს მიმდინარე წლის 15 მაისის 18:00 საათამდე. გამოცდა ტარდება ოსურ და აფხაზურ ენებში (ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამისათვის).
თამარ იაკობაშვილი