მიწაში თამაში და ნაკლები სტერილურობა: რატომ არიან სოფელში გაზრდილი ბავშვები უფრო ჯანმრთელები?
მიწაში თამაში, შინაურ ცხოველებთან კონტაქტი და ბაღიდან პირდაპირ მოწყვეტილი ხილი - ბევრისთვის ეს მხოლოდ ბავშვობის ტკბილი მოგონებაა, თუმცა პედიატრებისთვის ეს იმუნიტეტის საუკეთესო სკოლაა. მითია თუ რეალობა სოფლად გაზრდილი ბავშვების განსაკუთრებული გამძლეობა? როგორ მოქმედებს სტერილური გარემო მიკრობიომზე და რატომ არის ალერგია „ქალაქის დაავადება“?
ამ და სხვა მნიშვნელოვან კითხვებს პედიატრითამარ ობგაიძე პასუხობს.
- ქალბატონო თამარ, არსებობს ფართოდ გავრცელებული მოსაზრება, რომ სოფელში გაზრდილი ბავშვები უფრო ჯანმრთელები არიან. ეს რეალური სამედიცინო მოცემულობაა თუ უბრალოდ ნოსტალგიური მითი?
- სოფელში გაზრდილი ბავშვების „უკეთესი იმუნიტეტის“ იდეა მხოლოდ ნოსტალგია არ არის. მას აქვს გარკვეული მეცნიერული საფუძველი, თუმცა საჭიროებს სწორ ინტერპრეტაციას.
თანამედროვე იმუნოლოგიაში ეს საკითხი უკავშირდება ე.წ. ჰიგიენურ ჰიპოთეზას, რომლის მიხედვითაც ადრეულ ასაკში გარემოსთან მრავალფეროვანი მიკრობული კონტაქტი ხელს უწყობს იმუნური სისტემის სწორ რეგულაციას. ბუნებრივ გარემოში გაზრდილ ბავშვებს უფრო ხშირად აქვთ კონტაქტი ნიადაგთან, ცხოველებთან და სხვადასხვა მიკროორგანიზმებთან, რაც, შესაძლოა, ამცირებდეს ინფექციური, ალერგიული და ავტოიმუნური დაავადებების განვითარების რისკს.
თუმცა ეს არ ნიშნავს, თითქოს სოფელში გაზრდილი ბავშვები არ ავადდებიან ან დაცულნი არიან ინფექციებისაგან. პირიქით, ზოგიერთი ინფექციური დაავადების რისკი სოფლად შესაძლოა იყოს უფრო მაღალი, თუ არ არის დაცული შესაბამისი ჰიგიენური პირობები და სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობა შეზღუდულია.
ამიტომ სწორი ხედვა არის ბალანსში - ბავშვის იმუნური სისტემის განვითარებისათვის სასარგებლოა ბუნებრივ გარემოსთან კონტაქტი და თანამედროვე მედიცინის ძირითადი პრინციპების - ვაქცინაციის, ჰიგიენის და უსაფრთხოების დაცვა.
ხატოვნად რომ ვთქვა, სოფელი იმუნიტეტს კი არ აძლიერებს, ის მას წვრთნის, თუ ამას ახლავს შესაბამისი უსაფრთხო გარემო.
- რა არის ის მთავარი ფაქტორი, რაც სოფელში ბავშვის გამძლეობას განაპირობებს - ჰაერი, საკვები თუ ნიადაგთან (მიკრობებთან) პირდაპირი კონტაქტი?
ალბათ ყველა ერთად. თუ უნდა გამოვყოთ მთავარი ფაქტორი, ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ადრეულ, ასაკში მიკრობულ მრავალფეროვნებსთან კონტაქტია, რაც იმუნური სისტემის სწორ ჩამოყალიბებაში ცენტრალურ როლს თამაშობს. ეს კონტაქტი ზრდის ადამიანის მიკრობიომის მრავალფეროვნებას, რაც ამცირებს ალერგიული და ანთებითი დაავადებების განვითარების რისკებს.
თუმცა ასევე მნიშვნელოვანია სუფთა ჰერი და ჯანსაღი საკვები. ჟანგბადით გაჯერებული ჰაერი დადებითად მოქმედებს სასუნთქ და სისხლწარმომქნელ სისტემებზე, აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას, ხოლო ნაკლებად პროცესირებული ჯანსაღი საკვები დადებითად მოქმედებს ნაწლავის მიკრობიოტზე, რომელიც იმუნური სისტემის ერთ-ერთი მთავარი რეგულატორია.
- ბევრი მშობელი შიშობს, როცა ბავშვი მიწაში თამაშობს ან შინაურ ცხოველებთან აქვს შეხება. სად გადის ზღვარი ჯანსაღ „გაკაჟებასა“ და ანტისანიტარიას შორის?
- ბავშვის იმუნური სისტემის განვითარებისათვის მნიშვნელოვანია გარემოსთან კონტაქტი, მათ შორის ნიადაგთან და ცხოველებთან, თუმცა ეს არ უნდა აგვერიოს ანტისანიტარიაში.
ბავშვს შეუძლია ითამაშოს მიწაში, ბაღში, პარკში, მაგრამ არა პოტენციურად დაბინძურებულ გარემოში, მაგალითად, ახლოს ნაგავსაყრელთან, ჰქონდეს ურთიერთობა ჯანმრთელ, ვაქცინირებულ შინაურ ცხოველებთან, უნდა დაიცვას ჰიგიენის საბაზისო წესები - თამაშის შემდეგ ხელების დაბანა აუცილებელია, მაგრამ სტერილური გარემოს შექმნა საჭირო არ არის. ნაკაწრების, ჭრილობების შემთხვევაში ნიადაგთან პირდაპირი კონტაქტის არ არის რეკომენდებული. და ბოლოს, ვაქცინაცია, რომელიც გვიცავს იმ ინფექციებისაგან, რომელთა გამომწვევი გარემოში შეიძლება არსებობდეს. მაგალითად, ნიადაგთან ურთიერთობისას უნდა გვახსოვდეს ტეტანუსი.
მოკლედ იმუნიტეტი გარემოთი კი არ ძლიერდება, არამედ სწორად რეგულირდება მრავალფეროვან, მაგრამ უსაფრთხო სტიმულებზე რეაგირებით. განაგრძეთ კითხვა