ბოლო დროს ხშირად გვესმის, რომ თანამედროვე ბავშვებს წაკითხულის გააზრება უჭირთ. სპეციალისტები კი ამბობენ რომ პრობლემა ბავშვებში არ არის, არამედ ინფორმაციის მიღებისა და დამუშავების ფორმაშია.
თანამედროვე ბავშვებს წაკითხულის გაგების უნარი არ დაუკარგავთ, თუმცა ციფრულმა გარემომ მნიშვნელოვნად შეცვალა მათი აზროვნება.
ექსპერტების განმარტებით, ეკრანთან ხშირი კონტაქტი ბავშვებში სწრაფი გადახედვის ჩვევას და „კლიპურ აზროვნებას“ აყალიბებს. შემცირებულია ყურადღების კონცენტრაციაც. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ბავშვებს ტექსტის გაგება აღარ შეუძლიათ. პრობლემა უფრო იმაშია, რომ ეკრანზე კითხვა ხშირად ტექსტის ზედაპირულ გადაკითხვას განაპირობებს, მაშინ როცა ფურცელზე კითხვა ინფორმაციის უფრო ღრმა გააზრებას უწყობს ხელს. ეკრანზე კითხვას მიჩვეულ თაობას კი ფურცელზე მოცემული ტექსტის გააზრება უჭირს.
თანამედროვე ბავშვებს ყველაზე ხშირად ასევე კონცენტრაციის შენარჩუნება და გრძელი ლოგიკური ჯაჭვების აღქმა უჭირთ. ეს ნიშნავს, რომ ბავშვმა შეიძლება ცალკეული მონაკვეთები კარგად გაიგოს, მაგრამ გაუჭირდეს მათი ერთმანეთთან დაკავშირება და მთლიანი სურათის აღქმა.
ასეთ შემთხვევებში უნდა გამოვიყენოთ მარტივი და პრაქტიკული მიდგომები. სასარგებლოა ბავშვისთვის კითხვების დასმა წაკითხულის შესახებ, ტექსტის ერთად განხილვა, გადაკითხვა და განმეორება, ასევე სწავლება, როგორ გამოყოს მთავარი აზრი. ეფექტურია ტექსტის მცირე ნაწილებად დაყოფაც, რათა ბავშვმა ეტაპობრივად აღიქვას ინფორმაცია და არ გადაიტვირთოს. კარგ შედეგს იძლევა, როცა ბავშვს ვთხოვთ, საკუთარი სიტყვებით გადმოსცეს წაკითხული, ან გვიამბოს, რა მოხდა ისტორიაში და რატომ. ეს ეხმარება მას, ერთმანეთთან დააკავშიროს დეტალები და უკეთ დაიმახსოვროს შინაარსი.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ კითხვა არ იყოს მხოლოდ „სავალდებულო დავალება“. თუ ტექსტი ბავშვის ინტერესებს შეესაბამება, კონცენტრაციაც ბუნებრივად იზრდება. სასურველია, კითხვის შემდეგ მცირე პაუზები გაკეთდეს და შემდეგ ისევ დაბრუნდეთ ტექსტთან, რაც უკეთ ამყარებს წაკითხულის გაგებას. შეგიძლიათ გამოიყენოთ ძალიან მარტივი ხერხებიც, მაგალითად, მნიშვნელოვანი ადგილების ხაზგასმა ან პატარა ჩანაწერების გაკეთება კითხვის პროცესში.
ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი კი არა ტექსტის ფორმატია, არამედ უფროსის ჩართულობა. თუ ოჯახში არსებობს წაკითხულის განხილვის კულტურა, ბავშვი ტექსტს უკეთ გაიგებს. როცა ბავშვი გრძნობს, რომ მის აზრს უსმენენ და აფასებენ, ის უფრო აქტიურად ერთვება პროცესში და თანდათან თავადაც იწყებს აზრების გამოთქმას და ტექსტის გააზრებას.
თანამედროვე ტექნოლოგიები ბავშვების მეტყველებაზეც ახდენს გავლენას. გაჯეტები და მშობლების ჩვევა, ბავშვის სურვილები უსიტყვოდ გამოიცნონ, ამცირებს ბავშვის საუბრის საჭიროებას. ეკრანი არ მოითხოვს პასუხს და არ ასტიმულირებს მეტყველებას.
ბავშვის სრულფასოვანი განვითარებისთვის აუცილებელია ცოცხალი კომუნიკაცია და წახალისება, რომ მან საკუთარი სურვილები სიტყვებით გამოხატოს. სპეციალისტი ასევე აღნიშნავს, რომ ნევროლოგთან მიმართვა საჭიროა იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი საკუთარ სახელზე არ რეაგირებს ან ერიდება კომუნიკაციას.
დასასრულს შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე ბავშვებს კითხვის უნარი არ დაუკარგავთ. უბრალოდ, მათი აზროვნება და ინფორმაციის აღქმის ფორმა შეიცვალა. მთავარი ამ პროცესში არის მშობლებისა და აღმზრდელების ჩართულობა, რადგან სწორედ ეს ქმნის საფუძველს ბავშვის სწორი განვითარებისა და სწავლისთვის.