რა არის საჭირო იმისთვის, რომ ბავშვმა ისწავლოს ქცევის წესების დაცვა, იყოს ზრდილობიანი, მიირთვას ბოსტნეული და დროულად დაიძინოს? ალბათ, იტყვით, რომ დისციპლინა. და მართალიც იქნებით. თუმცა აქ არის ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი.
როდესაც დისციპლინაზე ვსაუბრობთ, ბევრ მშობელს ეს სიმკაცრის ხარჯზე წარმოუდგენია. მაგალითად, ბავშვი თუ მეზობელ ბებოს არ მიესალმა ან სათამაშოები არ აალაგა, მშობლისგან უკმაყოფილებას და საყვედურს მიიღებს. შედეგად, ბავშვს უყალიბდება კავშირი: „თუ შევცდი — დამსჯიან“.ამიტომაც ბავშვები წესებს იცავენ არა იმიტომ, რომ მათ მნიშვნელობას აცნობიერებენ, არამედ იმიტომ, რომ ასე დაავალეს და ზოგს ეშინია კიდეც დასჯის.
ამ დროს იაპონიაში სრულიად განსხვავებული მიდგომა არსებობს. ალბათ გინახავთ ვიდეოები, სადაც პატარა ბავშვები მშვიდად ასრულებენ აღმზრდელის მითითებებს, მოუსვენრად არ არისნ და სხვებს ხელს არ უშლიან.
ეს არ ნიშნავს, რომ ისინი მკაცრად იზრდებიან. საუკუნეების განმავლობაში იაპონიაში ბავშვებს ზრდიდნენ მეთოდით, რომელსაც „სიცუკე“ ეწოდება — ამ მიდგომით წესები ბავშვის ბუნებრივ ნაწილად იქცევა.
„სიცუკე“ იაპონურად „დისციპლინას“ ნიშნავს, თუმცა მისი არსი ბევრად უფრო ღრმაა.
ეს არის აღზრდის მეთოდი, სადაც მთავარი აქცენტი წესების იდეალურად შესრულებაზე კი არ კეთდება, არამედ თანმიმდევრულ და კეთილგანწყობილ სწავლებაზე, რომლის საფუძველიც ყოველდღიური რუტინაა.
ამ მეთოდით მშობლები ქმნიან ბავშვისთვის გასაგებ და პროგნოზირებად გარემოს, სადაც ის თანდათან სწავლობს თვითორგანიზაციას — ზედმეტი კონტროლის გარეშე.
მიზანი ის არის, რომ ბავშვი არ ემორჩილებოდეს გარედან თავსმოხვეულ წესებს, არამედ მოქმედებდეს შინაგანად მიღებული წესრიგის მიხედვით: „მე ამას იმიტომ არ ვაკეთებ, რომ დამსჯიან, არამედ იმიტომ, რომ ასე სწორად მიმაჩნია“.
სიცუკე ხელს უწყობს თვითდისციპლინის განვითარებას — უნარს, რომელიც აუცილებელია არა მხოლოდ ბავშვებისთვის, არამედ ზრდასრულებისთვისაც.
რუტინა, წესრიგი და ყოველდღიური რიტუალები ამშვიდებს ნერვულ სისტემას და ამცირებს შფოთვას.
თუ ადამიანი მხოლოდ გარეგან მოთხოვნებზეა დამოკიდებული, ხშირად ჩნდება წინააღმდეგობა. მაშინაც კი, როცა არ გვაქვს რაიმე სერიოზული პრობლემა, წესის დარღვევა მაინც გვინდება — გვინდა გვიან დავიძინოთ, არ გავიხეხოთ კბილები ან არაჯანსაღი საკვები ვჭამოთ.
ამ მეთოდის საფუძველი სიმშვიდე და თანმიმდევრულობაა. მშობელმა პირველ რიგში საკუთარი ქცევა უნდა შეცვალოს, რადგან ბავშვები სწავლობენ არა სიტყვებით, არამედ მაგალითით.
თუ თქვენ თავად არ იცავთ იმ წესებს, რომლებსაც ბავშვს ასწავლით, შედეგს ვერ მიიღებთ.
მაგალითად, ბავშვს ეუბნებით, რომ წითელ შუქნიშანზე ქუჩის გადაკვეთა არ შეიძლება, რადგან ეს საშიშია. თუმცა, როცა ერთად ხართ, ხშირად თავად გადარბიხართ გზაზე, რადგან ლოდინი არ გინდათ. ბავშვი რას სწავლობს? — რომ ეს წესი მხოლოდ მშობლების თანდასწრებით უნდა დაიცვას.
მნიშვნელოვანია დღის სტაბილური რეჟიმის შექმნა. როცა ბავშვი მიჩვეულია ერთსა და იმავე დროს ჭამას, ძილსა და თამაშს, ის ამას დამოუკიდებლადაც აკეთებს.
არანაკლებ მნიშვნელოვანია პრაქტიკა — ნებისმიერი ჩვევა განმტკიცდება მხოლოდ განმეორებით. საჭირო მომენტებში მშვიდად შეახსენეთ ბავშვს, როგორ უნდა მოიქცეს ან თავად აჩვენეთ მაგალითი.
არ გაამახვილოთ ყურადღება შეცდომებზე. თუ ბავშვს რამე დაავიწყდა ან არასწორად გააკეთა, ნუ გააკრიტიკებთ — მიეცით შანსი, იგივე მოქმედება სხვა სიტუაციაში სწორად შეასრულოს.
ასევე მნიშვნელოვანია დამოუკიდებლობის წახალისება. აუხსენით წესი და შემდეგ გვერდზე გადექით. მიეცით ბავშვს შესაძლებლობა, თვითონ გაუმკლავდეს თავის საქმეებს.
თუ საჭიროა შეცდომაზე საუბარი, გააკეთეთ ეს პირადად, სხვების გარეშე.
აუცილებელია მიზეზების ახსნა — თითოეულ წესს აქვს თავისი ლოგიკა. მაგალითად, დროულად დაძინება ჯანმრთელობისთვის არის მნიშვნელოვანი, ხოლო ნაგვის დაყრა არ შეიძლება, რადგან გარემოში სხვა ადამიანებიც და ცხოველებიც ცხოვრობენ.
ბავშვები ბევრად უკეთ ითვისებენ ქცევის წესებს, როცა შეუძლიათ გაიგონ,რატომ აკეთებენ ამას.
თუ ხშირად გაკლიათ მოტივაცია ან გიჭირთ რუტინის დაცვა — მაგალითად, ჯანსაღი კვება, ძილი ან ფიზიკური აქტივობა — შეგიძლიათ ყოველდღიურად დაამკვიდროთ 1–2 მარტივი რიტუალი.
მთავარია, საკუთარ თავსაც აუხსნათ, რატომ აკეთებთ ამას და პერიოდულად შეახსენოთ.
და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია — საკუთარი თავი არ გააკრიტიკოთ, თუნდაც შეცდეთ.