ბათუმის ზღვისპირა ქუჩებში, ალბათ ბევრს შეგხვედრიათ ერთი შეხედვით ჩვეულებრივი, მსუქანი და კეთილი ძაღლი, რომელსაც ადგილობრივებმა სიყვარულით კუპატა შეარქვეს. თუ არ შეგხვედრიათ, მისი ისტორია აუცილებლად გექნებათ გაგონილი. ქუჩის კეთილი მცველის, რომელიც სკოლიდან მომავალ ბავშვებს ზებრა-გადასასვლელზე აცილებდა და მანქანებს უყეფდა, რომ გზა დაეთმოთ.
დღეს კუპატა ცოცხალი აღარ არის, მაგრამ მისი ისტორია სრულიად ახალ საფეხურზე გადავიდა - კუპატამ ქუჩიდან პირდაპირ ლიტერატურასა და თეატრის სცენაზე გადაინაცვლა.
ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ გამომცემლობა „პალიტრა L“-მა გადაწყვიტა, ეს უნიკალური ამბავი სამუდამოდ შეენახა ფურცლებზე. წიგნის ავტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე, კუპატას თავგადასავალს ისეთი ემოციითა და სითბოთი მიუდგა, რომ რეალური ძაღლი ნამდვილ ზღაპრის გმირად აქცია.
„გამიმართლა, რომ ეს შესანიშნავი ძაღლი ჩემი წიგნის მთავარი გმირი გახდა“, - ამბობს ავტორი.

ეს არ არის უბრალოდ საბავშვო წიგნი. ეს არის ამბავი მეგობრობაზე, ერთგულებასა და იმ დიდ გულზე, რომელიც პატარა სხეულში ფეთქავს. წიგნის ილუსტრაციები კი ისეთივე ფერადი და კეთილია, როგორიც თავად კუპატაა. როცა ამ წიგნს შლი, გრძნობ, რომ სიკეთე გადამდებია და ის, რაც ბათუმის ერთ ჩვეულებრივ გადასასვლელზე ხდებოდა, ახლა მთელი ქვეყნის ბავშვების შთაგონების წყაროა.

თითქოს წიგნი საკმარისი არ იყო და კუპატამ კიდევ ერთი „ნახტომი“ გააკეთა, ამჯერად თეატრის სცენაზე. სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრმა ეს ისტორია გააცოცხლა. სპექტაკლი მიჰყვება გიორგი კეკელიძის წიგნის სიუჟეტს. კუპატას როლს თორნიკე ბელთაძე ასრულებს, თუმცა სცენაზე თავად კუპატაც წარდგება. სპექტაკლისთვის სპეციალურად შეიქმნა კუპატას თოჯინა-მარიონეტი, რომელიც სხვა პერსონაჟებთან - ძიძა გულოსთან, მენაყინესთან და კნუტ კნატისთან ერთად აგრძელებს სიკეთის თესვას. სპექტაკლი ხორციელდება გიორგი რატიანის სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრში და მსახიობები არიან ამავე თეატრის დასის წევრები. წარმოიდგინეთ დარბაზი, სადაც ბავშვები სუნთქვაშეკრული უყურებენ თავიანთი საყვარელი ოთხფეხა მეგობრის თავგადასავალს.

სპექტაკლი ზუსტად იმ ემოციას გადმოსცემს, რასაც კუპატა წლების განმავლობაში ასხივებდა.
ისტორია გრძელდება...
ბევრს ეგონა, რომ კუპატას პოპულარობა მხოლოდ ერთი ვირუსული ვიდეო იყო, რომელიც მალე დავიწყებას მიეცემოდა, თუმცა, ძაღლის ისტორია მისი სიკვდილის შემდეგაც გრძელდება. კუპატამ დაამტკიცა, რომ სიკეთეს უკვდავია და ის ყოველთვის პოულობს გზას, ხან წიგნის მაღაზიის თაროზე, ხან კი თეატრის აფიშაზე.
დღეს, როცა ამ სტატიას კითხულობთ, კუპატა თქვენს წარმოსახვაში ალბათ ისევ ბათუმის ქუჩებში სეირნობს. წიგნი კუპატაზე არაჩვეულებრივი საშუალებაა, მისი ისტორია მომავალ თაობებს გავაცნოთ, რადგან ეს არის ამბავი იმაზე, რომ ყველა კეთილი არსება იმსახურებს გახდეს ზღაპრის გმირი, განსაკუთრებით კი ისინი, ვინც ყოველდღიურად უანგაროდ გვჩუქნიან სითბოს.
ვიდეო მომზადებულია გამომცემლობა „პალიტრა L“-ის მიერ.
R