პოლონეთის პოლიცია აქვეყნებს ქართველი მამაკაცის ფოტოს, რომელიც 5 თვის ჩვილის მკვლელობის საქმეზეა ძებნილი - ცნობილია ბავშვის ქართველი დედის ვინაობაც - მშობლები

პოლონეთის პოლიცია აქვეყნებს ქართველი მამაკაცის ფოტოს, რომელიც 5 თვის ჩვილის მკვლელობის საქმეზეა ძებნილი - ცნობილია ბავშვის ქართველი დედის ვინაობაც

2026-04-14 17:58:41+04:00

პოლონეთის ქალაქ პოზნანის პროკურატურამ საქართველოს მოქალაქის, 48 წლის ნაზგური ქავთარაშვილის მიმართ ძებნა ოფიციალურად გამოაცხადა. მას ბრალად ედება საკუთარი 5 თვის შვილის, მუჰამედის სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნა და დახმარების გაუწევლობა. საქმეში ფიგურირებს ბავშვის დედაც, თამარ კ., რომელიც ამჟამად პატიმრობაში იმყოფება.

"ბავშვი დიდი ხნის განმავლობაში იტანჯებოდა" - ექიმების ჩვენება

ტრაგედია 2 აპრილს დაიწყო, როდესაც ბავშვის დედამ, თამარ კ.-მ და მისმა ნაცნობმა, ალექსანდრე ც.-მ, ჩვილი პოზნანის პედიატრიულ ცენტრში მიიყვანეს. დედა ექიმებს უმტკიცებდა, რომ ბავშვი მოულოდნელად ცუდად გახდა და კატეგორიულად უარყოფდა რაიმე სახის ტრავმას.

თუმცა, პირველივე დათვალიერებისთანავე მედიკოსებისთვის ნათელი გახდა, რომ საქმე სასტიკ ძალადობასთან ჰქონდათ. გამოკვლევამ აჩვენა: თავის ქალის მოტეხილობა, ტვინის ქრონიკული დაზიანებები, სხეულზე არსებული ძველი და ახალი ტრავმები.

ექიმების დასკვნა ცალსახაა: ეს არ ყოფილა შემთხვევითი დაცემა. ბავშვი სისტემატური, მრავალდღიანი ფიზიკური წამების მსხვერპლი იყო. "დაზიანებები მიუთითებს ჩვილის ინტენსიურ შენჯღრევაზე (ე.წ. შენჯღრეული ბავშვის სინდრომი) და თავის დარტყმაზე მყარ საგნებზე ან იატაკზე", - აცხადებს პროკურატურა.

ვინ არიან დაკავებულები?

ამ დროისთვის პოლონეთში სამი პირია დაკავებული. მათ შორის არის ბავშვის დედა, თამარ კ. პოლონური მედია წერს, რომ ის და მისი გარემოცვა პოზნანში, ნადოლნიკის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ჰოსტელში ცხოვრობდნენ. სამივე მათგანს ბრალად ედება არასრულწლოვანის მძიმე განსაცდელში ჩაგდება. განაგრძეთ კითხვა