როგორც ცნობილია,ქმრის - ლუკა დარასელიას მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ "ტიკტოკერს“, 25 წლის თეკლა გერსამიას, 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო ნაჭყებიამ მას შემდეგ მიიღო, რაც ნაფიცმა მსაჯულებმა გერსამია ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს.12-მა ნაფიცმა მსაჯულმა გამამტყუნებელი ვერდიქტი ერთხმად მიიღო...
მოკლული ლუკა დარასელიას დედა "ნანუკა ჟორჟოლიანის შოუს" სტუმარია. გადაცემის ანონსში ის უმძიმესი დანაშაულის და სასამართლოების შესახებ საუბრობს:
"...ვიჩხუბეთო და გარეთ გავიდაო, დანით გამოვეკიდეო... დავეწიე, დავუძახე და ლუკა რომ მობრუნდა, ჩავარტყიო... დანა ავიღე, ზემოთ ავიტანე და გავრეცხეო...
...თეკლა ურთიერთობაში ყოფილა დაქალის საქმროსთან, როცა ლუკასთან იყო...
გაყინული შვილი დამახვედრა თეკლა გერსამიამ... იმის იმედი მაქვს, რომ ერთ დროს მაინც შევხვდები ჩემს შვილს...
ყოველდღე დავდიოდი სასამართლოებზე. სულ მიყურებდა და მისგან ერთი წამი არ მიგრძნია სინანულის გრძნობა რომ ჰქონოდა. ის კი არა, სასამართლო რომ დამთავრდა, ბოლოს მომაძახა, გამოვალ და გნახავ შენო... ერთი წამი სინანული არ ჰქონია. ერთი ცრემლი არ გადმოვარდნია..."
სასამართლოებზე თეკლა გერსამია ბრალს უარყოფდა და არ აღიარებდა. თუმცა ფარულ ჩანაწერში, რომელიც პოლიციელმა განახორციელა, მან აღიარა დანაშაული.
""ჩხუბი დავიწყეთ. ვინტილიატორი აიღო, მერე სკამებს ურტყამდა, სხვის სახლს ლეწავდა... მწვანე დანა მაგიდაზე იდო... სადარბაზოში კიბეზე ჩავდიოდით... იმდენად აფექტურ მდგომარეობაში ვიყავი, ჩავარტყი, ოღონდ განზრახ არა, ვერ ვიგებდი რა უნდა მექნა, გავუქანე და ჩავარტყი.... დანა წავიღე, "რაკოვინაში" ჩავაგდე, წყალი გადავავლე..."
გამოძიების ინფორმაციით, თეკლამ რამდენიმე თვის წინ გაიცნო ლუკა დარასელია და მას შემდეგ ისინი ერთად ცხოვრობდნენ. თეკლა გერსამიას დედა კი ირწმუნებოდა, რომ ისინი ერთად არ ცხოვრობდნენ და რომ ლუკა დარასელიამ თვითმკვლელობის მიზნით მიიყენა თვითდაზიანება, რადგან მისი შვილი უყვარდა...
ამ ინფორმაციას მაშინვე კატეგორიულად უარყოფდა ლუკა დარასელიას ოჯახი. ისინი მომხდარში დაკავებულს ადანაშაულებდნენ და მის უმკაცრესად დასჯას ითხოვდნენ.
"კვირის პალიტრა" ესაუბრა მოკლული ბიჭის დეიდას, ირმა ესართიას. გთავაზობთ ამონარიდს მისი ინტერვიუდან:
"გაგვამწარა ამ ქალმა და ახლა ცდილობს, ეს დანაშაული აიცილოს. მინდა, მთელმა საზოგადოებამ გაიგოს, ამდენი თვის განმავლობაში ჩვენ რა გამოვიარეთ. ძალიან ძნელია ამ რეალობასთან შეგუება. ლუკა უპატიოსნესი ბიჭი იყო, ქათამსაც რომ არ მოკლავდა, ისეთი. 22 წელი გუშინ შეუსრულდა. თბილისში წავიდა და ეს ქალი რომ გაიცნო, მან პირველივე დღეს წაიყვანა თავის სახლში. უბოროტო, კეთილი ბიჭი იყო ლუკა. არ ვიცით, რა გაუკეთა, სულ სხვანაირი გახდა. ბოლო დროს ამ ქალის გარდა არავინ უნდოდა. ეს ქალი გათხოვილი იყო, ჰყავდა შვილი, მისი ქმარი ციხეშია და იქიდან ემუქრებოდა ლუკას მოკვლით. ჩემი და ტიროდა, მოთქვამდა, მეკარგება ჩემი შვილიო. ლუკას მამა მოსკოვში მუშაობდა, იქიდან ჩამოვიდა თბილისში, რომ ეშველა შვილისთვის და მოეშორებინა ამ ქალისთვის, მაგრამ ვერაფერი შევძელით...
ჩემი და პოლონეთში მუშაობდა, იქიდან უნდა ჩამოსულიყო, ხელფასის აღებას ელოდებოდა, რადგან ამ ქალმა ვალები დაადო. ტყუილებს თხზავდა. ლუკას მშობლებს ატყუებდა და ფულს სძალავდა. ეუბნებოდა ლუკა დაიჭირეს და გირაოს თანხა 7000 ლარია გადასახდელიაო. ჩემი და პოლონეთში წვალობდა, იქ ფულს სესხულობდა და ამას უგზავნიდა, ეგონა, მართლა პრობლემები ჰქონდა მის შვილს. პროფესიით იურისტი ვარ და ვუთხარი ჩემს დას, არ გაუგზავნო ფული-მეთქი. მერე დაურეკა ამ ქალმა ჩემს დას - ადვოკატთან მოვილაპარაკე და 4000-მდე ჩამოვიდა გირაოს თანხაო. დაიჯერა და ჩემმა სიძემ გამოუგზავნა ეს ფული.
ძალოვან უწყებებში ნაცნობები მყავს და გავარკვიე, რომ არანაირი საქმე ლუკას წინააღმდეგ არ იყო აღძრული, ეს იყო ტყუილი, არავითარი გირაო მას არ ჰქონდა გადასახდელი. ასე სძალავდა ფულს ჩემს დას და სიძეს. ერთხელ ლუკამ სოფელში, დარჩელში ჩაიყვანა, დედაჩემთან. სახლში მარტო ბებო იყო. ერთი ღამე დარჩნენ იქ და დედაჩემს რაც კი გაუხსნელი თეთრეული და პირსახოცები ჰქონდა, ყველაფერი მოჰპარა. ყველაფერი დაუკითხავად წაიღო სახლიდან. მათი წასვლიდან მეოთხე დღეს რომ ავიდა დედაჩემი მეორე სართულზე, მაშინ ნახა, რომ კარადებში ნივთები არ იყო. შვილებს გეფიცებით, ეს სიმართლეა...
მისი ქმარი ციხეში ზის და რადგან ის იმუქრებოდა, გვეშინოდა რაიმე არ დაეშავებინა ლუკასთვის. იქიდან ემუქრებოდა მოკვლით. თვეები ვცდილობდით, რომ დაგვეშორებინა, ვერ დავაშორეთ. როგორც ვიცი, ქმარმა, თურმე, ვიღაცები გამოაგზავნა ლუკასთან და გავიგეთ, რომ ეძებდნენ მას. ამის გამოც ვნერვიულობდით. თვითონ ის ქალი ამბობდა, სულ ერთად ვართ და ვერავინ ვერ შეეხება ლუკასო. ერთი წუთით გარეთაც არ გავუშვებო...
დაახლოებით 6 თვეს იყვნენ ერთად. ადვოკატისთვის მინდა ფულიო, დაურეკა ჩემს დას რამდენჯერმე და სასწრაფოდ გამოაგზავნინა 500 ლარი, მერე გავიგეთ, რომ, თურმე, თავისი შვილის ბაღის ზეიმისთვის უნდოდა ეს თანხა და იმაში დახარჯა. ძალიან მოწესრიგებული ბიჭი იყო ლუკა, სულ წვერგაპარსული, გაპრანჭული დადიოდა, რაც ეს ქალი გაიცნო, მას მერე წვერს არ იპარსავდა, თმებს არ იჭრიდა, არ აძლევდა ნებას რომ ადამიანურად ყოფილიყო. რამდენიმე თვეა, ეს ამბები ტრიალებს ჩვენს თავს. ვერ დავიხსენით მისგან ლუკა... ჩემმა დამ გააფრთხილა - ჩემს შვილს ერთი თმის ღერი არ ჩამოუვარდესო. ჩვენ გვეშინოდა, თეკლას ქმარს რაიმე არ დაეშავებინა ლუკასთვის ან ვინმე არ გამოეგზავნა. ამას ვინ წარმოიდგენდა, რომ ეს ქალი მოკლავდა?!
არ ვიცით მიზეზი, რატომ მოგვიკლა. მიყვარსო, ამბობდა და რატომ მოკლა? შეიძლება მიხვდა რომ თანხის გამოძალვა აღარ გამოსდიოდა უკვე. ჩვენ ყველა მივხვდით, რომ ფულს სძალავდა ოჯახს. ახლა ველოდებით გამოძიებას", - ამბობდა მოკლული ბიჭის დეიდა.