რომელ უბნებზე ნაკბენს ახლავს ცოფის უფრო მაღალი რისკი და როგორ დავიცვათ თავი, როცა ქვეყანაში დაავადების კიდევ ერთი კერა აღმოაჩინეს - მშობლები

რომელ უბნებზე ნაკბენს ახლავს ცოფის უფრო მაღალი რისკი და როგორ დავიცვათ თავი, როცა ქვეყანაში დაავადების კიდევ ერთი კერა აღმოაჩინეს

2026-04-14 19:48:18+04:00

რამდენიმე დღის წინ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქვემო ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორის მოკვლევით დადგინდა, რომ ცოფით დაავადებული მელა ოთხმა უპატრონო ძაღლმა დაგლიჯა. დაავადების გავრცელების ლოკალიზაცია-ლიკვიდაციის მიზნით, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის განკარგულებით, წალკის მუნიციპალიტეტში დაინფიცირებულ პუნქტსა და საფრთხის შემცველ ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა. სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, ყოველწლიურად აცრან შინაური ცხოველები (ძაღლი, კატა) ცოფის საწინააღმდეგოდ.

ახლახან ცოფი მარტვილის მუნიციპალიტეტშიც გამოვლინდა. როგორც სააგენტოს განცხადებაშია აღნიშნული, ქუთაისის თავშესაფარში გადაყვანილ უპატრონო ძაღლს, რომელიც საეჭვო სტატუსით, იზოლირებულად, დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდა, ლაბორატორიულად ცოფი დაუდასტურდა, რის გამოც ასევე კარანტინი გამოცხადდა.

"კარგია, რომ ამის გამოვლენა ხდება, თუმცა მთავარი მიზანია შინაურ ცხოველებში მსგავსი რამ არ მოხდეს. საბედნიეროდ, ბოლო რამდენიმე წელია (დაახლოებით, 7-8 წელია) ადამიანებში ცოფის შემთხვევა არ გვქონია, რაც კარგია, მაგრამ სანამ შინაურ ცხოველებში ცოფის შემთხვევა გვხვდება, მანამდე რისკი მაღალია. უნდა მოვახერხოთ ამ ვერაგი ვირუსისგან თავის დაცვა და ისეთი ღონისძიებები გავატაროთ, რომ ის ნაკლებად ქმნიდეს საფრთხეს როგორც ცხოველებისთვის, ისე ადამიანებისთვის", - ამბობს ექიმი-ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა, რომელიც ინტერვიუში აღნიშნულ ვირუსულ ინფექციაზე გვესაუბრება:

- ცოფი ერთ-ერთი ყველაზე საშიში ინფექციაა იქიდან გამომდინარე, რომ აქვს პრაქტიკულად 100%-იანი ლეტალური გამოსავალი. საქართველო არ შედის იმ ქვეყნების რიცხვში, სადაც ცოფი ელიმინირებულია, ანუ არ გვხვდება შინაურ ცხოველებში და აქედან გამომდინარე, ჩვენი მოსახლეობა უნდა იყოს ყურადღებით, რათა აიცილოს ეს მძიმე დაავადება თავიდან. პრევენცია მნიშვნელოვანია.

შინაური, ან მით უმეტეს, გარეული ცხოველის დაკბენის შემთხვევაში (შეიძლება ცხოველი იყოს ცოფის მატარებელი და ადამიანი დაინფიცირდეს), აუცილებლად უნდა მივმართოთ იმუნიზაციის ცენტრს, სადაც შეფასდება როგორც დაზიანებული არე, ასევე ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა და გადაწყდება, ჩატარდეს თუ არა პასიური ან აქტიური იმუნიზაცია, რა ტიპის და რა ლოკალიზაციის დაზიანებასთან გვაქვს საქმე, რამდენად ახლოსაა ის ცენტრალურ ნერვულ სისტემასთან (ხომ არ არის სახის, კისრის ან ზემო კიდურის არეში). ტარდება ორი ტიპის პროფილაქტიკური და პრევენციული ღონისძიება: 1. ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია და 2. იმუნოგლობულინის გამოყენება –- მზა პროდუქტის, რომელიც შეიცავს სპეციფიკურ ანტისხეულებს, რომელთაც შეუძლიათ დაბლოკონ ცოფის ვირუსის გავრცელება. კომბინირებული პროფილაქტიკის გამოყენება (ერთდროულად ვაქცინაციის და იმუნოგლობულინის), როგორც წესი, მაშინ ხდება, როდესაც დაზიანებაა სახის არეში, ან არის მრავლობითი დაზიანება, ან დაზიანება მიყენებულია გარეული ცხოველის მიერ, რაც მოიცავს იმ რისკებს, რომ დაავადება შეიძლება სწრაფად პროგრესირდეს და არ გვექნება დრო, რომ ამ დაავადებას მხოლოდ ვაქცინის მიერ გამომუშავებული იმუნიტეტით ვებრძოლოთ. არანაირად არ უნდა ვცადოთ თვითმკურნალობა.

- მაღალი რისკები რომელ უბნებზე ნაკბენს ახლავს?

- სახე, კისრის მიდამო, ზემო კიდურები, ფალანგები, სადაც არის ნერვული დაბოლოებები.

განაგრძეთ კითხვა

რამდენად საშიშია თაგვის ნაკბენი, შეუძლია თუ არა თაგვს საწოლზე აძრომა და როგორ მოვიქცეთ კბენის ან გაკაწვრის შემთხვევაში - ქირურგ-რაბიოლოგის რჩევები