14 პრილს ცნობილი ქართველი რეჟისორის სანდრო ახმეტელის დაბადების დღეა. ტრაგიკული ბედის ქართველ რეჟისორს სიცოცხლეში არა მხოლოდ ძალიან დიდი წარმატება და აღიარება ერგო წილად, არამედ უარყოფა, ღალატი, ბრალდებები და წამებით სიკვდილიც.
ალექსანდრე (სანდრო) ვასილის ძე ახმეტელი, ქართველი რეჟისორი, თანამედროვე ქართული თეატრის ერთ-ერთი ფუძემდებელი 1886 წელს, 14 აპრილს დაიბადა სიღნაღის მაზრის სოფელ ანაგაში. მამა ამავე სოფლის თომა მოციქულის სამრევლო ეკლესიის დიაკვანი, ვასილ დავითის ძე ახმეტელიშვილი იყო, ხოლო დედა - მარიამ ივანეს ასულ ოდიშელიძე.
ოჯახი 1891 წლიდან საცხოვრებლად გადადის თელავში. მამა სოფელ კოღოთოს ეკლესიის მღვდელი იყო.
1900 წელს სანდრო ახმეტელმა დაამთავრა სასულიერო სასწავლებელი. ოჯახი შემდეგ განჯაში გადადის და სანდროც განჯის გიმნაზიის მოსწავლე ხდება. იგი თავისუფალი აზროვნებისათვის გიმნაზიიდან გარიცხეს. ძლივს აღადგინეს თბილისის გიმნაზიაში, სადაც გიმნაზიის ინსპექტორი ყოფილა ქართული კულტურის დიდი მოღვაწე ექვთიმე თაყაიშვილი. სანდროს ჯერ კიდევ მაშინ იზიდავდა თეატრი და მისი ცხოვრება.
1905 წელს დაიჭირეს თავისუფალი აზრის გამოხატვისათვის. შემდეგ მიდის თელავში, სწორედ აქ გაიცნო ცნობილი პუბლიცისტისა და მწერლის ივანე როსტომაშვილის ასული ტასო. 1907 წელს ტასოზე ჯვარი დაიწერა. იმავე წელს კი ვაჟი — შალვა შეეძინათ.
1916 წელს დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. მასთან უსწავლია შალვა ნუცუბიძეს და გიორგი ციციშვილს. უნივერსიტეტში სწავლისას შეუქმნია აეროპლანის მოდელი, რასაც აქვეყნებს იმდრონდელი „ცნობის ფურცელი“.
1910 წელს ქვემო მაჩხაანში პირველად გვევლინება, როგორც რეჟისორი. აქ დადგა ალექსანდრე სუმბათაშვილ-იუჟინის პიესა „ღალატი“. სანდრო თვითონ ჰქმნიდა გრიმებს და კოსტიუმების მოდელებს.
1919 წელს თბილისის საოპერო სტუდიაში დადგა დიმიტრი არაყიშვილის „თქმულება შოთა რუსთაველზე“.
1920 წელს მიიწვიეს რეჟისორად თბილისის ქართულ თეატრში, სადაც დადგა სანდრო შანშიაშვილის "ბერდო ზმანია".
1923 წელს კოტე მარჯანიშვილმა მიიწვია რეჟისორად თბილისის რუსთაველის სახელობის თეატრში. შემდეგ იყო ამავე თეატრის მთავარი რეჟისორი, 1926-1935 წლებში - სამხატვრო ხელმძღვანელი.
1924 წელს ახმეტელი იყო ერთ-ერთი ინიციატორი მსახიობთა კორპორაცია „დურუჯის“ დაარსებისა (1924). იგი იყო კოტე მარჯანიშვილის მოწაფე და მისი მრავალი დადგმის თანაავტორი. ახმეტელის მიერ შექმნილ სპექტაკლებში აისახა გრანდიოზული ისტორიული მოვლენების შედეგად დამყარებული ახალი საზოგადოების დამოკიდებულებანი, ჩაგვრისაგან განთავისუფლებული ადამიანის ინდივიდუალობა. მის შემოქმედებაში ვლინდებოდა თანამედროვე თეატრის ამაღლებული სული, ჰეროიკა, ქართული ხალხური თეატრის იმპროვიზიციული თავისებურებები. ემოციურობა, გამომგონებლობა, ჰარმონიულობა, დინამიკურობა, ოსტატურად დადგმული მასობრივი სცენები, რომლებშიც ფართოდ იყენებდა ქართული სიმღერებსა და ცეკვებს.

სანდრო ახმეტელი თავისუფალი აზროვნებისთვის იდევნებოდა. ათი წელი გრძელდებოდა მისი დამუშავება ლავრენტი ბერიას უშუალო ხელმძღვანელობით. ყველაზე ტრაგიკული აღმოჩნდა მისთვის 1930 წლის წარმატებები მოსკოვის თეატრში. „ლამარას“ ნახვის შემდეგ იოსებ სტალინსაც სხვანაირი აზრები გაუჩნდა მის მიმართ. რეჟისორული გადაწყვეტითა და ეროვნული სულისკვეთებით საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო გრიგოლ რობაქიძის „ლამარამ“. საბჭოთა ხელმძღვანელების მოთხოვნის მიუხედავად, ახმეტელმა უცხოეთში ემიგრირებული რობაქიძის პიესა რეპერტუარიდან არ მოხსნა, რაც თეატრში ნაციონალური სულის მკაფიო გამოხატულებად მიიჩნიეს. 1930 წელს, ბერიას უშუალო ბრძანების საფუძველზე, რუსთაველის თეატრი საზღვარგარეთ გასტროლებზე არ გაუშვეს.
ბერიამ ისარგებლა იმ დაპირისპირებით, რომელიც რუსთაველის თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელსა და თეატრის წამყვან მსახიობებს აკაკი ხორავასა და აკაკი ვასაძეს შორის არსებობდა და ყველანაირად ეცადა, კიდევ უფრო გაეღრმავებინა კონფლიქტი.
შუღლი თეატრალებს შორის იმით დასრულდა, რომ სანდრო ახმეტელმა აკაკი ვასაძე დააქვეითა, ხოლო აკაკი ხორავა საერთოდ გააძევა თეატრიდან. ახმეტელმა არ შეასრულა ბერიას უშუალო ბრძანება და ხორავა და ვასაძე თავიანთ ძველ თანამდებობებზე არ აღადგინა. ბერიას მიმართ გამოცხადებულმა ამ დაუმორჩილებლობამ სანდრო ახმეტელის შემოქმედებასა და ცხოვრებას წერტილი დაუსვა. სანდრო ახმეტელი რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
სანდრო ახმეტელი სამუშაოდ მოსკოვში, „მწვანე თეატრში“ გადავიდა. სამშობლოდან განდევნილი რეჟისორი მოსკოვის თეატრალურმა საზოგადოებამ დიდი სიხარულით მიიღო, მაგრამ იგი სასჯელს მაინც ვერ გადაურჩა. სწორედ „მწვანე თეატრში“ 1936 წლის 19 ნოემბერს აიყვანეს სანდრო ახმეტელი და მოსკოვიდან თბილისში იქნა ეტაპირებული. მისი დაპატიმრების შესახებ დადგენილება 1936 წლის 5 დეკემბერს გამოიცა, თავად ახმეტელს წარედგინა 7 დეკემბერს – დაკავებიდან 18 დღის შემდეგ. სანდრო ახმეტელი პროკურორის სანქციის გარეშე დააპატიმრეს. პროკურორს მონაწილეობა არ მიუღია არც წინასწარ გამოძიებაში და არც სასამართლო პროცესში.
222 დღე გრძელდებოდა მისი წამება. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ პირველი სამი თვის განმავლობაში ის ყველა ბრალდებას უარყოფდა, მაგრამ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის შემდეგ ყველა წაყენებული ბრალდება აღიარა. ბერიას მითითებით, სასტიკი წამებისგან დაუძლურებული სანდრო ახმეტელი ღია მანქანით რუსთაველზე გაატარეს, რათა ხალხს ენახა, რა ბედი ელოდა „ხალხის მტერსა და მავნებელს“. ბერიას ეს აქტი მიზნად ისახავდა თეატრის წინ საგანგებოდ გამოყვანილი მსახიობების დაშინებასაც. კომუნისტურმა რეჟიმმა სანდრო ახმეტელი ინგლისის დაზვერვის სასარგებლოდ ჯაშუშობაში დაადანაშაულა. ამასთანავე, მას ტროცკისტულ-ზინოვიევური ორგანიზაციის წევრობა და ხელოვნების სფეროში მავნებლური საქმიანობა ედებოდა ბრალად: თითქოს ახმეტელს, სხვა რესპუბლიკების ეროვნული თეატრების ხელმძღვანელობის ხელშეწყობით, მეამბოხეთა სამხედრო დაჯგუფებები ჰქონდა შექმნილი ბაქოში, სოხუმში, გროზნოსა და თბილისში. ტერორისტულ ორგანიზაციაში თანამონაწილეობა არ აკმარეს და რეჟისორს ისიც კი დააბრალეს, რომ ლავრენტი ბერიასა და იოსებ სტალინის ფიზიკური განადგურება ჰქონდა განზრახული. დააპატიმრეს მეუღლეც თამარ წულუკიძე-ახმეტელი.
1937 წლის 28 ივნისს ალექსანდრე ახმეტელს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლით მიუსაჯეს სასჯელის უმაღლესი ზომა – დახვრეტა (ქონების კონფისკაციით); ხოლო მის ცოლს - თამარ წულუკიძე-ახმეტელს — ათი წლით თავისუფლების აღკვეთა.
სანდრო ახმეტელი 1937 წლის 29 ივნისს დახვრიტეს.
თამარ წულუკიძე 1903 წლის 19 თებერვალს დაიბადა თბილისში. 1911 წელს წულუკიძეების ოჯახი ბაქოში გადასახლდა. იმხანად აზერბაიჯანში ბევრი ქართველი ცხოვრობდა. იქაურმა ქართველებმა თავიანთი თეატრი შექმნეს, რომლის მუშაობაში აქტიურად ჩაება თამარ წულუკიძის დედა. ბაქოს ქართული დასი სერიოზული შემოქმედებითი კოლექტივი იყო. მის შემადგენლობაში ბევრი ქართველი მსახიობი ირიცხებოდა. ამ თეატრში საგასტროლოდ ხშირად ჩამოდიოდნენ ჩვენი სცენის სასიქადულო ოსტატები. მომავალი მსახიობი კულისების ხშირი სტუმარი გახდა, დედა დაატარებდა რეპეტიციებზე, წარმოდგენებზე. გოგონას თვალწინ გადაეშალა თეატრის ზღაპრული სამყარო. ნიჭიერი ბავშვი ოცნებებმა, ფანტაზიამ გაიტაცა…
შემდეგ წულუკიძეების ოჯახი სამშობლოში დაბრუნდა. 1921 წლისთვის თამარმა უყოყმანოდ აირჩია თავისი გზა და ცნობილი რეჟისორის, აკაკი ფაღავას სტუდიის მოსწავლე გახდა.

აკაკი ფაღავას თეატრალური სტუდიის დამთავრების შემდეგ შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრში მოღვაწეობდა. დაქორწინდა რეჟისორ სანდრო ახმეტელზე. სანდროსთვის ის მეორე ცოლი იყო.

...თუკი არ შედგა თამარ წულუკიძის ცხოვრება როგორც ქალის და როგორც მსახიობის, ეს ყველაფერი, შეიძლება ითქვას, სანდრო ახმეტელის ბედუკუღმართი ცხოვრების ბრალია, რაც მას ბოროტი საბჭოთა იმპერიის რეჟიმის არსებობისას ერგო. ეს არაჩვეულებრივი შესახედაობის, ნიჭის, აზროვნების, თეატრზე უზომოდ შეყვარებული კაცი მთლიანად, ოჯახიანად შთანთქა იმდროინდელმა სასტიკმა რეჟიმმა. სანდრო ახმეტელმა შეყვარებაც სხვანაირი იცოდა.

რუსთაველის თეატრში მან გაიცნო ულამაზესი, მასზე 17 წლით უმცროსი მსახიობი, თამარ წულუკიძე. მას ბევრი წინააღმდეგობის გადალახვა დასჭირდა მასთან ერთად ყოფნისთვის. მიუხედავად იმისა, რომ სანდრო ახმეტელს პირველ მეუღლესთან – ტასო როსტომაშვილთან იმ დროს უკვე ჰქონდა უთანხმოებები, მისი თამართან შეუღლების წინააღმდეგ წავიდნენ სანდროს უახლოესი მეგობრები, მაგრამ მან ასე სთხოვა – „მაჩუქეთ ეს ქალი“ და მის გადაწყვეტილებას ვეღარავინ ვერ შეეწინააღმდეგა. სამწუხაროდ, მათ ერთად ყოფნის ძალიან მცირე დრო ჰქონდათ დარჩენილი. სანდრო ახმეტელის დაპატიმრების შემდეგ, ზეწოლა მის მეუღლეზეც დაიწყო. თამარ წულუკიძე-ახმეტელს ათი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

წინასწარი გამოძიებისას მან მისცა ჩვენება, რომ 1934 წელს კონტრრევოლუციურ ტერორისტულ ორგანიზაციაში ქმარმა, ა.ვ.ახმეტელმა გადაიბირა და ის ხელოვნების ხაზით ეწეოდა ანტისაბჭოთა ძირგამომთხრელ საქმიანობას. სასამართლოზე თამარ წულუკიძე-ახმეტელმა არ დაადასტურა წინასწარი გამოძიების დროს მიცემული ჩვენებები, განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ მიიჩნევს, მაგრამ არ იცის, რაში, და რომ წინასწარი გამოძიებისას მიცემული მისი ჩვენებები დამახინჯებულადაა დაფიქსირებული და ამიტომ არ ადასტურებს. ამ დროს სანდროსა და თამარის ერთადერთ ვაჟს, რომელსაც მოფერებით სანდის ეძახდნენ, სანდროს და, ეკატერინე და მისი მეუღლე გრიგოლ მუხაძე ზრდიდა. თამარ წულუკიძე ორი წლის განმავლობაში ერთადგილიან საკანში ჰყავდათ გამოკეტილი, სადაც მარტოობისგან რომ არ გაგიჟებულიყო, ხმამაღლა კითხულობდა ლექსებს. შემდეგ ტყეების მოჭრაზე და ქვების კარიერში ამუშავებდნენ. ბოლო წერტილამდე რომ მიიყვანეს, ლაზარეთში დააწვინეს და დაუდგინეს დიაგნოზი – ფილტვის დაჩრდილვა. მიუხედავად ამისა, ის იმდენად ღირსეულად იქცეოდა, რომ „თამარ დედოფალი“ შეარქვეს. ყველაზე მეტად პატარა სანდიზე დარდობდა და მუშაობა დაიწყო გადასახლებაში გახსნილ თოჯინების თეატრში, რის გამოც შვიდი თვით შეუმცირეს პატიმრობა. ის 1946 წელს გაათავისუფლეს და მაშინ ნახა ამდენი ხნის უნახავი და მონატრებული თავისი 15 წლის ვაჟი, რომელიც ჩაეხუტა და უთხრა – „რა კარგია, რომ ხმამაღლა შემიძლია დაგიძახო დედაო“.
თამარი სიკტივკარში გაემგზავრა, სადაც სამუშაო იშოვა. იქ ელოდა სანდის, რომელსაც გამოცდების ჩაბარების შემდეგ დედისთვის უნდა ჩაეკითხა. მას ბილეთიც კი ჰქონდა ნაყიდი, მაგრამ წასვლამდე რამდენიმე დღით ადრე ტრამვაის შეახტა, რომელსაც ხელმოსაკიდი მოსძვრა. სანდი ახმეტელი ექიმების მოსვლამდე ადგილზე გარდაიცვალა. როდესაც თამარმა ეს ამბავი გაიგო, მას გარკვეული დროის განმავლობაში საერთოდ დაავიწყდა რუსული ენა და გამუდმებით ერთსა და იმავე რაღაცას ქართულად იმეორებდა. შვილის დაკრძალვაზე წასასვლელად ფული შეუგროვეს. ჩამოვიდა, მაგრამ უკვე სანდი წინა დღის დაკრძალული დახვდა. ამასობაში დაპატიმრებების ახალი ტალღა დაიწყო და თამარი კრასნოიარსკის მხარის დაბა აბანში აღმოჩნდა.
მან აქ გაიცნო მასავით ცხოვრებისგან დაჩაგრული ბელორუსი მწერალი, ალეს პალჩევსკი, რომელზეც მეუღლემ და საკუთარმა შვილმა უარი განაცხადეს. მათ ერთმანეთის თანადგომაში მონახეს ცხოვრების გაგრძელების აზრი და ძალა. ისინი უბედურებამ დააახლოვა. პირველად ალესმა თამარს ლეკვი ჯიმკა აჩუქა, შემდეგ კი შროშანების თაიგული მიართვა და უთხრა: „მე, უბრალო გლეხის კაცი, თქვენი ღირსი არა ვარ, მაგრამ ძლიერი ვარ და საკუთარი ცხოვრების ფასად დაგიცავთ ყველა უბედურებისგან“. თამარს დედამ გაუგზავნა ფული და მათ პატარა ქოხი იყიდეს. ალესი სკოლის დირექტორად მუშაობდა, თამარი – თოჯინების წრის ხელმძღვანელად. 1951 წელს კი, მთავრობამ ახალი ბრძანება გამოსცა, რომლის მიხედვით, ყოფილი პოლიტიკური პატიმრების დასაქმება მხოლოდ ფიზიკურ სამუშაოებზე შეიძლებოდა და თამარი მეფრინველე გახდა, ალესი კი – დურგალი.
თამარ წულუკიძე გარდაიცვალა 1991 წელს. ის გადმოასვენეს საქართველოში და დაკრძალეს შვილის, სანდროს (სანდის) გვერდით. თამარ წულუკიძის ტრაგიკული ცხოვრებიდან აღსანიშნავია კიდევ ერთი ფაქტი: ერთხელ მეგობრისთვის უთქვამს, მძაგს ჩემი თავი, იმიტომ, რომ სანდის შემდეგ ცოცხალი ვარო. გადასახლებიდან ჩამოსვლის მერე, სანამ ახალ გადასახლებაში მოუწევდა ყოფნა, თამარ წულუკიძე დოდო ალექსიძესთან, „რუსთაველის თეატრში“ მიიწვიეს. ერთ-ერთ სპექტაკლში დედის როლს ასრულებდა, რომელიც შვილს, საშას ეძებს. თამარ წულუკიძე სცენაზე გამოვიდა და ხმამაღლა დაიძახა, საშა, სად ხარ, საშა!.. ეს ფრაზა არ იყო ტექსტში. სცენაზე თუ დარბაზში მყოფმა ადამიანებმა ცრემლი ვერ შეიკავეს, რადგან საშას სანდრო ახმეტელს ეძახდნენ. სპექტაკლის მერე, მსახიობს ფეხზე ამდგარი დარბაზი მქუხარე აპლოდისმენტებით შეხვდა. სახლში მისულმა თამარმა კი თავის დღიურში ჩაწერა: „თუ სადმე ხარ, საშა, შენი უკვდავი სული თუ სადმე აქ არის, დაე, ამ საღამომ დაგიბრუნოს ნაწილი იმისა, რაც შენგან წაიღეს და წაგართვეს სიცოცხლესთან ერთად. გაქრა და ისტორიის ფურცლებზე გადაინაცვლა ჩვენმა სიყვარულმა...“ 1952 წელს ბერიას სთხოვს, რომ „ამ ცივ, შორეულ ქვეყანაში გადასახლებულმა, უთვისტომოდ და უსახლკაროდ, ჩემს თავს უფლება მივეცი, შეგაწუხოთ და უდიდესი მოწიწებით მოგმართოთ თხოვნით – სამშობლოში დამაბრუნოთ”. 1953 წლის 14 იანვარს, ქართული თეატრის დღეს, მას უარი ეთქვა.

ალბათ, 1992 წელი იყო, როცა ლენინგრადელი თეატრმცოდნე, მასთან ერთად გადასახლებული, სასიამოვნო გარეგნობის ქალბატონი თამარ პეტკევიჩი თბილისსა და ანაგაში (ახმეტელის მუზეუმში) ჩამოვიდა. მან ასეთი რამ თქვა: „ციმბირში, ბანაკის მავთულხლართების იქით ძაღლები ყეფდნენ. მათი ხმა ჩვენამდე აღწევდა, ჩვენს ყაზარმამდე, სადაც თამარს გაშლილი ჰქონდა ვაჟიშვილის თბილისიდან ადრევე წამოღებული ტანსაცმელი და ხმამაღლა, ქართულად დასტიროდა. გულგამგმირავი, სულის შემძვრელი სანახაობა იყო და ყველა პატიმარი ქალი ერთად ტიროდა...“ იხილეთ ვრცლად
თამარ წულუკიძე 1991 წელს, 97 წლის ასაკში გარდაიცვალა.