"ძალიან კარგი დეტოქსია, მადასაც აქვეითებს და აჯანსაღებს... ჩვეულებრივი წყლის ნაცვლად ვსვამთ. რამდენიმე დღეც რომ გამოიყენოთ, შვებას იგრძნობთ..." - ნატა გაგუა - მშობლები

"ძალიან კარგი დეტოქსია, მადასაც აქვეითებს და აჯანსაღებს... ჩვეულებრივი წყლის ნაცვლად ვსვამთ. რამდენიმე დღეც რომ გამოიყენოთ, შვებას იგრძნობთ..." - ნატა გაგუა

2026-04-15 10:20:39+04:00

ნუტრიციოლოგი, ენდოკრინოლოგი, ნატა გაგუა, გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" საუბრობს, როგორ დავუბრუნდეთ ჩვეულ რიტმს დღესასწაულის შემდეგ და რა შეგვიძლია, გავითვალისწინოთ ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის:

- ყველაზე პირველი და მთავარი ის არის, რომ ერთი ღამე მაინც კარგად გამოვიძინოთ.

მეორე - ამ დროს ყოველთვის გვავიწყდება წყალი. რაციონში ჩვეულებრივი სასმელი წყალი დავაბრუნოთ და არა გაზიანი, მინერალური ან სხვა მსგავსი. ეს გვავიწყდება, ჰიპოთალამუსი ამას ვერ აღიქვამს და დამატებით პრობლემას ვიქმნით. ამ დროს მიღებული წყალი კი შარდმდენივით მოქმედებს.

მესამე - აუცილებელია ფიზიკური აქტივობა. თუ დარბაზში ვერ მივდივართ, ფეხით ვიაროთ ან ბავშვებთან ერთად ვიმოძრაოთ აქტიურად.

საუზმეზე კი პირველი, რაც შეიძლება მივირთვათ, ბოსტნეული და ცილაა. ასე უფრო მშვიდად გადავწყვეტთ, რა ვჭამოთ შემდეგ. ეს ორგანიზმს ჩვეულ რეჟიმში დაბრუნებაში ეხმარება. არ გეგონოთ, რომ ჩვენი ბრალია, "ცმუცნაობის" ხასიათზე რომ მოვდივართ. აქ ორი სახის შიმშილია - ერთი სელექციურია, როცა ჰორმონალური დისბალანსის გამო ბევრი ნახშირწყლის ჭამის მიუხედავად, კიდევ უფრო მეტი გვინდება. მეორე კი უჯრედის ფიზიოლოგიური შიმშილია, რაც დიდ დისკომფორტს იწვევს, სანამ კალორიულ კერძს არ მივიღებთ.

ასევე კარგია შარდმდენი ეფექტის მქონე სითხეები. მე "სასის წყალი" მიყვარს. ეს არის: ერთი ლიმონი, ერთი კიტრი, 10-12 ფოთოლი პიტნა და ერთი ჩაის კოვზი კანიანად გახეხილი ჯინჯერი. ამ ყველაფერს ქილაში მოვათავსებთ, დავასხამთ ორ ლიტრ წყალს და მეორე დღეს ჩვეულებრივი წყლის ნაცვლად ვსვამთ. ძალიან კარგი დეტოქსია. სიმსუბუქის დასაბრუნებლადაა საჭირო, მადასაც აქვეითებს და გაზაფხულსაც ძალიან უხდება. ცნობილი სასმელია, "სასის წყალი" ჰქვია.

უკუჩვენება აქვს, მაგრამ პრაქტიკულად, ჯანმრთელ ადამიანს არაფერს დაუშავებს. კურსი მაქსიმუმ 14-დღიანია, მაგრამ რამდენიმე დღეც რომ გამოიყენოთ, შვებას იგრძნობთ. თავად შეამჩნევთ, რომ საკვებისკენ მიდრეკილება შემცირდება და პორციებსაც გააკონტროლებთ.

ვისაც ეს ეზარება, შეუძლია უშაქრო ყავა რძით ან მწვანე ჩაი დალიოს, ორივე შარდმდენია. ოღონდ, კვებებს შორის კარგია ცოტა ცილის მიღება, მაგალითად, ერთი მოხარშული კვერცხი, რომ დავნაყრდეთ და შიმშილის გრძნობა აღარ გვქონდეს. მწვანე ბოსტნეულიც ამასვე ემსახურება: ყაბაყი, ბროკოლი, კიტრი, სალათის ფურცლები. ეს ყველაფერი დრენაჟს უწყობს ხელს. ორგანიზმი სწრაფად უბრუნდება ძველ ფორმას და აღარ გვიწევს საკუთარი თავის დადანაშაულება.

თეფშზეც ასე გადავანაწილოთ: ნახევარი ბოსტნეული, მეოთხედი ცილა და დარჩენილი მეოთხედი – საყვარელი დესერტი ან სხვა საკვები. ასე მშვიდად "გადავაგორებთ" ამ პერიოდს. პასკა ძალიან კარგია გაწურულ მაწონთან ან იოგურტთან ერთად, რადგან ცილა ანაყრებს და დიდი რაოდენობით აღარ მოგვინდება.

მარტივად და სწრაფად მოსამზადებელი, ნაკლებად კალორიული, უგემრიელესი ხაჭოს პასკა - ნატა გაგუა გვთავაზობს
მცენარეული რკინის ასათვისებლად საჭიროა ინგრედიენტების სწორი კომბინაცია... - გემრიელი და რკინით მდიდარი კერძის რეცეპტი ნატა გაგუასგან
ნატა გაგუა გასწავლით, როგორ მიირთვათ დესერტი ისე, რომ შაქარი სხეულმა ნაკლებად შეითვისოს