როგორ უნდა გადაამოწმოთ, ვინ არის ჩაწერილი თქვენს მისამართზე და როგორ ხდება პირის რეგისტრაციიდან მოხსნა - დეტალები - მშობლები

როგორ უნდა გადაამოწმოთ, ვინ არის ჩაწერილი თქვენს მისამართზე და როგორ ხდება პირის რეგისტრაციიდან მოხსნა - დეტალები

2026-04-15 12:18:22+04:00

ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, გარანტირებული აქვს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საცხოვრებელი ადგილის არჩევის უფლება.

სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, სავალდებულოა, საქართველოს ყველა მოქალაქე და ქვეყანაში მცხოვრები უცხოელი (საქართველოში ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელი, აგრეთვე საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი) რეგისტრირებული იყოს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ამის შესახებ ვრცელი ინფორმაცია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

მისამართზე რეგისტრაცია უფასოა.

როგორ ხდება არასრულწლოვანის მისამართზე რეგისტრაცია:

  • ახალშობილი საქართველოს მოქალაქის დაბადების რეგისტრაციისას ხორციელდება მისი მისამართზე რეგისტრაცია ერთ-ერთი მშობლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
  • 14 წლის ასაკს მიღწეული პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაცია ხორციელდება აღნიშნული პირის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე.
  • იმ შემთხვევაში, თუ არასრულწლოვანი პირი რეგისტრირდება მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მისამართისგან განსხვავებულ მისამართზე, აუცილებელია ერთ-ერთი მშობლის თანხმობისა და მისამართზე რეგისტრაციის საფუძვლის წარმოდგენა.

სრულწლოვანი პირის მისამართზე რეგისტრაცია:

  • საქართველოს მოქალაქე და საქართველოში მცხოვრები უცხოელი ვალდებული არიან, გაიარონ რეგისტრაცია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო თუ მათ რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი აქვთ – ერთ-ერთი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
  • ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელი ვალდებულია საქართველოში შემოსვლიდან, ხოლო თუსაქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება – ბინადრობის ნებართვის მიღებიდან 1 თვეში გაიაროს მისამართზე რეგისტრაცია.
  • რეგისტრაციისათვის (მათ შორის, თუ მისამართზე რეგისტრაცია ხორციელდება პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემასთან ერთად) საქართველოს მოქალაქემ და საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირმა უნდა მიმართონ სააგენტოს იმ ტერიტორიულ სამსახურს,რომლის სამოქმედო ტერიტორიასაც განეკუთვნება საცხოვრებელი მისამართი.
  • დროებითი ბინადრობის ნებართვის მქონე პირს შეუძლია, მისამართზე რეგისტრაციისათვის მიმართოს სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურს.
  • პირის, რომელიც პირველად გადის რეგისტრაციას, ასევე, მესაკუთრის ოჯახის წევრის და რეგისტრაციიდან მოხსნილი პირის მისამართზე რეგისტრაცია ხდება 5 კალენდარული დღის ვადაში, სხვა შემთხვევაში პირის მისამართზე რეგისტრაცია ხორციელდება 1 თვის ვადაში.
  • იმ შემთხვევაში, თუ მისამართზე რეგისტრაცია მოთხოვნილია პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემასთან ერთად, მისამართზე რეგისტრაცია ხორციელდება დოკუმენტის გაცემისათვის კანონმდებლობით დადგენილ ვადაში.

მისამართზე რეგისტრაციისათვის წარსადგენი დოკუმენტაცია:

საცხოვრებელი ადგილის მიხედვით მისამართზე რეგისტრაციისთვის პირმა უნდა წარმოადგინოს რეგისტრაციისთვის აუცილებელი ერთ-ერთი შემდეგი დოკუმენტი:

  • საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი – თუკი პირი თავად არის მესაკუთრე;
  • საცხოვრისის მესაკუთრის თანხმობა;
  • დასარეგისტრირებელი პირის ბოლო სამი თვის განმავლობაში კონკრეტულ მისამართზე ცხოვრების ფაქტის თაობაზე ორი სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირის წერილობითი დასტური, რომელიც გამოხატული უნდა იქნეს განაცხადის მიღებაზე უფლებამოსილი თანამშრომლისწინაშე.

სრულწლოვანი პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაცია ხორციელდება მისი ან წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე.

როგორ უნდა გადამოწმდეს მისამართზე რეგისტრირებული პირების შესახებ ინფორმაცია

    1. საცხოვრისის მესაკუთრეს უფლება აქვს მიმართოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვოს თავის საკუთრებაში არსებული საცხოვრისის მისამართზე რეგისტრირებული პირების შესახებ ინფორმაცია. განცხადებას თან უნდა ერთოდეს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი.
    2. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მიმართოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვოს ცნობა კონკრეტულ მისამართზე რეგისტრირებულ პირთა რაოდენობის შესახებ. ამ შემთხვევაში დაინტერესებული პირი მიიღებს მხოლოდ რეგისტრირებული პირების რაოდენობის შესახებ ინფორმაციას, რეგისტრირებულ პირთა პერსონალური მონაცემების მითითების გარეშე.

პირის რეგისტრაციიდან მოხსნა

თუ პირი საცხოვრებელი ადგილის შეცვლის გამო 6 თვის განმავლობაში არ ცხოვრობს რეგისტრაციის მისამართზე, მისი რეგისტრაციიდან მოხსნა შესაძლებელია ნებისმიერი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირის წერილობითიგანცხადების საფუძველზე,რომელშიც მითითებულია, რომ რეგისტრაციიდან მოსახსნელი პირი კონკრეტულ მისამართზე არ ცხოვრობს უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში, ამასთანავე:

  1. იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი იმ საცხოვრისის მესაკუთრეა, სადაც რეგისტრაციიდან მოსახსნელი პირია რეგისტრირებული, მან, განცხადების გარდა, უნდა წარმოადგინოს საცხოვრისში რეგისტრირებულ პირთა სია და ამ რიცხოვნობის დამადასტურებელი შესაბამისი კომუნალური მომსახურების (ელექტროენერგიის, წყლისა და დასუფთავების) გადასახადების ქვითარი;
  2. თუ განმცხადებელი იმ საცხოვრისის მესაკუთრე არ არის, სადაც რეგისტრაციიდან მოსახსნელი პირია რეგისტრირებული, განცხადებას უნდა ერთოდეს ორი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირის (მოწმის) მიერ განცხადების მიღებაზე უფლებამოსილი თანამშრომლის წინაშე წარდგენილი წერილობითი ახსნა-განმარტება, რომლითაც დასტურდება, რომ რეგისტრაციიდან მოსახსნელ პირს უკანასკნელი ექვსი თვის განმავლობაში კონკრეტულ მისამართზე არ უცხოვრია.

რეგისტრაციიდან მოხსნის ან მასზე უარისთქმისშესახებ გადაწყვეტილებისმიღება ხდება განცხადების წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

მისამართზე რეგისტრირებულ პირთა რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე განცხადების განხილვა უფასოა.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში კიდევ ერთხელ განგვიმარტეს, რომ მესაკუთრეს შეუძლია, სულადობის შესახებ ინფორმაცია გამოითხოვოს. მას აქვს უფლება, დააზუსტოს, მის მისამართზე კონკრეტულად ვინ არის რეგისტრირებული, სახელისა და გვარის მითითებით. ნებისმიერ პირს კი შეუძლია, გამოითხოვოს, ინფორმაცია რეგისტრაციის ადგილზე უშუალოდ პირების რაოდენობის შესახებ, სახელებისა და გვარების გარეშე.

თუ ისეთი ადამიანია მისამართზე რეგისტრირებული, რომელსაც არ უცხოვრია ამ უძრავ ქონებაში 6 თვეზე მეტი ხანი, მესაკუთრეს შეუძლია, რეგისტრაციიდან მოხსნა მოითხოვოს.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში განგვიმარტეს, რომ პროცედურა შემდეგნაირია: რეგისტრაციიდან მოხსნასთან დაკავშირებით როდესაც მათთან განაცხადი შედის, სამსახური კონკრეტულ პიროვნებას აწვდის ინფორმაციას, რომ რეგისტრაციიდან მოხსნასთან დაკავშირებით საქმის წარმოება მიმდინარეობს. მას შეუძლია, საქმის წარმოების პროცესში ჩაერთოს. თუ არ ჩაერთვება, მაშინ უკვე რეგისტრაციიდან მოიხსნება.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანია დეტალია - როდესაც ადამიანები ბინას, საცხოვრებელ ფართს ყიდულობენ, შესაძლოა, ამ მისამართზე რეგისტრირებული პირების შესახებ ინფორმაცია არ მოითხოვონ და კონკრეტულ მისამართზე წინა მესაკუთრეები იყვნენ რეგისტრირებულნი.

თუ ბინის, საცხოვრებელი ფართის შეძენას გეგმავთ, საჯარო რეესტრში, გაფორმების დროს, ოპერატორთან უნდა დააფიქსიროთ, რომ იმ ბინაში რეგისტრირებული ყველა პირი მოიხსნას რეგისტრაციიდან. ამ შემთხვევაში, საჯარო რეესტრი ამ ინფორმაციას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში გადააგზავნის და კონკრეტული პირები რეგისტრაციიდან მოიხსნებიან. თუ მოქალაქემ ყიდვის პროცესში ეს არ გაითვალისწინა, 6 თვე უნდა იყოს გასული, რომ ის პირები, რომლებიც ამ სახლში არ ცხოვრობენ, მესაკუთრემ რეგისტრაციიდან მოხსნას.

რეგისტრაციის ადგილის შემოწმება კი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე შეგიძლიათ.