ბინის რემონტი, კომპიუტერული პროგრამების შექმნა თუ ნივთების შეკეთება - ეს იმ საქმიანობების მცირე ჩამონათვალია, რომლებსაც ნარდობის ხელშეკრულება აწესრიგებს. ამ სამართლებრივ ურთიერთობაში ორი მხარე მონაწილეობს: დამკვეთი და ე.წ. მენარდე, იგივე სამუშაოს უშუალო შემსრულებელი. ნარდობის ხელშეკრულება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით რეგულირდება, რაც მხარეებს შორის წარმოქმნილი ურთიერთობის სამართლებრივ ჩარჩოში მოქცევას უზრუნველყოფს. თემაზე ვრცელი სიუჟეტი "იმედის დილამ" მოამზადა და საკითხი ადვოკატებთან ერთად განიხილა:
ქეთი ქიმბარიშვილი, ადვოკატი: ნარდობის ხელშეკრულებაში ორი მხარე მონაწილეობს. აქ შეიძლება ფიგურირებდნენ როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირები. მნიშვნელობა არ აქვს პირის სტატუსს, ის მენარდესთან დებს ხელშეკრულებას და გარკვეული მოქმედების შესრულებას ან ნივთის დამზადებას ითხოვს. ნარდობის ხელშეკრულების უმთავრესი ელემენტი შედეგია. ჩვენ უნდა დავინახოთ, რომ დადგა კონკრეტული შედეგი და მივიღეთ შესრულებული სამუშაო. მაგალითად, როდესაც პირი მენარდეს რაიმე ნივთის დამზადებას უკვეთს, ხელშეკრულება დასრულებულად მას შემდეგ მიიჩნევა, რაც საბოლოო შედეგს მივიღებთ.
შრომითი ხელშეკრულებისგან განსხვავებით, სადაც დასაქმებული ვალდებულია სამუშაოზე კონკრეტულ საათებში გამოცხადდეს, ნარდობის ხელშეკრულება შემსრულებელს მეტ თავისუფლებას ანიჭებს. აქ პრიორიტეტი არა სამუშაო პროცესის საათობრივი კონტროლი, არამედ მიღწეული შედეგია. მენარდე თავად წყვეტს, დღის რომელ მონაკვეთს დაუთმობს საქმეს, თუმცა მას სრული პასუხისმგებლობა აკისრია სამუშაოს ხარისხსა და ვადების ზუსტ დაცვაზე.
ქეთი ქიმბარიშვილი: არსებობს შემთხვევები, როდესაც ხელშეკრულების შესრულების ვადას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მარტივი მაგალითი რომ მოვიყვანოთ, ასეთია საქორწილო კაბა ან დაბადების დღის ტორტი. თუ ნივთი კონკრეტული თარიღისთვის არ დამზადდა, ის ჩვენთვის აზრს კარგავს და შეგვიძლია თანხა საერთოდ არ გადავიხადოთ. ანუ, მეორე დღეს შესრულებული სამუშაო - თუნდაც დაგვიანება მხოლოდ რამდენიმე საათი იყოს ჩვენთვის მნიშვნელობას კარგავს. თუ ნივთი ნაკლიანია, არ შეესაბამება წინასწარ შეთანხმებულ ხარისხს, დაირღვა ვადა ან არ არის იმგვარი, რისი გონივრული მოლოდინიც გვქონდა, ჩვენ შეგვიძლია, თანხა არ გადავიხადოთ ან ფასი შევამციროთ. ეს მოლაპარაკების საგანია: შესაძლოა ხელშეკრულებაშივე იყოს გაწერილი ან ზეპირსიტყვიერად მოგვარდეს.
სამუშაოსთვის საჭირო ხარჯთაღრიცხვას თავად შემსრულებელი ადგენს. თუმცა, თუ მუშაობის პროცესში მასალები გაძვირდა ან სხვა გაუთვალისწინებელი ხარჯი წარმოიშვა, მენარდე ვალდებულია, ამის შესახებ დამკვეთს დაუყოვნებლივ აცნობოს. სწორედ ამ ინფორმაციის საფუძველზე იღებს დამკვეთი გადაწყვეტილებას, მისაღებია თუ არა მისთვის შეცვლილი პირობები.
ბიძინა ჩხეიძე, ადვოკატი: მიზანშეწონილია, ხელშეკრულებაში კონკრეტული პირობები ჩაიწეროს: რა ვადით ფორმდება შეთანხმება, როდის უნდა დასრულდეს სამუშაო და რა ანაზღაურება ეკისრება დამკვეთს გადახდის პერიოდში. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ვადის გადაცილებისთვის შესაძლოა პირგასამტეხლოც განისაზღვროს. გარდა ამისა, საგნის ექსპლუატაციაში მიღებისას შესაძლოა გამოვლინდეს კონკრეტული დაზიანება, რომელიც ხელშეკრულების დადების დროს არ ჩანდა და მოთხოვნის საფუძველს არ გაძლევდა. სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებისას მოქმედებს ხანდაზმულობის ვადები: უძრავი ქონების შემთხვევაში ეს ვადა ერთი წელია, ხოლო მოძრავი ქონებისას - ხუთი წელი.
კანონმდებლობა ნარდობის ხელშეკრულების ზეპირი ფორმით დადებასაც უშვებს, თუმცა იურისტები, რისკების თავიდან აცილების მიზნით, წერილობით ფორმას გვირჩევენ. ეს საუკეთესო გზაა იმისთვის, რომ სასამართლო დავის შემთხვევაში მხარეებმა მყარი მტკიცებულებები წარადგინონ. ხელშეკრულების ძალაში შესასვლელად მხარეთა ხელმოწერაც საკმარისია, თუმცა ნოტარიული დამოწმება დოკუმენტს დამატებით სამართლებრივ სიმტკიცეს სძენს, მიუხედავად იმისა, რომ ეს სავალდებულო არ არის.
ბიძინა ჩხეიძე, ადვოკატი: ზოგადად, როდესაც ნარდობის ხელშეკრულების დადებისას დამკვეთი ვალდებულია თანხა სამუშაოს დასრულების შემდეგ გადაიხადოს. თუმცა, ეს მოლაპარაკების საგანია და ანაზღაურება შესაძლოა წინასწარაც გაიცეს. ეს შეიძლება იყოს მასალების თანხის გადახდა, ან, თუ საქმე გრძელვადიან პროექტს ეხება (მაგალითად, მშენებლობას), ანაზღაურება შესაძლოა პერიოდულად, ეტაპების მიხედვით გაიცეს - მაგალითად, დემონტაჟის დასრულებისას, მასალების შესყიდვისას, მშენებლობის დაწყებისას ან რემონტის გარკვეულ ეტაპზე.
ნარდობის ხელშეკრულება შედეგზე ორიენტირებული შეთანხმებაა, სადაც უმთავრესი ხარისხი და ვადების დაცვაა. მიუხედავად იმისა, რომ კანონი ზეპირ გარიგებასაც აღიარებს, ურთიერთობის წერილობით გაფორმება და დეტალური ხარჯთაღრიცხვის შედგენა საუკეთესო საშუალებაა გაუთვალისწინებელი პრობლემებისა და სამართლებრივი დავების თავიდან ასაცილებლად.