სოფლის საჯარო სკოლის მასწავლებლებმა სკოლაში უფასო კვების პროგრამა თავად დაიწყეს - "წარმოიდგინეთ, სამი-ოთხი გაკვეთილის შემდეგ მოსწავლე მხოლოდ საჭმელზე რომ ფიქრობს, იქ სწავლაზე კონცენტრაცია რთულია" - მშობლები

სოფლის საჯარო სკოლის მასწავლებლებმა სკოლაში უფასო კვების პროგრამა თავად დაიწყეს - "წარმოიდგინეთ, სამი-ოთხი გაკვეთილის შემდეგ მოსწავლე მხოლოდ საჭმელზე რომ ფიქრობს, იქ სწავლაზე კონცენტრაცია რთულია"

2026-04-16 13:59:31+04:00
  • "ორშაბათობით ფუნთუშები გვაქვს, ოთხშაბათსა და პარასკევს - ლობიანი, ხოლო ხუთშაბათს - კარტოფილის ღვეზელები..."

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ნაკიანის თემის საჯარო სკოლაში 22 მოსწავლე ირიცხება. პედაგოგების ინიციატივით, ბავშვებისთვის სკოლაში 2026 წლის იანვრიდან უფასო კვების პროგრამა დაიწყო. მათემატიკის მასწავლებელმა, ბიძინა ყალიჩავამ, კოლეგებთან ერთად, გადაწყვიტა, საკუთარი ძალებით მოსწავლეებზე ეზრუნა. ბავშვების უფასო კვებას მასწავლებლები თავადაც უზრუნველყოფენ და ამავდროულად, შემოწირულებასაც აგროვებენ. სკოლაში სულ 18 პედაგოგია.

როგორც ბატონი ბიძინა აღნიშნავს, სკოლაში ბუფეტი არ არის. შენობაც არასტანდარტულია. გარდა ამისა, სოფელში არ არსებობს მაღაზია, სადაც მოსწავლეები საკვების შეძენას შეძლებენ. მოსწავლეთა ნაწილი 5-6 კილომეტრიდან გადაადგილდება, ოჯახების უმრავლესობა სოციალურ დახმარებას იღებს, ამიტომ კვებაზე ზრუნვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია:

- უკვე ხუთი წელია, ამ სკოლაში ვმუშაობ. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქიდან დავდივარ, ეს ჩემი მშობლიური სოფელია და აქაური გარემო ჩემთვის ძალიან ახლობელია. პირველ-მეორე კლასებში ბავშვებს შიმშილის პრობლემა განსაკუთრებით ეტყობოდათ. სოფელში არც ერთი მაღაზია ან ჯიხური არ არის, სადაც მოსწავლე საკვების შეძენას შეძლებდა. პრობლემები ერთად დაგროვდა და მე და ჩემმა კოლეგებმა გადავწყვიტეთ, რომ ამ მდგომარეობისთვის ჩვენი ძალებით მიგვეხედა. ​

- რამდენად შესამჩნევია კვების გავლენა მოსწავლეთა აქტივობაზე?

​- აკადემიურ მოსწრებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია, რადგან ეს კომპლექსური საკითხია, თუმცა შედეგი თვალსაჩინოა - ბავშვები ბევრად ენერგიულები გახდნენ. წარმოიდგინეთ, სამი-ოთხი გაკვეთილის შემდეგ მოსწავლე მხოლოდ საჭმელზე რომ ფიქრობს, იქ სწავლაზე კონცენტრაცია რთულია. ახლა კი ბავშვები გაკვეთილებზე უფრო მოტივირებულები არიან. სასიხარულოა ისიც, რომ ყოველგვარი უხერხულობის გარეშე, ყველა მოსწავლე დიდი სიამოვნებით სარგებლობს ამ პროგრამით. ​

- სკოლის შენობაზეც რომ გვითხრათ, რატომ არის ის არასტანდარტული? ​

- ჩვენი სკოლა ყოფილ საერთო საცხოვრებელშია განთავსებული. ჯერ კიდევ 1988 წელს დაიწყეს ახალი სკოლის მშენებლობა, თუმცა ქვეყანაში მომხდარი ცნობილი მოვლენების გამო, პროცესი შეჩერდა და შენობა დღემდე დაუსრულებელია. სკოლა მცირეკონტინგენტიანია. იყო დრო, აქ 260-მდე ბავშვი სწავლობდა, დღეს კი მხოლოდ 22 მოსწავლე გვყავს... ეს სკოლა ერთგვარი ბარიერია, რომელიც სოფელს დაცარიელებისაგან იცავს.

​- როგორია თქვენი ყოველდღიური მენიუ და როგორ ახერხებთ პროდუქტების მობილიზებას? ​

- მენიუს არსებული შემოწირულებებით ვადგენთ. ძირითადად გვაქვს ხილის ჩაი და კისელი, რომელსაც პედაგოგები თავად ვამზადებთ. ამისთვის დასვენებაც კი გავზარდეთ 20 წუთამდე. ორშაბათობით ფუნთუშები გვაქვს, ოთხშაბათსა და პარასკევს - ლობიანი, ხოლო ხუთშაბათს - კარტოფილის ღვეზელები. ​განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია სამშაბათი - ეს ჩემი კოლეგების ინიციატივაა. მასწავლებლებმა თავად გადაინაწილეს მორიგეობა და ყოველ სამშაბათს ერთი პედაგოგი საკუთარი სახსრებით ყიდულობს საჭირო პროდუქტებს. ერთი დღის კვება დაახლოებით 50-60 ლარი ჯდება. ​

- პროგრამა 15 იანვარს დაიწყო. როგორ ხდება შემოწირულებების მიღება?

​- დიახ, 15 იანვრიდან აქტიურად ვმუშაობთ. ადამიანები თანხას გვირიცხავენ და ბავშვებისთვის საჭირო პროდუქტების შეძენას ვახერხებთ.

მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში ინფორმაცია განვათავსე, ჩემს პირად ანგარიშზე შემოწირულებების რიცხვმა იმატა. აღნიშნული თანხით პროდუქტებს ვყიდულობთ, ხოლო სკოლაში მათ ტრანსპორტირებას მასწავლებლები საკუთარი სახსრებით უზრუნველყოფენ.

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ? ხომ არ აპირებთ პროექტის კიდევ უფრო გაფართოებას? ​

- ბოლო დღეებში იმდენად დიდი ინტერესი და მხარდაჭერა ვიგრძენით, რომ მენიუს გამრავალფეროვნებაზე სერიოზულად ვფიქრობთ. გვინდა, რომ ბავშვებს ე.წ. "სწრაფი კვების" პროდუქტების ნაცვლად, ჯანსაღი საკვები და უკეთესი გარემო შევთავაზოთ.

​- ძირითადად ვინ არიან თქვენი შემომწირველები?

- გვეხმარებიან მეგობრები, ემიგრაციაში მყოფი თანასოფლელები და ახლობლები. ბოლო დროს ბევრი სრულიად უცხო ადამიანიც გამოჩნდა, რისთვისაც თითოეულ მათგანს დიდ მადლობას ვუხდით. მათი თანადგომა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია. ​

- როგორია მშობლების დამოკიდებულება, როგორ შეხვდნენ ისინი ამ სიახლეს? ​

- მშობლები ძალიან კმაყოფილები არიან. ბავშვებს სკოლამდე ხშირად 5-6 კილომეტრის გავლა რთულ პირობებში უწევთ, რის გამოც სახლში საუზმობას ვერ ასწრებენ. ზოგიერთს უფრო რთულ პირობებში უწევს ცხოვრება. სკოლაში დანაყრებული მოსწავლე კი ბევრად უფრო ენერგიულია. მასწავლებლებიც მაქსიმალურად გვიდგანან გვერდში.

- ბატონო ბიძინა, ქვეყანაში უკვე წლებია, უფასო კვების პროგრამის ეროვნულ დონეზე დანერგვაზე მსჯელობენ. თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, რამდენად პრიორიტეტულია ამ სისტემის ყველა სკოლაში ამოქმედება?

​- ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი უპირველესი საკითხია, რომელსაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს. სოფლისა და ქალაქის სკოლებს შორის რესურსებისა და მიდგომების თვალსაზრისით, განსხვავება არ უნდა არსებობდეს. ერთ ძველ ჩინურ ანდაზაშია: "ნუ წყევლი სიბნელეს, აანთე სანთელი". ჩვენ ერთი სანთელი უკვე ავანთეთ და თუ ეს ინიციატივა საყოველთაო ხასიათს მიიღებს, ქვეყნისთვის მხოლოდ სასარგებლო იქნება. ​

მინდა მადლიერება გამოვხატო ყველა შემომწირველის მიმართ, მიუხედავად გადმორიცხული თანხის ოდენობისა. თითოეული ლარი ჩვენთვის იმ დიდი სიყვარულის დასტურია, რომელიც ქართველ ხალხს ახასიათებს.

მოსწავლეთა კვების დაფინანსებაში მონაწილეობის მისაღებად შეგიძლიათ, თანხა შემდეგ ანგარიშის ნომერზე ჩარიცხოთ:

GE37LB0111186963123000
მიმღები - ბიძინა ყალიჩავა

თამარ იაკობაშვილი

როდის შეიძლება დაიწყოს უფასო კვების პროგრამა სკოლებში და რას ელოდება სამინისტრო - მინისტრის პასუხი