ბევრ მშობელს ერთხელ მაინც ჰქონია მსგავსი სიტუაცია: დიდხანს ამზადებ, ფიქრობ სწორად მოხარშო, მოთუშო, ვიტამინები არ დაიკარგოს, ცდილობ ყველაფერი საუკეთესო შესთავაზო ბავშვს — და პასუხად იღებ მოკლე და კატეგორიულ პასუხს: „ფუ, არ შევჭამ!“. ასეთ დროს სასოწარკვეთა გიმპყრობს და გგონია, რომ ბავშვის კვებაზე რთული მისია არ არსებობს.
ნუტრიციოლოგები კი ფიქრობენ, რომ ეს ნორმალური პროცესია - ბავშვებში გემოს შეგრძნების განვითარება და ახალი კვებითი ჩვევების ჩამოყალიბება ეტაპობრივად მიმდინარეობს. ამ პროცესის გასამარტივებლად რამდენიმე მნიშვნელოვანი წესის გათვალისწინებაა საჭირო:
ბავშვები ხშირად იმეორებენ უფროსების ქცევას. თუ თავად არ გიყვართ ბოსტნეული და ყოველდღიურად ტკბილეულს მიირთმევთ, ძნელი წარმოსადგენია, რომ ბავშვი ბროკოლს ტკბილეულზე წინ დააყენებს. ხოლო თუ სახლში უფროსები მრავალფეროვნად და ჯანსაღად იკვებებიან, ბავშვიც დროთა განმავლობაში მათ მიბაძავს.
ეს შეიძლება კარგი წახემსება გახდეს ძირითად კერძამდე და ბავშვს შეუმჩნევლად მიაჩვევს ბოსტნეულს.
ხშირად ბავშვი ძირითად კერძს ვერ ჭამს, მაგრამ კალორიებს ტკბილეულით ავსებს. ასეთ შემთხვევაში შიმშილს ვერ გრძნობს და ძირითადი კვების გამოტოვებისკენ მიდრეკილი ხდება. რეალურად კი, როცა ადამიანი შიმშილობს, საკვები უფრო გემრიელად ეჩვენება.
ფრაზები „ჭამე ბოსტნეული, შიგნით ვიტამინებია“ ხშირად უკურეაქციას იწვევს. ჯობია, უბრალოდ დაუდგათ ბავშვს ჯანსაღი საკვები და ზედმეტი ახსნა-განმარტებების გარეშე დააკვირდეთ მის რეაქციას.
მაგალითად, შეგიძლიათ ბავშვს სთხოვოთ დახუჭოს თვალები, გასინჯოს ბულგარული წიწაკა და გამოიცნოს მისი ფერი - წითელი, მწვანე თუ ყვითელი. ასეთი თამაშები ბავშვებში ინტერესს ზრდის და ხშირად სიამოვნებით აგემოვნებენ სხვადასხვა პროდუქტს.
ბავშვების უმეტესობას ახალი საკვების შეყვარებისთვის შესაძლოა 10–15 ცდაც კი დასჭირდეს. თუ რომელიმე ბოსტნეული თავიდან არ მოეწონა, სცადეთ თავიდან, ოღონდ მომზადების განსხვავებული მეთოდებით. გემოზე გავლენას ახდენს ყველაფერი: ტემპერატურა, ტექსტურა და მომზადების ფორმა. მაგალითად, ნედლი სტაფილო შეიძლება არ მოეწონოს, მაგრამ მოხარშული ან წვნიანში მიირთვას.
ასევე მნიშვნელოვანია გახსოვდეთ: ტკბილეული არ უნდა გამოიყენოთ ჯილდოდ და არ უნდა აიძულოთ ბავშვი, ბოლომდე აუცილებლად შეჭამოს — ეს შეიძლება უარყოფითად აისახოს მის დამოკიდებულებაზე საკვების მიმართ.