რა კრიტერიუმით გადასცემს სახელმწიფო ოჯახებს საცხოვრებელ ბინებს და რა შემთხვევაში ეხსნება ეს ვალდებულება - დეტალები - მშობლები

რა კრიტერიუმით გადასცემს სახელმწიფო ოჯახებს საცხოვრებელ ბინებს და რა შემთხვევაში ეხსნება ეს ვალდებულება - დეტალები

2026-04-17 10:08:47+04:00

დევნილი ოჯახები სახელმწიფოსგან ეტაპობრივად იღებენ ბინებს.

წელს 2550 ოჯახის საცხოვრებლით დაკმაყოფილება იგეგმება - 1600-ზე მეტი დევნილი ოჯახი თბილისში, 800 ოჯახი რუსთავში, ხოლო 150 ოჯახი ბორჯომში, ახალაშენებულ საცხოვრებელ კომპლექსებში განსახლდება. 1747 ოჯახს კი ზუგდიდში ბინები 2027 წელს გადასცემენ. ამის შესახებ ინფორმაცია დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდან მოგვაწოდეს.

ინტერვიუში დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო განმარტავს, თუ რა კრიტერიუმებით ხდება ბინების განაწილება, როგორია მიმდინარე სტატისტიკა და რა ვადებში უნდა ელოდონ ოჯახები ახალ საცხოვრებელ კომპლექსებში შესახლებას:

- სახელმწიფო იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს, ახალაშენებულ კორპუსებში, სულადობის გათვალისწინებით, სრულად გარემონტებულ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ბინებს გადასცემს, ხოლო, "სოფლად სახლის" პროგრამის ფარგლებში, მათ მიერ წარმოდგენილ სახლებს შეუსყიდის. ამასთან, იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს, მათი სურვილის გათვალისწინებით, მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცემათ.

დევნილი ოჯახების ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, ერთდროულად ქვეყნის 4 ქალაქში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა მიმდინარეობს.

2026 წელს, 1600-ზე მეტი დევნილი ოჯახი თბილისში, 800 ოჯახი რუსთავში, ხოლო 150 ოჯახი ბორჯომში, ახალაშენებულ საცხოვრებელ კომპლექსებში განსახლდება, ხოლო 1747 ოჯახს ზუგდიდში ბინები 2027 წელს გადაეცემათ. ყველა პროექტი ითვალისწინებს გარე ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობას. ამასთან, პარალელურ რეჟიმში აქტიურად მიმდინარეობს, "სოფლად სახლის" შესყიდვის პროგრამა.

2012 წლიდან დღემდე, სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში, ღირსეული საცხოვრებლით 42 000-ზე მეტ დევნილი ოჯახია უზრუნველყოფილი და ეს პროცესი კიდევ უფრო აქტიურ რეჟიმში გრძელდება.

2012 წლამდე, საცხოვრებელი, მხოლოდ, 19 000-მდე დევნილმა ოჯახმა მიიღო, რომელთა დიდი ნაწილი ვერ აკმაყოფილებდა მინიმალურ სტანდარტს.

ამ ეტაპისთვის, სახელმწიფოს მხრიდან გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფილი არ არის 40 000-მდე დევნილი ოჯახი.

- რა კრიტერიუმების შეირჩევიან ის ოჯახები, რომლებსაც სახელმწიფო ბინას გადასცემს?

- 2013 წელს, უწყებათაშორისმა კომისიამ, რომლის შემადგენლობაში სამთავრობო უწყებებთან ერთად, სახალხო დამცველის აპარატისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები შედიოდნენ, დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი შეიმუშავა (მინისტრის ბრძანება№01-30/ნ - დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ), რომელიც დევნილთა განსახლების პროცედურებსა და კრიტერიუმებს განსაზღვრავს და პროცესის მაქსიმალურ სამართლიანად და ტრანსპარანტულად წარმართვის შესაძლებლობას იძლევა.

დევნილთა გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შემუშავებამ, შესაძლებელი გახადა პრიორიტეტულობის განსაზღვრა, რათა საცხოვრებელი ფართები ყველაზე მეტი საჭიროების მქონე იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს გადაეცეთ. კრიტერიუმები ითვალისწინებს დევნილი ოჯახის როგორც საცხოვრებელ, ისე - სოციალურ მდგომარეობას.

დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა, კანონმდებლობის სრული დაცვით, შესაბამისი ბრძანებით რეგულირდება, სადაც თითოეული კრიტერიუმი დეტალურად არის გაწერილი.

- რეგიონში მცხოვრებმა დევნილმა ოჯახმა შეიძლება, დედაქალაქში მოითხოვოს ბინის გადაცემა და პირიქით?

- მინისტრის №01-30/ნ ბრძანების მე-6 მუხლის, მე-7 პუნქტის თანახმად დადგენილია, რომ დედაქალაქში ბინის მიღების მოთხოვნით განაცხადის გაკეთება, მხოლოდ იმ ოჯახებს შეუძლიათ, რომლებიც თბილისში 2013 წლის 1 ივნისამდე არიან რეგისტრირებულები. დევნილი ოჯახის სურვილის შემთხვევაში, თბილისში რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული ოჯახების რეგიონში განსახლება კანონმდებლობით შეზღუდული არ არის.

- ვის უნდა მიმართოს ოჯახმა ბინის მიღების თაობაზე და რა დოკუმენტებია საჭირო?

- დევნილი ოჯახები ბინის მიღების მოთხოვნაზე განაცხადს, მშენებლობების შესაბამისად, წინასწარ განსაზღვრულ ვადებში აკეთებენ, ხოლო "სოფლად სახლის" შესყიდვის პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს.

ამასთან, მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართის დაკანონების მოთხოვნით, იძულებით გადაადგილებულ ოჯახს შეუძლია დევნილთა სააგენტოს ნებისმიერ დროს მომართოს.

განაცხადები როგორც დევნილთა სააგენტოში და მის ტერიტორიულ სამსახურებში, ისე ქვეყნის მასშტაბით არსებულ ნებისმიერ იუსტიციის სახლში მიიღება. განაცხადის გაკეთებისთვის საჭირო დოკუმენტს წარმოადგენს ოჯახის ყველა წევრის პირადობის მოწმობა.

- განაცხადის დაწერიდან, დაახლოებით, რა პერიოდში ითვალისწინებს სახელმწიფო დევნილი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფას?

- დევნილი ოჯახის მიერ განაცხადის გაკეთების შემდეგ, საცხოვრებლით უზრუნველყოფის კონკრეტული ვადა კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული და დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორებზე, მაგალითისთვის, რამდენად გადაუდებლად საჭიროებს დევნილი ოჯახი განსახლებას, როგორია სახელმწიფოს საბინაო რესურსი.

- საცხოვრებელი ფართი რის მიხედვით დაიანგარიშება? სახელმწიფო ოჯახის სულადობას ითვალისწინებს თუ სტანდარტული ფართის ბინებს გადასცემს?

- დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის შესაბამისად, ახალაშენებულ კორპუსებში დევნილი ოჯახების განსახლებისას გათვალისწინებულია ოჯახის წევრთა რაოდენობა:

  • ოჯახი რომელიც შედგება 1 ან 2 წევრისგან - ერთოთახიანი ბინა;
  • ოჯახი რომელიც შედგება 3 ან 4 წევრისგან - ოროთახიანი ბინა;
  • ოჯახი რომელიც შედგება 5 ან 6 წევრისგან - სამოთახიანი ბინა;
  • ოჯახი რომელიც შედგება 7 ან 8 წევრისგან - ოთხოთახიანი ბინა.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ ბრძანებაში სხვადასხვა საკითხია განმარტებული. მათ შორის, აღნიშნულ ბრძანებაში ვკითხულობთ, რომ წესის შესაბამისად, არ განიხილება იმ დევნილი ოჯახების განაცხადები, რომლებსაც, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, ერთხელ უკვე აქვთ მიღებული საცხოვრებელი ფართი ან/და სათანადო ფულადი დახმარება გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში. სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ბოლო ეტაპზე განიხილება იმ დევნილი ოჯახების დახმარების შესაძლებლობები, რომლებიც არ საჭიროებენ გრძელვადიან განსახლებას, მათ შორის, იმ დევნილი ოჯახების, რომელთა ოჯახის წევრ(ებ)მა საკუთარი სახსრებით შეიძინეს საცხოვრებელი ფართი ან უარი განაცხადეს ამ წესით გათვალისწინებული კენჭისყრისას ან მის შემდგომ, შესაბამისი საორიენტაციო სტანდარტის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.

თუ დევნილი ოჯახი უზრუნველყოფილია გრძელვადიანი საცხოვრებლით, სახელმწიფოს ეხსნება დევნილის ან მისი ოჯახის წევრთა პირდაპირი დამავალი შტოს შთამომავლების საცხოვრებელი ფართობით დაკმაყოფილების ვალდებულება, მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე.

ვრცლად ინფორმაცია შეგიძლიათ, დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ ბრძანებაში წაიკითხოთ.