„გამოიყენეთ ადრენალინი ფიქრისთვის და არა ნერვიულობისთვის“ – EJOI-ის ოქროს მედალოსანი ლუკა მოსიაშვილი ოლიმპიადის 2026 წლის მონაწილეებს გამოცდილებას უზიარებს - მშობლები

„გამოიყენეთ ადრენალინი ფიქრისთვის და არა ნერვიულობისთვის“ – EJOI-ის ოქროს მედალოსანი ლუკა მოსიაშვილი ოლიმპიადის 2026 წლის მონაწილეებს გამოცდილებას უზიარებს

2026-04-17 13:10:59+04:00

2 ოქრო, 4 ვერცხლი და 20 ბრინჯაო - ეს ის მედლებია, რომელიც სხვადასხვა დროს ინფორმატიკის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაში ქართველებმა მოიპოვეს. ჩვენი ქვეყანა წელსაც ტრადიციულად მონაწილეობს EJOI-ში, თუმცა ამჯერად საქართველოს ეროვნული ნაკრების დაკომპლექტებასა და მომზადებას BTU-ს ტექ ოლიმპიადების ჰაბი უზრუნველყოფს.

ტექ ოლიმპიადების ჰაბში ეროვნული ნაკრების დასაკომპლექტებლად მოსწავლეთა რეგისტრაცია უკვე დაიწყო. პირველი საკვალიფიკაციო ტურის საფუძველზე გამოვლინდებიან საუკეთესო კანდიდატები, რომლებიც შემდგომ ქვეყნის ღირსებას საერთაშორისო ასპარეზზე დაიცავენ.

ოლიმპიადაში მონაწილეობა შეუძლიათ 16 წლამდე ასაკის მოსწავლეებს (დაბადებულებს 2010 წლის 31 დეკემბრის შემდეგ). EJOI მონაწილეებს ეხმარება ადრეული ასაკიდანვე დაეუფლონ რთულ ალგორითმებთან მუშაობას, რაც ოპტიმალური გადაწყვეტილებების ძიებას, მონაცემთა სტრუქტურების სიღრმისეულ ცოდნასა და პროგრამირების მაღალ დონეზე ფლობას მოითხოვს.

იმისათვის, რომ მომავალმა ოლიმპიელებმა უკეთ გაიგონ, თუ რა გზის გავლა უწევთ წარმატებისკენ, მათ საკუთარ გამოცდილებას ოქროს მედლის მფლობელი ლუკა მოსიაშვილი უზიარებს.

ლუკა, მოგვიყევი, როგორ დაიწყო შენი დაინტერესება პროგრამირებით?

მე-6 კლასში დავიწყე კომაროვის ინფორმატიკის წრეზე სიარული ზაზა გამეზარდაშვილთან. ძალიან დავინტერესდი პროგრამირებითა და ამოცანებით. კომაროვში ჩაბარების შემდეგ, განვაგრძე მეცადინეობა წრეებზე (მოგვიანებით „მზიურშიც“) და მონაწილეობას ვიღებდი ეროვნულ ოლიმპიადებში. მე-9–მე-10 კლასებიდან უკვე ნაკრებშიც მოვხვდი და სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირზე გავედი.

როგორია საერთაშორისო ოლიმპიადისთვის მზადების პროცესი და რა იყო ყველაზე რთული?

წარმატებისთვის აუცილებელია მთელი წლის განმავლობაში რეგულარული მეცადინეობა. ნაკრებში მოხვედრის შემდეგ, ოლიმპიადამდე რამდენიმე თვით ადრე, წვრთნა კიდევ უფრო ინტენსიური ხდება. ყოფილი ოლიმპიელები და უფროსი მწვრთნელები დაახლოებით 3-4 კვირის განმავლობაში გვიტარებენ მეცადინეობებს. გარდა ამისა, დამოუკიდებლად ბევრს ვმუშაობთ და წინა წლების ამოცანებს ვარჩევთ. ყველაზე რთული ოლიმპიადაზე დროის ოპტიმალურად განაწილება და შესაძლებლობების მაქსიმუმის ჩვენებაა. ამაში წინა წლების ტესტების დროში წერა და სიმულაციები გვეხმარება.

რას ნიშნავდა შენთვის ქვეყნის წარმოდგენა საერთაშორისო ასპარეზზე?

ეს არის ძალიან დიდი შესაძლებლობა და, ამავდროულად, პასუხისმგებლობა, რაც უფრო ინტენსიურად მეცადინეობის სტიმულს გაძლევს. თუმცა, შედეგზე ზედმეტად ნუ დაიძაბებით – ეს წარმატება, პირველ რიგში, თქვენთვისაა ღირებული. ეცადეთ, მაქსიმუმი გააკეთოთ ზედმეტი ემოციური ტვირთის გარეშე.

გაიხსენე ისტორია ოლიმპიადებიდან, რომელიც არასდროს დაგავიწყდება

ყველაზე სამახსოვრო EJOI იყო. პირველი დღის შემდეგ მე-15 ადგილზე ვიყავი, ოქროს კი მხოლოდ პირველი 7-8 მონაწილე იღებდა. ძალიან მინდოდა მეორე დღეს შედეგის გაუმჯობესება. ტური 300-დან 165 ქულით დავასრულე და ვერცხლის მედალს შევეგუე. თუმცა, როცა შედეგები გამოქვეყნდა, აღმოვაჩინე, რომ მე-4 ადგილზე ავსულვარ. ეს დღემდე ჩემი კარიერის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია.

იყო თუ არა მომენტი, როცა დანებებაზე ფიქრობდი და რა დაგეხმარა გაგრძელებაში?

სკოლის პერიოდში პროგრამირებისთვის თავის დანებებაზე არასდროს მიფიქრია. გაგრძელებისთვის მოტივაციას ინტერესი, აზარტი და კარიერული პერსპექტივები მაძლევდა.

დღეს რომ თავიდან იწყებდე, რას გააკეთებდი ოლიმპიადაზე სხვანაირად?

ალბათ, არ ვიფიქრებდი წერის დროს შედეგზე და უბრალოდ ვკონცენტრირდებოდი ქულების აღებაზე ცივი გონებით.

რას ურჩევ ოლიმპიადაში მონაწილეობის მსურველებს?

თუ ხვდებით, რომ ეს სფერო თქვენია, დაუთმეთ დიდი დროს. ეს არ ნიშნავს სხვა ინტერესების დავიწყებას, მაგრამ მუშაობა აუცილებელია. მხოლოდ წრეებზე სიარული საკმარისი არ არის. ამას დიდი დოზით დამოუკიდებელი მეცადინეობა უნდა დაემატოს.

გახსოვდეთ, ნაკრებში მოხვედრა ან მედალი არ არის ერთადერთი სარგებელი – ალგორითმული აზროვნება და კოდის გამართვის უნარი უნივერსიტეტში თუ სამსახურში ძალიან დაგეხმარებათ. შედარებით გამოცდილებს ვურჩევდი, წლის განმავლობაში ხშირად წერონ 5-საათიანი ტესტები სიმულაციისთვის. და ბოლოს, წერისას იფიქრეთ მხოლოდ ამოცანებზე და არა იმაზე, თუ რა გადაწყდება ამ შედეგით. გამოიყენეთ ადრენალინი ფიქრისთვის და არა ნერვიულობისთვის.

შეგახსენებთ, რომ EJOI-ზე I საკვალიფიკაციო ტურის რეგისტრაცია აპრილის ბოლომდე გაგრძელდება. რეგისტრაცია შესაძლებელია შემდეგბმულზე.

R