"ცოფით გარდაცვლილთა უმეტესობას მცირე დაზიანება ჰქონდა, რასაც ყურადღება არ მიაქციეს, განსაკუთრებით საყურადღებოა ნაჩხვლეტი ჭრილობები" - რაბილოგი ცოფის აცრის შესახებ - მშობლები

"ცოფით გარდაცვლილთა უმეტესობას მცირე დაზიანება ჰქონდა, რასაც ყურადღება არ მიაქციეს, განსაკუთრებით საყურადღებოა ნაჩხვლეტი ჭრილობები" - რაბილოგი ცოფის აცრის შესახებ

2026-04-18 17:53:28+04:00

ცოტა ხნის წინ წალკიდან შემაშფოთებელი ამბავი გავრცელდა: მელამ ძაღლები დაკბინა, რასაც ერთთვიანი კარანტინი და ცხოველების მასშტაბური ვაქცინაცია მოჰყვა. აიცრა ყველაფერი - ძაღლებითა და კატებით დაწყებული, ვირებითა და ღორებით დამთავრებული.

ასეთ დროს ყველას ერთი და იგივე კითხვა გვიჩნდება: რამდენად დაცულები ვართ ჩვენ და ჩვენი ოთხფეხა მეგობრები? რას ნიშნავს კარანტინი პრაქტიკაში და რა უნდა ვიცოდეთ, რომ პანიკაში არ ჩავვარდეთ, მაგრამ არც საფრთხე გამოგვრჩეს მხედველობიდან?

სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, ყველაფერი რაბიოლოგ ბადრი ბაზაევისთვის გვეკითხა. ის სწორედ იმ ადამიანებს ეხმარება, ვისაც ცხოველთან საეჭვო კონტაქტი ჰქონდა. ინტერვიუში ბევრ ისეთ დეტალზე ვისაუბრეთ, რაც ალბათ ყველა პატრონმა და მშობელმა უნდა იცოდეს.

- ბატონო ბადრი, გავრცელებულია მოსაზრება, რომ ცხოველში ცოფი აუცილებლად აგრესიული ქცევით ვლინდება. სინამდვილეში, რა სიმპტომებს უნდა მიაქციოს ყურადღება პატრონმა?

- გარკვეული სიმპტომების ქონა ან არქონა ცალსახად არ ნიშნავს, რომ ცხოველს ცოფი აქვს ან არ აქვს. შესაძლოა, დაავადებული ცხოველი სრულიად მშვიდად გამოიყურებოდეს და აგრესიით არ გამოირჩეოდეს; პირიქით, იყოს შეშინებული, კუთხეში მიყუჟული და არც კბენის ან გადაადგილების თავი ჰქონდეს. ასევე, არც ცხოველის აგრესიულობა ნიშნავს იმას, რომ ის აუცილებლად ცოფითაა დაავადებული.

მსგავს შემთხვევებს ჩვენ საეჭვოდ მივიჩნევთ, რადგან ზუსტი შეფასება მხოლოდ ლაბორატორიული კვლევითაა შესაძლებელი. სრულიად დასაშვებია, რომ ცხოველი სხვა მიზეზით იყოს გაღიზიანებული - მაგალითად, თუ მანქანას ან ველოსიპედისტს გაეკიდა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ის ცოფიანია. დაავადებული ძაღლი შეიძლება რამდენიმე დღის განმავლობაში სრულიად ადეკვატურად იქცეოდეს და სიმპტომები მხოლოდ სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე გამოუვლინდეს. სწორედ ამიტომ ვურჩევ დაკბენილ ადამიანს, ნებისმიერ შემთხვევაში გაიაროს კონსულტაცია რაბიოლოგთან.

- როდესაც ადამიანს ცოფით დაავადებული ცხოველი დაკბენს, აცრა გადარჩენის ერთადერთი შანსია. თავად ცხოველს თუ აქვს გადარჩენის ან მკურნალობის რაიმე პერსპექტივა?

- არა, თუ ცოფი უკვე გამოვლინდა, ეს პროცესი მხოლოდ სიკვდილით მთავრდება. თუმცა, არსებობს ერთი თავისებურება: გარეული ცხოველი შეიძლება იყოს დაავადებული და ინფექციის გამავრცელებელი, მაგრამ ისე მალე არ მოკვდეს, როგორც ძაღლი ან კატა. ამიტომ, როდესაც საქმე გარეული ცხოველის ნაკბენს ეხება, ადამიანებს ყველა შემთხვევაში უტარდებათ აცრის სრული კურსი. შინაური ცხოველები - ძაღლი და კატა კი დაავადების კლინიკური გამოვლენიდან, ჩვეულებრივ, ათ დღეში იღუპებიან....წაიკითხეთ ვრცლად