ზოგჯერ რეალური ისტორიები უფრო შემზარავია, ვიდრე ნებისმიერი გამოგონილი სცენარი. ასეთი შემთხვევები ხდება მაშინაც, როცა მშობელი საკუთარ შვილს ზიანს აყენებს არა იმიტომ, რომ სძულს, არამედ იმისთვის, რომ სხვათა ყურადღების მიიპყროს და ამისგან სარგებელი მიიღოს.
ყველას ახსოვს ჯიპსი როუზ ბლანშარის ისტორია, რომელიც საკუთარი დედის მკვლელი გახდა, 8 წლის წინ იმდენად ფართოდ გაშუქდა მედიაში, რომ მის საფუძველზე დოკუმენტური ფილმი და სერიალი გადაიღეს. გოგონას დედას ფსიქიატრიაში იშვიათი შემთხვევა — დელეგირებული მიუნჰაუზენის სინდრომი ჰქონდა. დედა სარგებელს იღებდა საზოგადოების ყურადღებიდან, თანაგრძნობიდან და იმ ფინანსური დახმარებებიდან, რასაც „მძიმედ ავადმყოფი“ შვილის გამო იღებდა. თუმცა ჯიპსის ისტორია ერთადერთი არ არის — უბრალოდ სხვები ასე ძლიერ არ გახმაურებულა.
ჯიპსის შემთხვევას წინ უძღოდა ბიჭის ისტორია, რომლის სახელიც მედიაში არ გამჟღავნებულა. ცნობილია მისი დედა, ლიზა ჰაიდენ-ჯონსონი, რომელიც სასტიკად ეპყრობოდა შვილს - ეტლში სვამდა და ცდილობდა, რომ „დიდი ბრიტანეთის ყველაზე ავადმყოფი ბავშვის“ სტატუსი მიეღო.
მისთვის ეს „წარმატება“ იყო, რადგან სწორედ ბავშვის დაავადებები იზიდავდა საზოგადოების ყურადღებას და დედა ამ „დიდებით“ სარგებლობდა.
ყველაფერი 2001 წელს დაიწყო, როცა ბიჭი ვადაზე 9 კვირით ადრე მოევლინა ქვეყანას. ის სპეციალურ განყოფილებაში გადაიყვანეს და ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეაერთეს. როცა დედამ სცადა ძუძუთი კვება, ბავშვმა ძუძუს წოვა ვერ შეძლო და ამიტომ მას საკვები ცხვირიდან ზონდით მისცეს.
სწორედ მაშინ განიცადა დედამ გარშემომყოფთაგან პირველად თანაგრძნობა და განსაკუთრებული ყურადღება, რამაც უცნაური სიამოვნება მოჰგვარა.
როცა ბავშვი სახლში წაიყვანა, პატარას ჯანმრთელობის პრობლემები თანდათან გამოსწორდა, მაგრამ დედა ამით კმაყოფილი არ იყო. ის კვლავ იძახებდა სასწრაფოს ღამით და ამტკიცებდა, რომ ბავშვი იხრჩობოდა.
მოგვიანებით ბავშვის ცხოვრება ნამდვილ კოშმარად იქცა. დედა წლების განმავლობაში „მკურნალობდა“ მას მძიმე დიაგნოზებით, რომლებიც თავადვე გამოიწვია. ბავშვი კი ამას იჯერებდა და თავს ავადმყოფად მიიჩნევდა.
მისი დიაგნოზები იყო:
ეს საშუალებას აძლევდა დედას მიეღო შემოწირულობები, დახმარებები და საჩუქრები, ასევე შეხვედროდა ცნობილ ადამიანებს — მათ შორის იორკის ჰერცოგინია სარა ფერგიუსონს და ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრ ტონი ბლერს.
2005 წელს ბავშვს საკვების მიმწოდებელი მილი დაუდგეს. დედა ამტკიცებდა, რომ მას იშვიათი ალერგია ჰქონდა, რომლის მსგავსი მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა არსებობდა.
სასამართლოზე გაირკვა, რომ ბავშვს 325 სამედიცინო ჩარევა ჩაუტარდა, მათ შორის გასტროსტომია - ნარკოზის ზემოქმედების ქვეშ კუჭში საკვები მილის დამაგრება, რათა საჭმელი მუდმივად მილის საშუალებით მიეღო.
ლიზა აიძულებდა შვილს ეტლით ევლო, მიუხედავად იმისა, რომ ბიჭუნას დამოუკიდებლად სიარული შეეძლო. ასევე აიძულებდა მუდმივად მზის სათვალეების ტარებას და ხელოვნურად ზრდიდა სისხლში შაქრის დონეს, რათა დიაბეტი დაემტკიცებინა.

2007 წელს, როცა ბიჭი 6 წლის იყო, დედამ უკვე 130 000 ფუნტამდე შემოწირულობა მიიღო და სატელევიზიო შოუებშიც მონაწილეობდა.
თუმცა ერთმა დაკვირვებულმა ექიმმა ბავშვის სრული გამოკვლევა მოითხოვა. ამისთვის საჭირო იყო მისი 3 დღით საავადმყოფოში დატოვება, რამაც დედა პანიკაში ჩააგდო.
იმავე წლის მაისში მან სცადა გამოგონილი ისტორიის შეთხზვა — თითქოს უცნობმა მოტოციკლისტმა სექსუალური ძალადობა განახორციელა მასზე. თავად მიიყენა დაზიანებები და ამით პოლიციის ყურადღების გადატანა სცადა.
მაგრამ როცა პოლიცია სწორ კვალს დაადგა და მისი დაკავება გადაწყვიტა, ქალმა აღიარება არჩია.
მეზობელმა და მედდამ კეიტ ნიტმა სასამართლოში აღნიშნა, რომ საჯაროდ ბავშვს ავადმყოფად აცხადებდა, ხოლო სახლში ბიჭუნა ფეხზეც დგებოდა, ფეხბურთსაც თამაშობდა, ველოსიპედითაც სეირნობდა და ტკბილეულსაც ჭამდა.თუმცა იმ დროს ბავშვი ჯერ კიდევ ძალიან პატარა იყო და ბოლომდე ვერ აცნობიერებდა, რატომ უშლიდა ამ ყველაფერს დედა.

პოლიციამ ვიდეოებიც აღმოაჩინა, სადაც ბავშვი თავისუფლად დარბოდა და ჭამდა.
ლიზა ჰაიდენ-ჯონსონი 3 წლითა და 3 თვით დააპატიმრეს. ბევრი მიიჩნევს, რომ ეს სასჯელი ზედმეტად მსუბუქია, რადგან ბავშვი 6 წლის განმავლობაში იტანჯებოდა.
პროკურორის თქმით, ქალის ცრუ სამედიცინო და ფსიქოლოგიური ზრუნვა რეალურად ბავშვის მუდმივ ტანჯვას ნიშნავდა.
დაკავების შემდეგ ქალი არ აღიარებდა დანაშაულს და არც ბოდიში მოუხდია.
ამ ამბიოსბკიდევ ერთი დიდი უცნაურობა ისაა, რომ ბიჭი დედსთან მარტო როდი ცხოვრობდა. ოჯახში მამაც იყო და უფროსი დაც. თუმცა ის ისე დამაჯერებლად ატყუებდა ყველას, რომ ქმარს ეჭვი არ გასჩენია. დანაშაულის გამოვლენის შემდეგ ლიზხა ჰაიდენს ქმარი გაშორდა. დღეს ბიჭი მამასთან და უფროს დასთან ცხოვრობს.
ბავშვი ახლა დაახლოებით 25 წლის უნდა იყოს, თუმცა მისი შემდგომი ცხოვრება უცნობია. ფსიქოლოგები ფიქრობენ, რომ დედის საქციელი მის ცხოვრებაზე სერიოზულ კვალს დატოვებდა.