რომელ ასაკში დაველაპარაკოთ გოგონას პირველ მენსტრუაციაზე, რომ მისთვის მოულოდნელი არ იყოს - მშობლები

რომელ ასაკში დაველაპარაკოთ გოგონას პირველ მენსტრუაციაზე, რომ მისთვის მოულოდნელი არ იყოს

2026-04-20 08:37:13+04:00

მენსტრუაცია ქალის ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია. რაც უფრო მომზადებული იქნება გოგო პირველ გამოცდილებამდე, მით ნაკლებად სტრესული და ტრავმული იქნება ეს პერიოდი მისთვის. საშუალოდ პირველი მენსტრუაცია 12 წლის ასაკში იწყება, თუმცა ყველაფერი ინდივიდუალურია — ზოგიერთ გოგოს შეიძლება 8 წლის ასაკშიც დაეწყოს, სხვებს კი 15 წლამდეც არ ჰქონდეთ.

როდის და როგორ დავიწყოთ საუბარი

რაც უფრო ადრე გაიგებს გოგო, რა ელის მას, მით უფრო მარტივად მოემზადება ამ ცვლილებისთვის. მენსტრუაცია მხოლოდ თვიურ სისხლდენას არ ნიშნავს — მასთან ერთად მოდის ჰორმონალური და ფიზიკური ცვლილებებიც.

გოგო შეიძლება საკმაოდ ადრე დაინტერესდეს საკუთარი სხეულით. ამ დროს მნიშვნელოვანია მისი განვითარების დონე გავითვალისწინოთ. მაგალითად, შეიძლება დაგისვას კითხვები ჰიგიენურ საშუალებებზე — ასეთ შემთხვევაში არ ღირს რაიმე „გამოგონილი“ პასუხების გაცემა. ჯობს მარტივად და გულწრფელად აუხსნათ, ასაკის შესაბამის ენაზე, რას წარმოადგენს ეს საშუალებები და რისთვის გამოიყენება.

მენსტრუაციაზე საუბრის დაწყების საბაბი შეიძლება იყოს ყველაფერი — ახალი ამბები, ფილმი, წიგნი ან თუნდაც რეკლამა. არ ღირს დაელოდოთ, როდის მოვა შვილი თვითონ თქვენთან - შეიძლება ერიდებოდეს ან საერთოდ არ ფიქრობდეს ამაზე.

ყურადღება მიაქციეთ სხეულის ცვლილებებსაც: სამედიცინო მონაცემების მიხედვით, მკერდი იწყებს ზრდას დაახლოებით ორი წლით ადრე, ვიდრე პირველი მენსტრუაცია დადგება, ხოლო დაახლოებით ნახევარი წლით ადრე ჩნდება თმა ბოქვენისა და იღლიების არეში. თუ ასეთ ცვლილებებს შეამჩნევთ, ეს უკვე კარგი დროა საუბრის დასაწყებად.

როგორ მოვემზადოთ საუბრისთვის

ეცადეთ, წინასწარ მოემზადოთ როგორც ინფორმაციულად, ისე ემოციურად. ბევრ ადამიანს, ვინც 80-იან და 90-იან წლებში გაიზარდა, მსგავსი საუბარი მშობლებთან არ ჰქონია, ამიტომ ბუნებრივია, რომ ნერვიულობდეთ კიდეც.

იფიქრეთ, რა ინფორმაცია გსურთ გაუზიაროთ და როგორი ტონით ისაუბრებთ. მზად იყავით იმისთვისაც, რომ ბავშვს ბევრი კითხვა გაუჩნდეს და ეცადეთ, მათ გულწრფელად უპასუხოთ.

საკუთარი გამოცდილების გაზიარება

გაიხსენეთ, როდის დაგეწყოთ თქვენ პირველი მენსტრუაცია და როგორ ჩაიარა ამ პერიოდმა. ეს ინფორმაცია შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს, რადგან მემკვიდრეობით ფაქტორსაც აქვს მნიშვნელობა. მოუყევით შვილს, როგორ გრძნობდით თავს, რამდენ ხანს გრძელდებოდა მენსტრუაცია და როგორ უმკლავდებოდით მას. როცა უკვე აუხსნით, როგორ მიმდინარეობს მენსტრუაცია და რას უნდა ელოდოს, აუცილებლად ისაუბრეთ ჰიგიენაზეც. შეგიძლიათ გააცნოთ სხვადასხვა საშუალებები

მენსტრუაცია არ არის სირცხვილი

წლების განმავლობაში მენსტრუაცია სირცხვილად მიიჩნეოდა — ხშირად მასზე "ის მაქვს" ამბიბდნენ, სახელსაც არ წარმოთქვამდნენ და სკოლაში ტანსაცმელზე ლაქის გამო ბავშვები დაცინვის მსხვერპლიც ხდებოდნენ. საბედნიეროდ, ეს დამოკიდებულება ნელ-ნელა იცვლება და დღეს ქალები უფრო თავისუფლად საუბრობენ ამ თემაზე.

მნიშვნელოვანია, ასწავლოთ გოგოს, რომ მასში მიმდინარე ცვლილებები ბუნებრივია. ზრდა და განვითარება ლამაზი პროცესია და მენსტრუაციაში არაფერია სამარცხვინო.

რამდენ ხანს უნდა გრძელდებოდეს ნორმალური ციკლი, როდის ითვლება მენსტრუაციის გადაცდენა საყურადღებოდ და რა იწვევს ჭარბ მენსტრუაციას - მანანა მგალობლიშვილი საუბრობს

ადრეული, დაგვიანებული, მტკივნეული მენსტრუაცია, სათესლეების ადრეული ზრდა ან ზრდის დაგვიანება, ცვლილებები განწყობასა და ქცევაში... - ენდოკრინოლოგები მოზარდების ჰორმონალურ დარღვევებზე, რომლებიც მშობლებს არ უნდა გამოეპაროთ