„გაჩნდება სივრცე, სადაც ბავშვები ერთმანეთს აზრებს გაუზიარებენ, იმსჯელებენ და შეიყვარებენ კითხვას“ - „ბიბლუსმა“ და „წიგნიერების გამავრცელებელმა საზოგადოებამ” ბიბლიოთეკა კიდევ ერთ არაქართულენოვან სკოლაში მოაწყვეს - მშობლები

„გაჩნდება სივრცე, სადაც ბავშვები ერთმანეთს აზრებს გაუზიარებენ, იმსჯელებენ და შეიყვარებენ კითხვას“ - „ბიბლუსმა“ და „წიგნიერების გამავრცელებელმა საზოგადოებამ” ბიბლიოთეკა კიდევ ერთ არაქართულენოვან სკოლაში მოაწყვეს

2026-04-20 10:17:53+04:00

ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფელ ალათუმანის სკოლაში ახალი ბიბლიოთეკა გაიხსნა. ახალაქალაქის რაიონში ბიბლიოთეკა გახსნა „წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოებისა“ და „ბიბლუსი ჯგუფის“ ორგანიზებით მოხდა. სოფელში წიგნები გიორგი კეკელიძემ ჩაიტანა და ადგილობრივ მოზარდებსაც შეხვდა.

სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი სოფო ბერიძე აღნიშნავს, რომ ეს ახალი ბიბლიოთეკა სკოლისა და სოფლისთვის ნამდვილი საგანძურია. სოფო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამის „არაქართულენოვანი სკოლების მხარდაჭერა“ მონაწილეა უკვე მე-12 წელია. პროგრამას საქართველოს მასშტაბით არაქართულენოვან სკოლებში წარგზავნილი ჰყავს მაღალკვალიფიციური მასწავლებლები, რომლებიც ძალ-ღონეს არ იშურებენ, რათა ქართული ენა შეასწავლონ როგორც მოსწავლეებს, ასევე ადგილობრივი თემის წარმომადგენლებს.

სოფო თავად გვესაუბრება ალათუმანის სკოლის და ზოგადად, ეთნიკური უმცირესობებისთვის ქართული ენის შესწავლის, ქართულ ლიტერატურაზე ხელმისაწვდომობის მნიშვნელობაზე.

თავდაპირველად, გაგვაცანით სოფელი ალათუმანი

სოფელი ალათუმანი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან საკმაოდ მაღლა, დაახლოებით 1700 მეტრზე მდებარეობს. ეს არის ტრადიციებითა და ისტორიით მდიდარი სოფელი, სადაც ამჟამად 100-მდე ოჯახი ცხოვრობს. ალათუმანი გამორჩეულია თავისი სტუმარმასპინძლობით და დიდი პასუხისმგებლობით, რასაც ადგილობრივი მოსახლეობა განათლებისა და მომავალი თაობების მიმართ იჩენს.

როგორია სასკოლო გარემო და რა არის ის ძირითადი საჭიროებები, რაც დღეს სკოლის წინაშე დგას?

ალათუმანის საჯარო სკოლა არის სრული, 12-კლასიანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება. ამ ეტაპზე ჩვენთან 53 მოსწავლე იღებს განათლებას. რაც შეეხება გამოწვევებს, ჩვენი მთავარი მიზანია მოსწავლეებისათვის თანამედროვე, სრულფასოვანი გარემოს შექმნა. ყველაზე დიდ საჭიროებას ამ დრომდე მხატვრული ლიტერატურის სიმცირე და სასკოლო ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარება წარმოადგენს. მაღალმთიან სოფლებში წვდომა ახალ გამოცემებზე ხშირად შეზღუდულია. თვითონ სოფელშიც არ არის სასოფლო ბიბლიოთეკა, სადაც ახალგაზრდას, სოფლის მაცხოვრებელსა თუ სკოლის მოსწავლეს მიეცემა საშუალება სასურველ წიგნზე ჰქონდეს წვდომა.

აქვე მინდა გითხრათ, რომ ალათუმანის სკოლის დირექტორი განსაკუთრებით ცდილობს ხელი შეუწყოს სასწავლო პროცესში არაფორმალური განათლების დანერგვას. მაგალითად, ჩემი ინიციატივით ვმეგობრობთ ადიგენის რაიონის ქართულენოვან სოფელ საღირეთის სკოლასთან. მაისის თვეში ასევე უნდა დავმეგობრდეთ აწყურის ქართულენოვან სკოლასთან. ხშირად ვაწყობთ გასვლით შემეცნებით-საგანმანათლებლო ექსკურსიებს.

რამდენად დიდი გამოწვევაა დღეს სკოლისა და ზოგადად, სოფლისთვის ქართული ენის სათანადოდ შესწავლა?

ჩვენს რეგიონში ქართული ენის შესწავლა მხოლოდ ყოველდღიური პროცესი არ არის. ეს არის სახელმწიფოებრივი აზროვნების საფუძველთა საფუძველი, ინტეგრაციის მთავარი გასაღები. ალათუმანის საჯარო სკოლაში სახელმწიფო ენის სწავლება პრიორიტეტთა პრიორიტეტია. მოსწავლეებმა და მათმა მშობლებმა კარგად იციან, რომ ქართული ენის სრულყოფილი ფლობა მათ გზას უხსნის საუკეთესო უნივერსიტეტებისაკენ, კარიერული წინსვლისა და ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულფასოვანი ჩართულობისკენ. ჩვენ ვცდილობთ ენა არ იყოს მხოლოდ სახელმძღვანელოებში გამოკეტილი წესები, არამედ იქცეს ცოცხალ ყოველდღიურ კომუნიკაციად.

ჩვენს სკოლაში ქართული ენის შესწავლა ხდება არა მხოლოდ წესების დაზეპირებით, არამედ კლუბური მუშაობით, პროექტებითა და შემოქმედებითი აქტივობებით.

რა როლს შეასრულებს ამ პროცესში ის ბიბლიოთეკა, რომელიც „ბიბლუსისა“ და „წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების“ ინიციატივით შეიქმნა?

მეტად მნიშვნელოვანი და სასიხარულო იყო ბატონი გიორგი კეკელიძის ვიზიტი ალათუმანის საჯარო სკოლაში. სკოლას ამ ეტაპზე ბევრი რამ სჭირდება, მათ შორის მეტი ქართული ლიტერატურა და თვალსაჩინოებები, რაც სკოლას სახელმწიფო ენის შესწავლას უფრო საინტერესოს გახდის. ჩვენი ოცნებაა სკოლის ეზოში მოვაწყოთ ისეთი სივრცე, სადაც ბავშვები გაკვეთილების შემდეგაც შეძლებენ განვითარებას.

როდესაც მაღალმთიან სოფელში თანამედროვე, ფერადი და საინტერესო ლიტერატურა შემოდის, ეს პირდაპირ აისახება ბავშვების მოტივაციაზე. გიორგი კეკელიძის ვიზიტი და „ბიბლუსის“ მხარდაჭერა იყო უდიდესი სტიმული. ამ წიგნებით ჩვენ საფუძველს ჩავუყრით სკოლაში კითხვის კლუბის დაარსებას. ეს კი ნიშნავს, რომ სკოლაში გაჩნდება სივრცე, სადაც ბავშვები ერთმანეთს აზრებს გაუზიარებენ, იმსჯელებენ და შეიყვარებენ კითხვას. წიგნი არის ფანჯარა, საიდანაც ჩვენი მოსწავლეები სამყაროს დაინახავენ.

როგორი იყო ბავშვების რეაქცია საჩუქრად მიღებულ წიგნებზე?

სოფელში იცოდნენ, რომ სკოლისთვის წიგნები უნდა მოეტანათ. განსაკუთრებით უხაროდათ პატარებს, რომლებიც მოსულ სტუმრებს გარეთ შეეგებნენ და დიდი ინტერესითა და სიხარულით ფურცლავდნენ და ათვალიერებდნენ წიგნებს.

R