​რა შემთხვევაში გაუქმდება აბიტურიენტის სარეგისტრაციო განაცხადი და ვის ევალება ატესტატის წარდგენა - დეტალები - მშობლები

​რა შემთხვევაში გაუქმდება აბიტურიენტის სარეგისტრაციო განაცხადი და ვის ევალება ატესტატის წარდგენა - დეტალები

2026-04-20 11:04:43+04:00

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის აბიტურიენტთა ცნობარი გამოაქვეყნა. ცნობარში სხვადასხვა დეტალია განხილული. მათ შორის ის, თუ რა შემთხვევაში შეიძლება, აბიტურიენტის სარეგისტრაციო განაცხადი გაუქმდეს და ვის ევალება ატესტატის წარდგენა. ეს დეტალები ხშირად აბიტურიენტებისათვის დამაბნეველია, ამიტომ კიდევ ერთხელ განვმართავთ:

აბიტურიენტის სარეგისტრაციო განაცხადი გაუქმდება, ან რანჟირების დოკუმენტის შედგენისას მისი შედეგები არ იქნება განხილული, თუ მან:

  • ​გამოცდამდე დაწერა განცხადება და მოითხოვა რეგისტრაციის გაუქმება (განცხადებას თან უნდა დაერთოს აბიტურიენტის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი);
  • ​ვერ მოიპოვა/არ აქვს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი/მასთან გათანაბრებული დოკუმენტი; ​
  • შესაბამის ვადებში არ წარმოადგინა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიღებულია 2011 წლამდე, ან თუ მის საგამოცდო ბარათზე დატანილია მოთხოვნა ატესტატის ცენტრში წარმოდგენის თაობაზე; ​
  • შესაბამის ვადებში არ წარმოადგინა სრული ზოგადი განათლების ან მისი აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი (აბიტურიენტებმა, რომლებმაც სრული ზოგადი განათლება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიიღეს;
  • აბიტურიენტებმა, რომლებსაც აქვთ საქართველოში განხორციელებული, მაგრამ საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის შედეგად გაცემული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც გათანაბრებულია ატესტატთან და იძლევა განათლების შემდგომ საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლებას); ​
  • სრული ზოგადი განათლება უცხო ქვეყანაში მიიღო და შესაბამისი განათლების აღიარების დოკუმენტი არ წარმოადგინა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში მიმდინარე წლის 11 აგვისტოს 18:00 საათამდე.

როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში გვითხრეს, ატესტატის წარდგენის ვალდებულების შესახებ ზემოთ ჩამოთვლილ შემთხვევაში შეხსენება საგამოცდო ბარათზეც იქნება, რომელსაც თითოეული აბიტურიენტი ინდივიდუალურად მიიღებს.

კიდევ ერთხელ რომ განვმარტოთ, ატესტატის წარდგენის ვალდებულება შეეხება მხოლოდ იმ აბიტურიენტებს, რომელთა საგამოცდო ბარათზეც შესაბამისი ინფორმაცია იქნება მითითებული.

ატესტატი შეგიძლიათ, წარადგინოთ, როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში, ისე იმ რაიონის რესურსცენტრში, სადაც ცხოვრობთ. ამის შესახებ ცენტრი პერიოდულად კიდევ გამოაქვეყნებს დამატებით ინფორმაციასა და შეხსენებას.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე აბიტურიენტთა რეგისტრაცია კვლავ მიმდინარეობს. რეგისტრაცია 11 მაისის 18:00 საათამდე გაგრძელდება.

გაითვალისწინეთ, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობას არადამამთავრებელი კლასის მოსწავლე ვერ მიიღებს.

თამარ იაკობაშვილი