მეან-გინეკოლოგი, თსსუ პროფესორი, ნიკოლოზ კინტრაია, გადაცემაში "პირადი ექიმი მარი მალაზონია" საუბრობს, რომელი ასაკი ითვლება ორსულობისა და მშობიარობისთვის ნაადრევად და რომელი - ე.წ. ხანდაზმულად:
- ადრე 28 წელი ითვლებოდა… ჩვენ ასე გვასწავლიდნენ, რომ 28 წლის შემდეგ მშობიარობა უკვე ხანდაზმულად მიიჩნეოდა. თუმცა, 28 წლის ასაკი ხანდაზმულობისგან შორს არის, უბრალოდ მშობიარობისთვის ითვლებოდა, რომ ეს უკვე აღარ იყო პატარა ასაკი, განსაკუთრებით პირველ მშობიარობაზე.
ხანდაზმული მშობიარობის ასეთი უნიფიცირებული განმარტება მსოფლიოში არ არსებობს, მაგრამ განვითარებულ ქვეყნებში, უმრავლესობა 35 წლის ზევით ასაკს მიიჩნევს ხანდაზმულად. ზოგი ქვეყანა კი თვლის, რომ ხანდაზმული მშობიარე 40 წლის ზევით არის. ეს ასაკი ბოლო დროს გაიზარდა. რაც შეეხება იმას, თუ საიდან უნდა დაიწყოს ოპტიმალური ასაკი მშობიარობისთვის, პრინციპში ყველგან 18 წელია მიღებული.
18 წლამდე მშობიარობა მაინც მაღალ რისკად ითვლება, ისევე როგორც 35-40 წლის ზევით ასაკი.
- რისკი არსებობს როგორც დედისთვის, ასევე ნაყოფისთვის. რაც შეეხება პატარა ასაკის მშობიარეებს, იქ უფრო მეტი რისკი დედის მხრიდანაა. როგორც ბრძანეთ, ორგანიზმი ჯერ ბოლომდე გაზრდილი და ჩამოყალიბებული არ არის. ასეთი პაციენტები არა მარტო ფიზიკურად, არამედ ფსიქოლოგიურადაც არ არიან მზად იმისთვის, რომ იმშობიარონ ან მერე დედობის სირთულეებს გაუმკლავდნენ. ამიტომ მათ განსაკუთრებული გვერდში დგომა და დახმარება სჭირდებათ. თუმცა, ნებისმიერ ასაკში ორსულობა უნდა დაიგეგმოს. ყველაფერი კარგად მიდის მაშინ, როცა ორსულობა წინასწარ არის დაგეგმილი. თუ ასე ხდება, 18 წლამდე ასაკში, რა თქმა უნდა, ურჩევენ, რომ ჯერ არ დაგეგმოს ორსულობა. რაც შეეხება უფრო მოგვიანებით ასაკს, დავუშვათ 35 წლის ზევით, აქ რისკები დედის მხრივაც არსებობს და ნაყოფის მხრივაც. ნაყოფის მხრივ იზრდება გენეტიკური დაავადებების და ქრომოსომული დარღვევების რისკი - როგორიცაა, მაგალითად, დაუნის სინდრომი, ანუ 21-ე, მე-18 და მე-13 ქრომოსომების ტრისომიები. ეს არ ნიშნავს, რომ ეს დარღვევები აუცილებლად იქნება, მაგრამ რისკი მაღალია და ამიტომ სკრინინგია საჭირო...
ამის გამო ქალებმა დაორსულებაზე უარი არ უნდა თქვან. უბრალოდ, ხდება ამ ქალბატონების წინასწარ მომზადება, თუნდაც ფოლიუმის მჟავის მიღებით და ამ ფონზე დაორსულება. თუმცა, მხოლოდ ფოლიუმის მჟავა არ არის საკმარისი. რისკები გაზრდილია იმ სომატური დაავადებების გამოც, რომლებიც 40 წლის ასაკში უფრო ხშირია, ვიდრე 18-დან 35 წლამდე. ეს შეიძლება იყოს შაქრიანი დიაბეტი, ქრონიკული ჰიპერტენზია, თირკმლის პათოლოგია, შარდსასქესო სისტემის ინფექციები და ასე შემდეგ. ყველაფრის გათვალისწინებაა საჭირო, როცა ორსულობა იგეგმება.