გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების ხელმძღვანელი, დოდო გვაზავა, გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" მიმდინარე კვირის ამინდის პროგნოზის შესახებ ვრცლად საუბრობს:
- ყველაფერი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან და ევროპის აღმოსავლეთი რაიონებიდან შემოსული ცივი ჰაერის მასების შემოჭრით იწყება. 19-ში დაწყებული წვიმა დასავლეთ საქართველოში დღესაც გრძელდება, მაგრამ საღამოს საათებისკენ უმეტეს რაიონში ეს წვიმა შეწყდება. 21-ში დღისით შესაძლებელია, ჩრდილო-მთიან რაიონებში ზოგან მცირე ნალექი შერჩეს. ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს, მზეც გამოვა. 22-ში ტემპერატურის უფრო მეტი მომატებაა მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში +24 გრადუსამდე, სანაპირო რაიონებში კი +18+20 გრადუსი იქნება.
უკვე 23 აპრილს, გვიან ღამიდან, კვლავ იწყება შემოჭრა შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან. 23-ში ეს ცივი და ნოტიო ჰაერის მასები მთლიანად მოედება დასავლეთ საქართველოს. თუ 22-ში ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს, უკვე 23-ში უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან შესაძლებელია ძლიერიც. ამას, თან მოჰყვება ელჭექი და დასავლეთის მიმართულების ქარის გაძლიერება. მოსალოდნელია ტემპერატურის მკვეთრი დაკლება, დაბლობ რაიონებში, დაახლოებით, 14-15 გრადუსამდე. შესაბამისად, მთიან და მაღალმთიან რაიონებში, 2500-3000 მეტრ სიმაღლეზე, არ არის გამორიცხული, რომ წვიმა თოვლშიც გადავიდეს. ეს არამდგრადი სიტუაცია და ცივი ჰაერის მასების შემოსვლა დასავლეთ საქართველოში 24 აპრილსაც გაგრძელდება. მართალია, დღისით ინტენსივობა თანდათანობით შესუსტდება და ტემპერატურა, 23-თან შედარებით, დღის მეორე ნახევრიდან 1-2 გრადუსით მოიმატებს.
კვირის ბოლოს იქნება მზიანი ამინდებიც. შედარებით ცივი ჰაერის მასები უკვე შესუსტებული და, ასე ვთქვათ, ძალაგამოლეული იქნება, მაგრამ სამხრეთის ზემოქმედების გამო, შესაძლებელია ცალკეულ რაიონებში იყოს ხანმოკლე ხასიათის წვიმა ელჭექებით.
ჩრდილოეთიდან შემოსული ზემოთ ხსენებული ცივი ჰაერის მასების გავლენით განპირობებულია ნალექიანი ამინდი, რომელიც უკვე დღეს საღამოს საათებიდან, განსაკუთრებით კახეთის რეგიონში გამოიხატება. დილის საათებში კახეთში შესაძლებელია, წვიმდეს, ზოგან ძლიერადაც. ხვალ ეს შემოსვლა უკვე მთლიანად შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს და იწვიმებს. კახეთსა და მცხეთა-მთიანეთის მაღალმთიან ზონაში შენარჩუნდება ინტენსიური წვიმა და ტემპერატურის დაკლება. 21 აპრილს ასეთი ამინდია, 22-ში კი მკვეთრად გამოიდარებს. ტემპერატურა მოიმატებს და შესაძლებელია, 20 გრადუსსაც გადაამეტოს. მაგრამ 23-ში დაწყებული შემოსვლა აღმოსავლეთსაც შეეხება დღის მეორე ნახევრიდან. თუ დღის პირველ ნახევარში არა, მეორე ნახევარში მაინც, რაც გამოიწვევს იმას, რომ აქ უკვე მომზადებული იქნება ნიადაგი. სეტყვის გამომწვევი ღრუბლები პროცენტულად უფრო მომზადებული შეხვდება ამ პროცესს, ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ ძლიერ წვიმასთან ერთად აღინიშნოს ელჭექი, სეტყვის შესაძლებლობა და დასავლეთის მიმართულების ქარის გაძლიერება.
ქარის გაძლიერების შემდეგ, 25-ის ღამეს, ინტენსივობა უკვე შესუსტდება, მაგრამ კვირის ბოლო მაინც არამდგრადი იქნება. ტემპერატურის მომატებასთან და ცივი ჰაერის ტრანსფორმაციასთან დაკავშირებით, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია კვლავ იყოს ხანმოკლე ხასიათის წვიმები ელჭექებით.
დედაქალაქშიც იგივე სიტუაცია იქნება. დღეს თბილისში მცირე წვიმაა ნავარაუდევი. დღის ბოლოსთვის ის ქარი, რაც ამჟამად ქრის, ჩადგება. ხვალ დილიდან მოსალოდნელია მოღრუბლული, ღრუბლიანი ამინდი და ჰაერის ტემპერატურის დაკლება დღევანდელთან შედარებით. 22-ში დედაქალაქში გამოიდარებს, მზე გამოანათებს და ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს - შესაძლოა, დაახლოებით, 20 გრადუსიც იყოს. მაგრამ, რაკი 23-ში, დღის მეორე ნახევრიდან შემოდის ცივი ჰაერის მასა, შესაძლებელია, აქ ტემპერატურა შენარჩუნდეს, თუმცა ქარი გაძლიერდება და მოსალოდნელია ხანმოკლე ხასიათის წვიმა, შესაძლებელია ელჭექიც. 24-ში, კვირის ბოლოს, დროგამოშვებით მზიანიც იქნება, მოიღრუბლება და არსებობს შესაძლებლობა, რომ იყოს ხანმოკლე ხასიათის წვიმა.