ბავშვთა კვების მწარმოებელი ბრენდი HiPP გარკვეული რაოდენობის პიურეს ქილებს ბაზრიდან იღებს. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ავსტრიაში, სლოვაკეთსა და ჩეხეთში აღებულ ნიმუშებში ვირთხის საწამლავი აღმოჩნდა. ამის შესახებ კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს.
ხელისუფლების ინფორმაციით, ბაზრიდან ამოიღებენ 190-გრამიან ქილებს, რომლებშიც სტაფილოსა და კარტოფილზე დამზადებული პიურეა 5 თვის ბავშვებისთვის. ის ავსტრიაში SPAR-ის სუპერმარკეტებში იყიდებოდა. პირველი ნიმუში ჯერ კიდევ შაბათს აღმოჩნდა შხამზე დადებითი.
„ეს გაწვევა არ არის დაკავშირებული ჩვენი პროდუქტის ან ხარისხის რაიმე დეფექტთან. ქილები ჩვენი HiPP-ის საწარმოდან სრულყოფილ მდგომარეობაში გავიდა, გაწვევა დაკავშირებულია კრიმინალურ ქმედებასთან, რომლის გამოძიებაც ამჟამად მიმდინარეობს,“— ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
ავსტრიის პოლიციის ინფორმაციით, საეჭვო პროდუქციას, სავარაუდოდ, ქილის ქვედა ნაწილში თეთრი სტიკერი აქვს წითელი წრით. სხვა საყურადღებო ნიშნებია დაზიანებული ან გახსნილი თავსახური და უჩვეულო ან გაფუჭებული სუნი. ასევე შესაძლებელია, რომ ქილის პირველად გახსნისას არ გაისმას დამახასიათებელი ტკაცუნის ხმა.
HiPP აცხადებს, რომ სიფრთხილის მიზნით, ავსტრიაში SPAR-ის სუპერმარკეტებში გაყიდშეტანილ ყველა ქილას გაიწვევს. ეს მოიცავს სხვა მაღაზიებსაც. მომხმარებლებს შეუძლიათ სრული თანხა დაიბრუნონ ჩეკის გარეშეც. სლოვაკეთსა და ჩეხეთში მოვაჭრეებმა ბრენდის ყველა ბავშვთა პიურე გაყიდვიდან უკვე ამოიღეს.
პოლიციის ინფორმაციით, ერთმა მომხმარებელმა შეატყობინა, რომ ქილა, სავარაუდოდ, გახსნილი ან შეცვლილი იყო, თუმცა არავის გამოუყენებია ეს პროდუქტი.
ავსტრიის ჯანმრთელობისა და საკვების უსაფრთხოების სააგენტოს განცხადებით, ვირთხის საწამლავი, როგორც წესი, შეიცავს ბრომადიოლონს — ანტიკოაგულანტს, რომელიც ხელს უშლის სისხლის შედედებას. მისმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენა, მათ შორის ღრძილებიდან და ცხვირიდან, ასევე სისხლჩაქცევები და სისხლი განავალში.
სააგენტოს ცნობით, სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს მიღებიდან ორი-ხუთი დღის შემდეგ.
სლოვაკეთმა და ჩეხეთმა პროდუქცია პრევენციის მიზნით ამოიღეს ბაზრიდან, მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი შემთხვევა ავსტრიაში დაფიქსირდა. მიზეზი ისაა, რომ HiPP-ის პროდუქცია ერთიანი დისტრიბუციით ვრცელდება რამდენიმე ქვეყანაში. იგივე პარტია ან მსგავსი პროდუქტი შეიძლებოდა მოხვედრილიყო სლოვაკეთსა და ჩეხეთში.