საქართველოს სახალხო დამცველმა პარლამენტს საქართველოში ადამიანის უფლებებათა და თავისუფლებათა მდგომარეობის შესახებ 2025 წლის ანგარიშიწარუდგინა. 420-გვერდიანი დოკუმენტი ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ რიგ საკითხებს მიმოიხილავს, რომელთა შორისაა საპროტესტო აქციებთან და შეკრების თავისუფლებასთან, კანონის უზენაესობასთან, რუსულ ოკუპაციასთან და უმცირესობების უფლებებთან დაკავშირებული საკითხები.
ანგარიშიდან რამდენიმე მნიშვნელოვან მონაცემს გთავაზობთ, რომელიც ოჯახში ძალადობას, ფემიციდს და ბავშვთა უფლებებს ეხება:
- საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, 2025 წელს 12 ქალის მკვლელობის ფაქტი გამოვლინდა, საიდანაც 10 შემთხვევაში მკვლელობა ოჯახის წევრის მიერ იყო ჩადენილი. ხოლო მკვლელობის მცდელობის 21 ფაქტიდან 9 ოჯახის წევრმა ჩაიდინა. 2025 წელს განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს მოძალადის მიერ, პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდგომ, დამცავი ორდერის პირობებში, ყოფილი ცოლის მკვლელობის მცდელობის ფაქტი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შემთხვევების სრულყოფილი შესწავლის, რისკების სწორი შეფასების, მოძალადისთვის ადეკვატური სასჯელის დანიშვნისა და ძალადობრივი დამოკიდებულებებისა და ქცევის კორექციის სპეციალური პროგრამების ეფექტიანი განხორციელების მნიშვნელობას. აღსანიშნავია, რომ საქართველოში არსებული თავშესაფრებისა და კრიზისული ცენტრების რაოდენობა არ აკმაყოფილებს ევროპის საბჭოს კონვენციით დადგენილ მინიმალურ სტანდარტს, რომლის მიხედვითაც 10 000 სულ მოსახლეზე 1 ოჯახის ადგილი უნდა იყოს. ხოლო კრიზისული ცენტრების შემთხვევაში - 200 000 სულ მოსახლეზე მისაწვდომი უნდა იყოს ერთი ასეთი დაწესებულება. ბოლო წლებში ახალი თავშესაფრისა და კრიზისული ცენტრების გახსნის მიუხედავად, პრობლემურია ზემოხსენებული სერვისის გეოგრაფიული დაფარვა, რაც ქალთა მიმართ და ოჯახში
- ბავშვობის ასაკში ქორწინება და ნიშნობა კვლავაც სერიოზულ პრობლემად რჩება. გასულ წელთან შედარებით, მიმდინარე წელს გაზრდილია არასრულწლოვანთა ორსულობის რიცხვი, თუმცა შემცირებულია არასრულწლოვანი მშობლების რაოდენობა. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2025 წლის მხოლოდ 11 თვის მონაცემით, 436 არასრულწლოვანი ორსული დარეგისტრირდა და 2025 წელს ჯამურად 287 არასრულწლოვანი მშობელი აღირიცხა. სახალხო დამცველის მიერ შესწავლილი საქმეების მიხედვით, კვალავ იკვეთება ბავშვობის ასაკში ქორწინების შემთხვევებზე ეფექტიანი რეაგირების პრობლემა. სახალხო დამცველი, წლებია, მიუთითებს არასრულწლოვანთა ნიშნობის ან ქორწინების მიზნით დადებული გარიგების კრიმინალიზაციის აუცილებლობაზე, თუმცა ქმედითი ნაბიჯები ეფექტიანი მექანიზმების შესაქმნელად, არც 2025 წელს გადადგმულა.
ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება სამართალდამცავი უწყების მიერ ბავშვობის ასაკში ქორწინების საქმეთა განხილვა ადმინისტრაციული სამართალწარმოების გზით. არასრულწლოვანთა ქორწინების იძულების დასადგენად (ან გამოსარიცხად) საჭიროა სრულფასოვანი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, მათ შორის, არასრულწლოვნის სპეციალური მეთოდოლოგიით გამოკითხვა, ფსიქოლოგის ჩართვა და სხვ. ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში არ არის უზრუნველყოფილი საგამოძიებო ბერკეტები, მათ შორის, მოწმის უსაფრთხოების გარანტიები, შესაბამისად, რთული და, რიგ შემთხვევაში, შეუძლებელი ხდება ბავშვის მიმართ ქორწინების იძულების დადგენა. მნიშვნელოვანია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შესწავლილი ბავშვობის ასაკში ქორწინების შემთხვევების სტატისტიკა ოფიციალურად არ აღირიცხება. ამასთანავე, არ ქვეყნდება ბავშვობის ასაკში ქორწინებასთან დაკავშირებული დანაშაულების სტატისტიკა, შესაბამისად, უცნობი რჩება შინაგან საქმეთა სამინისტროში ბავშვობის ასაკში ქორწინებასთან დაკავშირებით შესწავლილი საქმეების სრული სურათი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, არასრულწლოვანთან ქორწინების მოტივით ჩადენილ 148 შესაძლო დანაშაულზე დაიწყო გამოძიება და 88 შემაკავებელი ორდერი გამოიცა. პროკურატურის მონაცემებით, არასრულწლოვანთან ქორწინების მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე დაზარალებულად ცნეს 63 არასრულწლოვანი, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნა 69 პირის მიმართ დაიწყო
უარყოფითად უნდა აღინიშნოს, რომ პრაქტიკაში კვლავ არ დანერგილა სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებისთვის ბავშვთა ქორწინების შემთხვევების გამოვლენის, ეფექტიანი რეაგირებისა და გადამისამართების შესახებ ერთიანი სტანდარტული ოპერაციული პროცედურები (სოპ). აღსანიშნავია, რომ მიმდინარე საანგარიშო წელს დაოჯახების მიზეზით მოსწავლის სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის 26 შემთხვევაა ოფიციალურად აღრიცხული.
- ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევათა შესახებ დეტალურ სტატისტიკას აწარმოებს მხოლოდ სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო, მათ შორის, ძალადობის ყველა ფორმის, გამოვლენის/მიმართვის წყაროს და რეგიონის მითითებით. სააგენტოს მონაცემებით, 2025 წელს ჯამში ბავშვთა მიმართ სხვადასხვა ფორმით ძალადობის 1560 შემთხვევა გამოვლინდა. ამის მიუხედავად, ქვეყანაში კვლავ არ არსებობს არა მხოლოდ ბავშვთა მიმართ ძალადობის შესახებ მიმართვიანობისა და გამოვლენილი შემთხვევების ერთიანი მონაცემი, არამედ ზუსტი სტატისტიკაც კი იმის შესახებ, თუ ბავშვთა მიმართ ძალადობის, მათ შორის, სექსუალური ძალადობის რამდენ საქმეზე დაიწყო გამოძიება. მონაცემთა ფრაგმენტულობა და სრულყოფილი სტატისტიკური სისტემის არარსებობა უკავშირდება ერთიანი მეთოდოლოგიისა და ეფექტიანი უწყებათაშორისი კოორდინაციის ნაკლებობას. სახალხო დამცველი, წლებია, მიუთითებს ამის საჭიროებაზე, თუმცა, გაცემული რეკომენდაციის მიუხედავად, საკითხი ჯერაც არ გადაჭრილა
საგულისხმოა ასევე, ბავშვთა შორის და ბავშვთა მიმართ საგანმანათლებლო სივრცეებში, სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სხვადასხვა ფორმით ძალადობის, ფიზიკური, ემოციური და ინტელექტუალური დასჯის ფაქტები, და მათზე არასათანადო და დაგვიანებული რეაგირების გარემოებები. სახალხო დამცველის აპარატმა ამ მიმართულებით 2025 წელს ჯამში 30 საქმეზე დაიწყო წარმოება. მოკვლევის შედეგად იკვეთება სკოლის მხრიდან შემთხვევებზე რეაგირების ფარგლებში, ბავშვზე მორგებული მიდგომის, მათი ინფორმირებული მონაწილეობისა და ემოციურად უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის გამოწვევები. ამასთანავე, არასრულწლოვნებთან გამართული საინფორმაციო შეხვედრები ბავშვებში სკოლის შინაგანაწესის, დისციპლინური წარმოებისა და დაცვის მექანიზმების შესახებ ინფორმირებულობის ნაკლებობაზე მიუთითებს.
- 2025 წელს ოჯახში ძალადობის საფუძვლით 533 ბავშვი იქნა დაზარალებულად ცნობილი, ხოლო, 219 განცალკევდა ბიოლოგიური ოჯახისგან. თუმცა, ეს მონაცემები, შესაბამის უწყებებში სტატისტიკის წარმოებასთან დაკავშირებული გამოწვევების გამო, სრულად არ ასახავს 2025 წელს ბავშვთა მიმართ ოჯახში ძალადობის კუთხით არსებულ რეალურ მდგომარეობას. ამასთანავე, შეუძლებელია იმის დადგენაც, ბავშვის მიმართ ოჯახში ძალადობის რამდენ შემთხვევაში გამოიცა შემაკავებელი ორდერი. შესაბამისად, ბავშვთა მიმართ ოჯახში ძალადობის შესახებ სრულყოფილი მონაცემების არარსებობა ართულებს ქვეყანაში ამ მხრივ არსებული მდგომარეობის სიღრმისეულ შეფასებას და ზღუდავს შედეგზე ორიენტირებული, ეფექტიანი მექანიზმების დანერგვას. 2025 წლის საქმის წარმოების ფარგლებში, 70 საქმე შეეხებოდა ბავშვთა მიმართ ოჯახში სხვადასხვა ფორმით ძალადობას. შესწავლის შედეგები მიუთითებს პოზიტიური მშობლობის კუთხით არსებულ გამოწვევებზე. განსაკუთრებით პრობლემურად რჩება ორივე მშობელთან ურთიერთობის საქმეები, სადაც, უმეტეს შემთხვევაში, ბავშვები წლების განმავლობაში განიცდიან ფსიქოლოგიურ ძალადობასა და მანიპულირებას მშობლებისა და ოჯახის სხვა წევრების მხრიდან. ეს გამოწვეულია შესაბამისი სერვისების სიმწირით, დაგვიანებული და არაეფექტიანი რეაგირებით.
- 2025 წელს ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის სხვადასხვა ფორმის, სექსუალური ექსპლოატაციის, ჯამში 176 შემთხვევა გამოვლინდა/გადამისამართდა სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში, ხოლო საქართველოს გენერალური პროკურატურის მონაცემებით, სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე 189 ბავშვი იქნა დაზარალებულად ცნობილი. მიუხედავად იმისა, რომ მონაცემები, შეიძლება ითქვას, რომ წლიდან წლამდე არ იცვლება, კონკრეტული ნაბიჯები ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის შესახებ ეროვნული კანონმდებლობის დასახვეწად თუ არსებული პრაქტიკის, სერვისების გასაძლიერებლად, არც 2025 წელს გადადგმულა.
წლიდან წლამდე გამოწვევად რჩება სექსუალურ ძალადობა განცდილი ბავშვებისა და მათი ოჯახების მდგრად მხარდაჭერასა და რეაბილიტაციაზე ორიენტირებული სერვისების მისაწვდომობა. ერთადერთი სერვისი, რომელიც ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის დანაშაულებზე მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების შედარებით ბავშვზე მორგებულ გარემოში წარმართვის შესაძლებლობას იძლევა და ასევე, მათ გრძელვადიანი რეაბილიტაციის მომსახურებას აწვდის, „ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრია”, რომელიც კვლავ მხოლოდ თბილისში ფუნქციონირებს. შესაბამისად, სერვისი გეოგრაფიულად მისაწვდომი არ არის. ამასთანავე, არასრულწლოვნის გამოკითხვის პროცესთან დაკავშირებული გამოწვევები, რომელზეც სახალხო დამცველი, წლებია, მიუთითებს, კვლავ უცვლელია. აქვე, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის საჭიროების შემთხვევაში, რეგიონში მყოფ ბავშვებს ისევ საათობით უწევთ მგზავრობა ცენტრში მისასვლელად, რაც ცალსახად არ შეესაბამება მსხვერპლზე მორგებულ, ბავშვზე ორიენტირებულ მიდგომასა და მნიშვნელოვნად ზრდის მეორეული ვიქტიმიზაციის რისკს.
- 2025 წლის მონაცემებით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ირიცხება 379 957 ბავშვი, რომელთაგან 23 322 პირველადად დარეგისტრირდა. საანგარიშო წელს, საარსებო შემწეობის მიმღებ ბავშვთა რაოდენობამ 278 639, ხოლო აღნიშული დახმარების პირველადად მიმღებთა მაჩვენებელმა 12 868 შეადგინა.
2025 წლის მონაცემებით, სახელმწიფო ზრუნვაში ცხოვრობდა 1268 ბავშვი, მათგან მინდობით აღზრდაში - ხოლო მცირე საოჯახო ტიპის სახლებში - 187. საანგარიშო წელს მინდობით აღზრდაში განთავსდა 119, ხოლო მცირე საოჯახო ტიპის სახლებში - 82 არასრულწლოვანი. რეინტეგრაციის სახელმწიფო ქვეპროგრამაში ჩართული იყო 384 ბავშვი. გასულ წელს განხორციელდა მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მცხოვრები 4 ბავშვისა და მინდობით აღზრდაში მყოფი 25 არასრულწლოვნის რეინტეგრაცია. აღნიშნულ ქვეპროგრამაში ჩართული 11 ბავშვი კვლავ სახელმწიფო ზრუნვაში განთავსდა. აქვე, აღსანიშნავია, რომ 2025 წლის მდგომარეობით, გასაშვილებელ არასრულწლოვანთა რაოდენობა 142 იყო, აქედან 2025 წელს დარეგისტრირდა 21 არასრულწლოვანი.
- ქუჩაში მცხოვრები და/ან მომუშავე ბავშვების უფლებების დაცვა კვლავ მძიმე და სისტემური ხასიათის გამოწვევებით ხასიათდება. არსებული სახელმწიფო მექანიზმები ვერ პასუხობს ბავშვთა საჭიროებებს, მათ უსაფრთხო, ოჯახთან მიახლოებულ გარემოში დროულ გადაყვანასა და სოციალური რეინტეგრაციისთვის საჭირო საფუძვლიან მხარდაჭერას. 2025 წელს „მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“ ფარგლებში ჯამში 185 არასრულწლოვანმა ისარგებლა მომსახურებით. საანგარიშო პერიოდში 40 ბავშვი ჩაირიცხა დღის ცენტრში, ხოლო 13 - სადღეღამისო თავშესაფარში. წლის ბოლოს დღის ცენტრით სარგებლობდა 95, ხოლო თავშესაფრით - 27 არასრულწლოვანი. პროგრამით მოსარგებლე 4 ბავშვი განთავსდა სახელმწიფო ზრუნვაში, ხოლო 13-ს მოუწესრიგდა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ამასთანავე, ბავშვთა დახმარების ცხელ ხაზზე - „111“ – ქუჩაში მცხოვრები და/ან მომუშავე ბავშვების შესახებ შევიდა 166 შეტყობინება, ხოლო მობილურმა ჯგუფებმა კონტაქტი დაამყარეს 328 ბავშვთან.