ოპერაციის დროს ბავშვს სხეულში ნემსი ჩაუტოვეს, რომელიც 9 წლის შემდეგ შემთხვევით აღმოაჩინეს: "ბომბი იყო განთავსებული მის სასიცოცხლო არტერიასთან" - მშობლები

ოპერაციის დროს ბავშვს სხეულში ნემსი ჩაუტოვეს, რომელიც 9 წლის შემდეგ შემთხვევით აღმოაჩინეს: "ბომბი იყო განთავსებული მის სასიცოცხლო არტერიასთან"

2026-04-21 13:03:36+04:00

ექიმებმა მოზარდს ქირურგიული ჩარევის შემდეგ სხეულში ნემსი ჩაუტოვეს, რომელიც 9 წლის შემდეგ თურქმა ექიმებმა საყლაპავიდან ამოუღეს. ამის შესახებ სიუჟეტი გადაცემა კურიერი PS-ში გავიდა. როგორც მშობელმა კურიერი PS-ის ჟურნალისტებს განუცხადა, ინსტრუმენტი ბავშვს 9 წლის წინ გლანდების ოპერაციის დროს ჩაუტოვეს.

"2017 წელს გავუკეთეთ ბავშვს ტონზილექტომია, რა დროსაც მოხდა ნემსის ჩატოვება. 9 წლის განმავლობაში ამის შესახებ არაფერი ვიცოდით. მისი სიცოცხლე ყოველ წუთს რისკის ქვეშ იდგა. ბომბი იყო განთავსებული მის სასიცოცხლო არტერიებთან." - ამბობს დედა.

უცხო სხეული ოპერაციიდან 9 წლის თავზე შემთხვევით აღმოაჩინეს. როცა სტომატოლოგიურ კლინიკაში ე.წ. ბრეკეტებისთვის მოსამზადებელი პანორამული რენტგენოლოგიური კვლევა ჩატარდა. უცხო სხეულის სახიფათო მდებარეობის გამო ოპერაციის ჩატარება საზღვარგარეთ არჩიეს. მოზარდი თურქეთში წაიყვანეს, მკურნალობის ნაწილი სახელმწიფომ დაფარა. ნაწილის ანაზღაურება კი ოჯახმა იმ ქირურგს მოსთხოვა, რომელმაც 9 წლის წინ ოპერაცია ჩაუტარა

.