"მე რაც გამოვიარე, ნერვული ანორექსია, ფატალურია..." "ექიმები ამბობდნენ, არ ვიცით, როდის დადგება მომენტი, როდესაც ვეღარ მობრუნდებაო..." - ნატა მურვანიძე და მანუ თავაძე გადატანილ განსაცდელზე - მშობლები

"მე რაც გამოვიარე, ნერვული ანორექსია, ფატალურია..." "ექიმები ამბობდნენ, არ ვიცით, როდის დადგება მომენტი, როდესაც ვეღარ მობრუნდებაო..." - ნატა მურვანიძე და მანუ თავაძე გადატანილ განსაცდელზე

2026-04-22 00:02:10+04:00

მსახიობი ნატა მურვანიძე და მისი ქალიშვილი, ასევე მსახიობი მანუ თავაძე, ანა ტყებუჩავას პოდკასტ მეხუთე ელემენტში სტუმრობდნენ. ისაუბრეს მათ დემოკრატიულ ოჯახზე, სადაც ყველას აქვს საკუთარი აზრის თამამად გამოთქმის უფლება, ოჯახის წევრების მეგობრობაზე, ასევე ობიექტურ კრიტიკაზე ერთმანეთის საქმიანობის, ხასიათების მსგავსებაზე. ასევე შეეხნენ საკმაოდ დიდ განსაცდელს, რაც მათი ოჯახის ცხოვრებაში იყო რამდენიმე წლის წინ და მანუს ჯანმრთელობის პრობლემებს უკავშირდებოდა, რომელსაც თინეიჯერულ ასაკში კვებითი აშლილობა დაეწყო და მძიმე ფორმებიც მიიღო ამან.

მანუ თავაძე:

- კონკრეტული მიზეზი არ ყოფილა, რატომაც დამეწყო. ძაან ბევრმა რაღაცამ იმოქმედა. ძირითადად უფრო საზოგადოების მხრიდან მოხვეულმა რაღაცა აზრმა. ამ ქვეყანაში განსაკუთრებით ჭარბობს ის აზრი, რომ ყველანი რატომღაც გამხდრები უნდა ვიყოთ და ყველას უნდა გვქონდეს იდეალური გარეგნობა, რომ მიმზიდველები ან საინტერესოები ვიყოთ. გარდატეხის ასაკში, დღესაც რასაც ვუყურებ, ეპიდემიასავით არის კვებითი აშლილობა და გადამდებია რაღაც კუთხით. ძალიან საშიში ველები არსებობს ასევე სოციალურ ქსელში, ფრთხილად უნდა ვიყოთ, მოზარდები როგორ იყენებენ ამ სოციალურ ქსელებს, იმიტომ რომ არის ძალიან საშინელი გვერდები, რომლების მეშვეობითაც პირიქით, წახალისებულია კვებითი აშლილობა. ძალიან ცუდად მოქმედებს ეს ყველას მენტალურ ჯანმრთელობაზე.
მაგრამ ჩემს შემთხვევაში ძაან ბევრმა რაღაცამ იმოქმედა ერთად. იმანაც, რომ საბალეტო სტუდიაში დავდიოდი და ყოველთვის მქონდა იმის სურვილი, რომ ვყოფილიყავი გამხდარი, რადგან კონკრეტული სტანდარტი არსებობს საბალეტო სტუდიისთვის. ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც არ ჩავაბარე რეალურად ქორეოგრაფიულ სასწავლებელში, იყო ეგ, რომ არ მქონოდა მუდმივი წნეხი. მაკამ, ბებიაჩემმა მითხრა პირველ რიგში, უნდა გაწამდე, რომ მაგ სტანდარტებში ჩაჯდე, მთელი ცხოვრება უნდა იყო დიეტებზე, ივარჯიშო ყოველდღე და ასე შემდეგ...
და იმ მომენტში, გარდატეხის ასაკში რომ ხარ და ისედაც ძაან დიდი ჰორმონალური ცვლილებები რომ მიდის შენს ორგანიზმში, კიდევ რაღაცებს რომ აძალებ შენს თავს, ძაან დამანგრეველი შეიძლება აღმოჩნდეს. ამიტომ აღარ ჩავაბარე...
მაგრამ მერე ისე მოხდა, რომ რაღაცა შემომიძვრა, ეს უარყოფითი აზრები და ფიქრები. დაემთხვა ბევრი რაღაც. პანდემიის დროს უკვე ეს ჩაკეტილობა. სკოლას ვამთავრებდი მაგ პერიოდში და ვერ დავამთავრე იმიტომ, რომ არ შეგვეძლო აღნიშვნა, არც ბოლოზარი გვქონია, არაფერი საერთოდ და ვერ ვხვდებოდი, საერთოდ რა ფაზაში ვარ. დავამთავრე რამე და ახალს ვიწყებ? არაფერზე თითქოს კონტროლი არ მქონდა საერთოდ და ერთადერთი, რაც შემეძლო გამეკონტროლებინა და რაღაც მხრივ ამაში წარმატება მეპოვა, იყო ჩემი გარეგნობა და წონა. ამაში ვიპოვე რაღაცა წარმატების პატარა მარცვალი და ეს აღმოჩნდა მერე ძაან რთული შედეგების მქონე. თან დაემთხვა ის, რომ კოვიდი დამემართა, გემო და ყნოსვა დავკარგე და ძაან იმოქმედა ამ ყველაფერმა ერთად იმაზე, რომ საჭმლის მიმართ უცნაური და რთული დამოკიდებულება გამიჩნდა...
კვებითი აშლილობა ზოგადად ისეთი რაღაცაა, რაც ძაან რთულად შესამჩნევია სხვებისთვის, ოჯახის წევრებისთვისაც, მათ შორის თავიდან, პირველ ეტაპზე. მე რომ დამეწყო, საჭმლის მიმართ რაღაცა კონკრეტული მიდგომები მქონდა, ვთქვათ, ვირჩევდი რაღაცა საკვებს, რაც იყო დაბალკალორიული ან რაღაც ეგეთი და ამას ამჩნევდნენ. ამ დროს შეიძლება ჩათვალო ეს, რომ უბრალოდ ბავშვი დაადგა ჯანმრთელობის გზას ან ხო ვეგეტარიანელი გახდა. თავიდან შეიძლება ასე დავინახოთ, მაგრამ მერე უკვე იწყება ციკლის დაკარგვა, სულ გცივა, კანი გიშრება, თმა გცვივა... ძაან ბევრი ეგეთი სიმპტომია. მერე ცდილობ, რომ დამალო. მე ძაან მალევე დავკარგე დიდი რაოდენობის წონა და ორი წლის განმავლობაში ძაან რთულ პერიოდში ვიყავი, ფსიქოლოგიურად მართლა ჯურღმულებში ჩავედი და სინამდვილეში ძაან მიჭირდა, მაგრამ ამ კვებით აშლილობას აქვს ეს, რომ უნდა დამალო სულ. ყოველთვის ცდილობ, თუ ვინმე კითხვას გისვამს, გაექცე და ჩემს შემთხვევაში ეგ იყო, სულ ვიტყუებოდი, სულ ვაბრალებდი კოვიდის მერე გემოს და ყნოსვის დაკარგვას, რომ მაგიტომ არ ვჭამ და ეს რაღაც მომენტამდე მოქმედებდა სხვებზე. ეს მიზეზი ძაან ჩვეულებრივი რაღაცა იყო იმ მომენტში, მაგრამ რეალურად რთულ მდგომარეობამდე მივედი. ბოლოს აღმოჩნდა ისე, რომ კლინიკაში დაწოლა დამჭირდა...
მერე ძალიან დიდი ძალისხმევა ჩადეს ჩემში ძალიან კარგმა ექიმებმა და ეს დიდი ბედნიერება აღმოჩნდა იმიტომ, რომ სამწუხაროდ, საქართველოში არ გვაქვს სპეციალიზებული კლინიკა კვებითი აშრილობების და როცა დღეს ასეთი ეპიდემიაა, მართლა ყოველ მეორეს აქვს, განსაკუთრებით გოგოებში და ასეთი ფონი როცა არის ქვეყანაში... მსოფლიოში არ არის ეს ტაბუირებული თემა, როგორც ჩვენთან. მე რომ გავდიოდი ამ პროცესს, არავინ არ ლაპარაკობდა ამაზე და ძაან მჭირდებოდა ვიღაცა, ვინც თავის გამოცდილებაზე ილაპარაკობდა. მიჭირდა, რომ ვინმე არ მყავდა ხელშესახები, ვისთვისაც შემეძლო, მიმეწერა ან მეკითხა, როგორ გაიარა ეს პროცესი და როგორ მივიდა გამოჯანსაღებამდე... ჩემთვის ეგ იყო მთავარი მიზანი, რომ ამაზე ავლაპარაკებულიყავი, როცა დავამთავრებდი უკვე ამ გამოჯანმრთელების და რეაბილიტაციის პროცესს.
manucover-77045-1687251078.jpg
გარეგნობაზე მუდმივ კომენტარებს, შეკითხვებს, ამ წნეხს რომ გრძნობ საზოგადოებისგან, რომ აი ასეთი არ უნდა იყო, ასეთი უნდა იყო და ყველა რაღაცას გკარნახობს, და საბოლოოდ მისაღები არასდროს არ ხდები, შენ თვითონ ცდილობ, რომ მოძებნო გზა, რომ მისაღები იყო სხვებისთვის. რეალურად შეიძლება ერთმა რომელიმე კომენტარმა არ გამოიწვია ეს ჩემს შემთხვევაში, მაგრამ საზოგადოება ეგრე ფიქრობს, უკვე რაღაცა გამომუშავებული აზრია, რომ კვებაზე, გარეგნობაზე კომენტარი ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია კომუნიკაციის, არადა, ფატალური შეიძლება აღმოჩნდეს ეს დაუფიქრებელი შეფასება. იმიტომ, რომ აი თუნდაც მე რაც გამოვიარე, ნერვული ანორექსია ჰქვია დიაგნოზს, არის ფატალური. ანუ პირველი, რაც წერია ყველა ინფორმაციაში, რაც შეიძლება გადაამოწმო სოციალურ ქსელში ან წიგნებში, წერია, რომ ნერვული ანორექსია მთავრდება ფატალურად, თუ არ გამოსწორდი, თუ არ გაიარე გამოჯანმრთელების პროცესი...
ნატა მურვანიძე:
- მანამდე ვთქვი, რომ არის რაღაცები, რასაც შეიძლება ვნანობდე, როგორც მშობელი, რაც მე გამეპარა და შეიძლებოდა ასე არ ყოფილიყო, მაგრამ ვინაიდან ახლა ეს შედეგია, უკვე ვფიქრობ იმაზე, რომ შეიძლება ეს საჭიროც იყო იმისთვის, რომ მანუს ცხოვრებაში რაღაც ისეთი მოხდა, რაღაც ისეთს გაუმკლავდა, რაც შემდგომ მის ცხოვრებას სხვანაირად წარმართავს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჯობია ეს არ დაგემართოს. იმიტომ, რომ საკმაოდ სახიფათო რამ არის და არ იცი, შეძლებ თუ არა ამასთან გამკლავებას. პირველი, რაც მახსოვს სულ, ექიმები ამბობდნენ, რომ ჩვენ არ ვიცით, როდის დადგება ის მომენტი, შეიძლება ახლა დადგეს, როდესაც ის ვეღარ მობრუნდება. აი, რომ ვსაუბრობთ, მაგ დროს ტვინში რა ხდება, არ ვიცით, აი, ამ წამს შეიძლება ეს იყოს, შეიძლება უკვე მოხდა, შეიძლება ხვალ 7-ზე მოხდეს... არ იცი, სულ ამ მდგომარეობაში ხარ, რომ არ იცი, დადგა ეს მომენტი, რომელიც ვეღარ მოგაბრუნებს უკან? ძალიან რთულია ამის მოსმენა თავისთავად, როცა ამას გეუბნებიან.
ჩემი პრობლემა არის ის, რომ ჯერ იყო ბრეკეტები, ბრეკეტების გამო ცოტა დაიკლო, მერე ასაკის ამბავიც იყო, რომელიც თვითონაც არ მოსწონდა და განიცდიდა და ცოტა როცა დაიკლო, უკვე რაღაცნაირად კომპლიმენტებიც მიიღო ამასთან დაკავშირებით ჩვენგანაც, მათ შორის. მერე პანდემია დაიწყო და მაკამ (მაკა მახარაძე - ნატო მურვანიძის დედა. რედ.) შეამჩნია პირველმა. თქვა, რომ რაღაცა არ მომწონს, ცოტა რიტუალური ფორმა აქვს ამის კვებასო და მე არ მივიღე ეს. კაი, დედა, დაანებე თავი, როგორც უნდა ისე ჭამს-მეთქი... და ცოტა დამაგვიანდა ამასთან დაკავშირებით... ერთხელ მანუმაც რაღაცა ტესტი გააკეთა და მითხრა, მგონი ანორექსია მაქვსო, პასუხები გავეციო, და მეთქი რა სისულელეა, ყველა ვხდებით, კოსტიუმში უნდა ჩავეტიოთ და ამიტომ ხაჭაპურს არ ვჭამთ და ა.შ. იმიტომ, რომ ამ ცხოვრების წესით ვცხოვრობთ სულ, რაღაცაზე უარის თქმა გვიწევს. ძაან ცოტა ადამიანია, ვისზეც შაქარი და პურფუნთუშეული არ მოქმედებს... ეს არ იყო ჩემთვის ისეთი საგანგაშო რაღაც... მერე პანდემია დაერთო, ზამთარი იყო, თბილად გვეცვა და ჩვენ რაღაცნაირად ისეთი ვიწროსახიანი ადამიანები ვართ, სახეზე არ გვეტყობა მომატება, გასუქება.ვინაიდან ზამთარში თბილად გვეცვა და სახლიდან არ გავდიოდით, სულ პლედი, სულ რაღაცა, ვიზუალურად ვერ შევამჩნე, თორე მაკამ აღმოაჩინა პირველმა და არ მივიღე ცოცხალი თავით. აი ეს სულ მაქვს, რომ ჩემი დიდი შეცდომა იყო...
არ ვიცი, ყველას თავისი ინდივიდუალური გზა აქვს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეგეთ დროს უნდა ერთ ხაზზე დადგე და ენდო ექიმებს. შენი ჩარევა მანდ, აი, ეს ჩემი შვილი სხვანაირად იქცევა და ჩემი შვილი სხვანაირია.... იმათ იციან სხვანაირებიც, ასეთებიც იციან და კიდევ სულ სხვანაირები, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ მიჰყვე და შენ იყო მხოლოდ მძღოლი, ანალიზების ერთი ექიმისგან მეორესთან მიმტანი და ტექნიკური შემსრულებელი. არ იყო ჩარეული იმათ კომპეტენციაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. კარგი მშობლობა, ჩემი აზრით, არის ეს, რომ რაც არ იცი, იქ არ ჩაერიო, რაც არ უნდა ვთქვათ ისეთი ხარისხის იყოს... ჩვენ კი მართლა სასწაული ექიმების ხელში აღმოვჩნდით, მაგრამ იმანაც, არც თუ ისე კარგმაც შენზე მეტი იცის და ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ ყველაფრისმცოდნეობის ზონიდან უნდა გავიდეთ, როდესაც საქმე ეხება ჯანმრთელობას...
გაგვიმართლა, რომ აღმოვჩნდით ნინო ზავრაშვილთან და ქეთი ჭანტურიშვილთან. პირველად მივედით ენდოკრინოლოგებთან და შემდეგ უკვე ეს არის ფსიქოთერაპია და ფსიქიატრია - გიორგი ბერულავა და ნინო პატურაშვილი. ეს ხალხი მართლა მართლა საჩუქარია ამ ქვეყნის...
19 წლისა გავხდი დედა... მეორე შვილი 32 წლისას გამიჩნდა... ძალიან ღირსეული ადამიანია ჩემი ქმარი, აღფრთოვანება მისით არ მთავრდება... ყოველდღიური შრომა სჭირდება ყველა ურთიერთობას... - ნატა მურვანიძე დედობაზე, მეუღლესთან დაშორების ეპიზოდზე და 40-წლიან თანაცხოვრებაზე
გული შენელებული მქონდა და მეგონა, მოვკვდებოდი - ცნობილი მსახიობების შვილის გულახდილი ნაამბობი, როგორ დაამარცხა ანორექსია
როგორ ცხოვრობს ქალი, რომელიც 15 წელზე მეტია, ანორექსიით იტანჯება და 17 კილოგრამს იწონიდა - 33 წლის კრისტინას ისტორია