ფსიქოდიაგნოსტი და ფსიქოკონსულტანტი ზანდა ჩეჩელაშვილი "მეგის პოდკასტში" საუბრობს, რატომ კარგავენ ბავშვები სწავლის მოტივაციას და რა როლი აქვს ამ პროცესში მშობლებისა და სკოლის მხრიდან სწორ კომუნიკაციას:
- სკოლაში რომ შევდივართ, სწავლას მხოლოდ საგნებში მეცადინეობასა და დავალებების წერას ვარქმევთ. მაგრამ, ბავშვი ყველა ეტაპზე სწავლობს. სკოლამდელ ასაკში სწავლა თამაშის ბუნებრივ, არაფორმალურ გარემოში ხდება. თამაშის მთავარი დეფინიცია ის არის, რომ ბავშვი ამაში თავისი სურვილითა და მოტივაციით უნდა ერთვებოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს უკვე თამაში აღარ არის. რაკი ამას თავისი სურვილით აკეთებს, ეს ყოველთვის გაცილებით ნაყოფიერია, რომ უფრო მარტივად ისწავლოს, უფრო მეტი ისწავლოს და ამით არ დაიღალოს, იმიტომ, რომ ვერ ხვდება, რომ სწავლობს.
სკოლაში რომ მიდის ბავშვი, იქ თამაშზე ეუბნებიან - "მორჩა შენი თამაში! ახლა სწავლა!" ეს უკვე არასწორი მესიჯია მისთვის იმიტომ, რომ სწავლა ყველაზე მარტივი თამაშითაა. პირველ კლასში თამაშის ბევრი კომპონენტი ამიტომაა.
ხშირად არის, რომ მოტივაცია არა აქვს ბავშვს და არ სწავლობს და მერე ჰგონიათ, რომ შენ ერთ-ორ სიტყვას ეტყვი ან ერთ-ორ რამეს გააკეთებ და ეს მოტივაცია მოვა. ასე მარტივად არ ხდება ეს. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მოტივაცია ისეთი საოცარი რამეა, რაც "გაიძულებს" აკეთო მანამ, სანამ არ გამოგივა მაშინაც, როცა გირთულდება, მაშინაც, როცა არ გამოგდის, გეზარება, მაგრამ ნაკლებად შეიძლება დაგეზაროს, როცა მოტივაცია გაქვს... თუმცა ასე მარტივად არც იკარგება მოტივაცია რაღაცის კეთების და არც იქმნება, ამას ბევრი ფაქტორი განაპირობებს.
მაგალითად, გადაჭარებებული მოთხოვნები ბავშვის მიმართ, ზედმეტი სიმკაცრე. სიმკაცრე არის, რა გზით მოვთხოვ ჩემს შვილს, რომ რაღაცა გააკეთოს, გზა როგორია, სტრატეგია როგორია ჩემი გამოყენებული, რომ ის გააკეთოს, რასაც მე ვეუბნები. ამ შემთხვევაში - იმეცადინოს ან რაღაცა წაიკითხოს. გადაჭარბებული მოთხოვნები კიდევ სხვა რამეა. მე შეიძლება ისე მქონდეს გადაჭარბებული მოთხოვნები ბავშვის მიმართ, რომ სულ არ ვიყო მკაცრი და ეს მოთხოვნები ჩემს სასოწარკვეთილებაში გამოიხატებოდეს, როგორ მინდა, რომ ჩემი შვილი იყო საუკეთესო მოსწავლე. სიმკაცრე არის უფრო, აი, მე ვამბობ, რომ ეს უნდა მოხდეს ასე, მე ვამბობ, რომ შენ სამი საათი უნდა იმეცადინო, მე ვამბობ, რომ შენ არც ერთი სიტყვა არ უნდა შეგეშალოს, როცა გაკვეთილს ჩამაბარებ. არც ერთი წერტილი არ უნდა იყოს ზედმეტი შენს შესრულებულ დაღალებაში და თუ ეს არ მოხდება, მაშინ რაღაცა სანქციებს მივიღებ, ამის გამო დაისჯები, ავტორიტარულ მშობლებს როგორც ახასიათებთ... ყველა ბავშვს სხვადასხვა რამე სჭირდება, მაგრამ შეურაცმყოფელი ტექსტი არავის არ სჭირდება, დამთრგუნველი ტექსტი მისი მისამართით არავის არ სჭირდება. ის, რომ შენ ბავშვს არ აძლევდე გასაქანს, ეს არავის არ სჭირდება და ძალიან ბევრ ბავშვს ეს არ ეხმარება, პირიქით... ბავშვის ხასიათს გააჩნია, ვიღაც ცოტა ხნით, სანამ არ შესწევს ძალა, დაგთანხმდება, მაგრამ როგორც კი გათავისუფლდება, იქ მთავრდება ეს შენი დალაგებული წესები. ზოგი თავიდანვე მეამბოხეა და პირიქით, პროტესტი მოდის და ამით უფრო არ გააკეთებს. შეიძლება უნდოდეს, მაგრამ არ წაიკითხავს იმიტომ, რომ შენ უთხარი იმ ფორმით, რომელიც მისთვის იყო უსიამოვნო.
გადაჭარბებული მოთხოვნები სხვა რამეა კიდევ და ბევრ რამეს მოიცავს. გადაჭარბებული არის მოთხოვნა, როდესაც ბავშვის შესაძლებლობებს აღემატება ჩემი სურვილი, როგორი უნდა იყოს ჩემი შვილი, როგორი მოსწავლე უნდა იყოს, როგორი კლასელი უნდა იყოს სხვებისთვის, როგორი მაგალითი უნდა იყოს, როგორი წარმატებული უნდა იყოს, ოღონდ ეს წარმატება კიდევ ცალკე ამბავია და ვისთვის რა არის წარმატება. ვიღაცებისთვის მე არ ვარ წარმატებული და ვიღაცებისთვის ვარ წარმატებული. მოთხოვნების გადაჭარბება ხდება მაშინ, როდესაც ბავშვის შესაძლებლობებს არ ითვალისწინებს მშობელი და ჰგონია, რომ მის შვილს შეუძლია ყველაფრის გაკეთება, უბრალოდ არ ინდომებს და არ აკეთებს, არის ნიჭიერი და ზარმაცი და ასეთი ბევრია ძალიან... როდესაც შენ არ ხედავ შენი შვილის შესაძლებლობებს და დარწმუნებული ხარ, რომ მას შეუძლია ამის გაკეთება და არ აკეთებს, ოღონდ დარწმუნებული ხარ სუბიექტურად, ობიექტურად კი არა... მერე ითხოვ კიდეც ამის გაკეთებას შენი შვილისგან, ოღონდ კეს შეიძლება მოითხოვო პირდაპირი გზით და აიძულო პირდაპირი გზით, რომ წაიკითხოს 10 გვერდი, გადმოიწეროს "გამზრდელი" თავიდან ბოლომდე, სანამ კალიგრაფიას არ გამოასწორებს... და მეორე არის უფრო არაპირდაპირი გზით, როდესაც მშობელი ცოტა უფრო მანიპულირებს და თავს მოისაწყლებს ბავშვთან, რომ აი დათრგუნულია, ძალიან განიცდის, რომ ნერვიულობს, რომ შენ საკმარისად არ მეცადინეობ. ან ბავშვთან როგორი დამოკიდებულებაა იცით, აი ცოტათი რომ შეარცხვენ, რომ აი მე შენთვის ყველაფერს ვაკეთებ და შენგან მარტო ეს მინდა, რომ გააკეთო... ნებისმიერ შემთხვევაში, რა გზითაც ამას არ უნდა ვაკეთებდე, თუკი მე რაც მინდა, რომ ჩემმა შვილმა გააკეთოს, ეს მის ძალებს აღემატება, ეს გადაჭარბებული მოთხოვნაა.