ახალსოფლის დევნილთა დასახლებაში, სადაც ფრონეს ხეობიდან დევნილები ცხოვრობენ, სასმელ წყალში ფეკალიების შემცველობა დაფიქსირდა. ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებულ კვლევზე დაყრდნობით ინფორმაციას "ქართლის ამბები" ავრცელებს.
"სააგენტოს თანამშრომლებმა წყლის სინჯები საბავშვო ბაღის სამზარეულოს ონკანიდან აიღეს. ლაბორატორიული კვლევის შედეგად 300 მლ წყალში გამოვლინდა: კოლიფორმები – 53.1 კწე, E. coli – 19.3 კწე და ფეკალური ენტეროკოკები – 32.4 კწე. სპეციალისტების განმარტებით, აღნიშნული ბაქტერიები სასმელ წყალში გრამიც კი დაუშვებელია," - ნათქვამია "ქართლის ამბების" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საბავშვო ბაღის ხელმძღვანელის თქმით, მათ აღნიშნული დასკვნა ოფიციალურად არ მიუღიათ, თუმცა ადასტურებს, რომ სინჯები ნამდვილად აიღეს.
„სოფელში ონკანი ვერ ნახეს, რომ იქიდან აეღოთ სინჯი, ამიტომ ჩვენგან აიღეს. თუ ასეთი შედეგი იყო, ჩვენამდე არ მოუტანიათ,“ — განუცხადა ბაღის ხელმძღვანელმა გამოცემას. მისი თქმით, დაახლოებით ერთი წლის წინ წყალი დამოუკიდებლადაც შეამოწმა და მაშინ სუფთა აღმოჩნდა. თუმცა აღნიშნავს, რომ ბაღში სასმელად არ იყენებენ:
„წყალი მშობლებს თავად მოაქვთ. ონკანიდან რაც მოდის, ეს სოფლისაა. რა ვქნათ, დასარეცხად რა გამოვიყენოთ?“ — ამბობს ბაღის ხელმძღვანელი.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, წყლის სინჯები 2025 წლის 24 ოქტომბერს იქნა აღებული. ანგარიშის მიხედვით, შედეგები გადაეგზავნა ქარელის მუნიციპალიტეტის შესაბამის ა(ა)იპ-ს, რომელიც წყლის სისტემების მართვაზეა პასუხისმგებელი.
იხილეთ ინფორმაცია სრულად: