ირმა გიგანი დღეს მსოფლიოში ცნობილი პიანისტია. ძირითადად, ავსტრიაში ცხოვრობს და მუშაობს, თუმცა ხშირად ჩამოდის საქართველოში, ოჯახის წევრებთან და ასევე დადის გასტროლებზე.
უცხოეთში ის ცნობილი პიანისტი ირმა გიგანია, საქართველოში კი ამ სტატუსს ცნობილი ოჯახის შთამომავლობაც ემატება. ირმას ბაბუა ხომ გამოჩენილი პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი იყო, ბიძა - მუსიკოსი მამუკა ჩარკვიანი, დედა - პიანისტი და პოლიტიკოსი თაკო ჩარკვიანი, მამა - ბიზნესმენი ჯონი გიგანი.



განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭი და ის, რომ დედის გზას გაჰყვებოდა, ადრეული ბავშვობიდან გამოავლინა. ამ ვიდეოში, რომელიც თავად გამოაქვეყნა სულ ახლახან, მხოლოდ 7 წლისაა, თუმცა უკვე ვირტუოზულად უკრავს და აღაფრთოვანებს მაყურებელს.
ერთ-ერთ ბოლოდროინდელ ინტერვიუში, რომელშიც ის ბაბუს იხსენებს და იმ გარემოს, რომელშიც იზრდებოდა, ყვება, რომ მუსიკა სულ იყო მის ცხოვრებაში:
- ძალიან ეტყობა ამ ოთახის ენერგეტიკას მისი (ჯანსუღ ჩარკვიანის - რედ.) ენერგეტიკა. მე და დედა ვიხსენებთ ხოლმე, ხშირად გვისაუბრია, ოთახში რომ შემოდიოდა ხოლმე, ერთი ადამიანი არ შემოდიოდა, 10-ის ენერგია ჰქონდა. ძალიან დიდ შემოქმედს ახასიათებს მსგავსი ენერგეტიკა. სხვათა შორის, მე ვმეცადინეობდი ხოლმე და არ ვუშლიდი ხელს. ხმაური არ უშლიდა ხოლმე ხელს, მისი კონცენტრაცია იყო მისი კოსმოსი, აქ ყოფნა... მხოლოდ ადამიანი კი არ გენატრება, როცა აღარ არის, მისი შემოქმედებიდან გამომდინარე გენატრება ის აურა, თან მიდის, მაგრამ თან შეჩერებულია დრო ამ ოთახში იმიტომ, რომ დატოვა ეს თავისი დრო, რომელიც უძლებს დროს.

სანამ მე დავიბადებოდი... აი, რა უნდა ვიცოდე ახლა, მანამდე, მაგრამ მჯერა, რომ მესმოდა ძალიან ბევრი მუსიკა, რადგან სახლში სულ მუსიკა იყო. 1996-ში დავიბადე და ძაან რთული პერიოდი იყო. შუქი რომ მიდიოდა, ჩარკვიანების სახლი მაინც ძალიან ნათელი იყო.




2002 წლის ივნისში იტალიის ქალაქ მინერბიოში მუსიკოს-შემსრულებელთა მეორე საერთაშორისო კონკურსზე (Minerbio International Competition) გახდა 8-13 წლის ბავშვებს შორის გრან-პრის მფლობელი. მაშინ 6 წლის იყო, მაგრამ როდესაც იტალიაში მისი ჩანაწერი მოისმინეს, პატარა პიანისტი კონკურსზე დაუშვეს.
2002 წლის 9 ივლისს თბილისის მწერალთა კავშირის საკონცერტო დარბაზში, კამერული ორკესტრის თანხლებითა და რევაზ ტაკიძის დირიჟორობით, შეასრულა ბახის კონცერტი ფორტეპიანოსათვის (f-moll).იგივე ნაწარმოები შეასრულა 2003 წლის თებერვალში კონსერვატორიის დიდ დარბაზში გამართულ სოლო კონცერტზე, ზაალ აზმაიფარაშვილის დირიჟორობით.
2003 წელს მუსიკოს-შემსრულებელთა მე-3 რესპუბლიკურ კონკურსზე (ასაკის გამო კონკურსის გარეშე) დაჯილდოვდა საქართველოში აშშ-ს საელჩოს სპეციალური პრიზით.
2003 წლიდან არის ვ. სპივაკოვის ფონდის მიერ ჩატარებული ფესტივალების მონაწილე. სპივაკოვისა და იუნესკოს საერთაშორისო ფონდის სტიპენდიატი.
2005-2009 წლებში სწავლობდა თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სკოლაში „ნიჭიერთა ათწლედში“. პედაგოგი მაია ნარიმანიძე.
2006-2008 წლებში მონაწილეობდა სხვადასხვა მუსიკალურ ფესტივალში, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ.2009 წელს დაჯილდოვდა კულტურის დესპანის მედლით.იმავე წელს გამოიცა მისი დისკი ისრაელის კამერატასთან (დირიჟორი ავნერ ბირონი).
2010 წელს ფრედერიკ შოპენის სახელობის პიანისტთა მეორე კონკურსის პირველი პრემიის მფლობელი გახდა.ამავე წელს, 14 წლის პიანისტი წარმატებით წარდგა მოსკოვში სოლო-კონცერტით.
აღსანიშნავია მისი კონცერტები ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით, რომლებიც გაიმართა 2012 წელს ეროვნულ საკონცერტო დარბაზში და ქუთაისის ოპერის თეატრში.
2009-2013 წწ. ირმა გიგანი სწავლობდა თბილისის მუსიკალურ სემინარიაში. პედაგოგი თენგიზ ამირეჯიბი. 2013-2016 წწ. კი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში. პედაგოგი მანანა დოიჯაშვილი.
მუსიკოსი ეწევა აქტიურ საკონცერტო ცხოვრებას: შვეიცარია, ისრაელი, იტალია გერმანია, რუსეთი, ჰოლანდია თურქეთი, დანია.
წარმატებით გამოდის ცნობილ დირიჟორებთან და სიმფონიურ ორკესტრებთან ერთად. 2018 წლის 5 ოქტომბერს ჩაირიცხა ვენის მუსიკისა და საშემსრულებლო ხელოვნების უნივერსიტეტში. ამჟამად ცხოვრობს ავსტრიაში.

ქართველი პიანისტი გახდა საფორტეპიანო საერთაშორისო კონკურსის - Les etoiles du Piano (ფორტეპიანოს ვარსკვლავი) ლილ დე ფრანსის მეორე პრიზიორი.2021 წელს ავსტრიის საერთაშორისო კონკურსის BECHSTEIN-BRUCKNER-ის პირველი პრემია მოიპოვა. აგრეთვე, სპეციალური პრიზები მოცარტის სონატისა და ბრუკნერის ფანტაზიის საუკეთესო შესრულებისთვის.