"ელექტრონული სიგარეტით მოზარდი ზოგჯერ 20-ჯერ მეტ ნიკოტინის დოზასაც კი იღებს... როდესაც ბავშვი ნიკოტინზეა დამოკიდებული, ის უკვე ნებისმიერ სხვა ნაწარმსაც მოიხმარს" - სპეციალისტი მოზარდებში ელექტრონული სიგარეტის გამოყენებაზე - მშობლები

"ელექტრონული სიგარეტით მოზარდი ზოგჯერ 20-ჯერ მეტ ნიკოტინის დოზასაც კი იღებს... როდესაც ბავშვი ნიკოტინზეა დამოკიდებული, ის უკვე ნებისმიერ სხვა ნაწარმსაც მოიხმარს" - სპეციალისტი მოზარდებში ელექტრონული სიგარეტის გამოყენებაზე

2026-04-24 10:52:35+04:00

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ნუკა მაღლაკელიძე, გადაცემაში "პირადი ექიმი მარი მალაზონია" საუბრობს, რამდენად დიდი ზიანი შეიძლება, მოუტანოს ელექტრონული სიგარეტის გამოყენებამ მოზარდებს:

- ძალიან ხშირად ელექტრონულ სიგარეტს კარიბჭეს ეძახიან. დღევანდელი ახალგაზრდები ამ პროდუქტებით იწყებენ ექსპერიმენტირებას, შემდგომ უკვე ისინი ძალიან მალე ნიკოტინზე ხდებიან დამოკიდებულები. ამ პროდუქტებს ასევე ერთი თავისებურება აქვს. ნიკოტინის დოზის გაკონტროლება კიდევ უფრო რთულია, ვიდრე თამბაქოს ტრადიციულ ნაწარმში, რადგანაც მოზარდი ძალიან ხშირად ისუნთქავს ისე, რომ ვერ ხვდება. აქვს სხვადასხვა არომატიზატორი, რაც რეგულაციის საკითხი უნდა იყოს და, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე საქართველოში არ არის. თუმცა, გარკვეულ მოწინავე ქვეყნებში ამას კანონმდებლობა არეგულირებს.

მოზარდი ზოგჯერ 20-ჯერ მეტი ნიკოტინის დოზასაც კი იღებს, ვიდრე ტრადიციული თამბაქოთი მიიღებდა. ძალიან მარტივად ხდება დამოკიდებული. შემდგომ უკვე მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, არა მხოლოდ დამოკიდებულება, არამედ ნიკოტინდამოკიდებული მოზარდის სხვა ქცევითი თავისებურებებიც. მაგალითად, კვლევებითაა დამტკიცებული, რომ მოზარდს, რომელიც ნიკოტინზეა დამოკიდებული, უფრო მეტად აქვს კოგნიტური პრობლემები, მეხსიერების პრობლემები, ნაკლებად ითვისებს მასალას, რომელსაც სწავლობს. ეს კი ის ასაკია, როდესაც ბავშვი რაც შეიძლება, კონცენტრირებული, მახვილი გონებით უნდა იყოს. ამ შემთხვევაში, მოზარდები შფოთვისა და მენტალური თავისებურებებისადმი მოწყვლადები არიან. ნიკოტინი ამას კიდევ უფრო ამძაფრებს. შესაბამისად, ისინი ბევრად უფრო დამოკიდებულები ხდებიან და სხვა ტიპის ნაწარმზე ბევრად უფრო მარტივად გადადიან. არ რჩებიან მხოლოდ ელექტრონულ სიგარეტზე... როდესაც ბავშვი ნიკოტინზეა დამოკიდებული, ის უკვე ნებისმიერ სხვა ნაწარმსაც მოიხმარს.

იწვევს ფილტვების, თირკმლის დაზიანებას და სხვა მძიმე შედეგებს... - ელექტროსიგარეტის საფრთხეები, რომელიც ქართველ მოზარდებშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს