ბავშვის განვიტარებასთან დაკავშორებული მითები ყველა დროსა და ეპოქაში არსებობდა. გამონაკლისი არც თანამედროვე პერიოდია. განსაკუთრებით სენსიტიურია ეს საკითხი ბავშვთა ნევროლოგიაში და ერთი შეხედვით უწყინარი მითის მიღმა შეიძლება იმალებოდეს პრობლემა, რომელიც სპეციალისტის ჩარევას საჭიროებდეს.
მართალია, თითოეულ ბავშვს განვითარების საკუთარი ტემპი აქვს. თუმცა არსებობს ნიშნები, როცა ლოდინი არ შეიძლება. თუ ბავშვი დროულად ვერ იჭერს თავს, არ ჯდება, არ ხოხავს ან არ ინტერესდება კომუნიკაციით — ეს შეიძლება განვითარების შეფერხების სიგნალი იყოს. ყველაზე დიდი შეცდომა ამ დროს დროის დაკარგვაა. ადრეულ ასაკში ნერვული სისტემა განსაკუთრებით პლასტიკურია და სწორედ ამ პერიოდშია დახმარება ყველაზე ეფექტური.
ეს მითი ხშირად ამშვიდებს მშობლებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება მეტყველებას ან ქცევას. რეალურად, ბიჭებსა და გოგონებს შორის განსხვავება არსებობს, მაგრამ ის იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, რომ აშკარა შეფერხება უგულებელვყოთ. თუ ბავშვი არ ლაპარაკობს, არ რეაგირებს მიმართვაზე ან არ ცდილობს კომუნიკაციას — აუცილებელია მიზეზების გარკვევა და არა ყველაფრის სქესზე გადაბრალება.
მაღალი აქტიურობა ნორმაა, თუმცა არის შემთხვევები, როცა „ჰიპერაქტიურობის“ უკან ნერვული სისტემის თავისებურებები იმალება, მაგალითად, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომი (ADHD).
თუ ბავშვს უჭირს ყურადღების კონცენტრაცია, არის იმპულსური, ვერ ასრულებს დაწყებულ მოქმედებებს და მუდმივად მოძრაობაშია — ეს უკვე შეფასების მიზეზია და არა დასჯის. ასეთი თავისებურებების დროული ამოცნობა ხელს უწყობს მომავალში სწავლისა და თვითშეფასების პრობლემების თავიდან აცილებას.
ბევრი მშობელი ყურადღებას ამახვილებს მხოლოდ ძირითად პარამეტრებზე — წონაზე, სიმაღლეზე და აშკარა დაავადებების არარსებობაზე. თუმცა ნევროლოგიური განვითარება მხოლოდ ფიზიკურ მდგომარეობას არ გულისხმობს. ის მოიცავს კომუნიკაციას, ემოციებს, მეტყველებასა და ქცევას. ბავშვი შეიძლება გარეგნულად ჯანმრთელი ჩანდეს, მაგრამ მაინც ჰქონდეს სირთულეები. ასეთი ნიშნების იგნორირება სპეციალისტთან ვიზიტს აყოვნებს და მომავალში კორექციას უფრო რთულსა და ხანგრძლივს ხდის.
ეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და ამავდროულად ყველაზე რისკიანი მიდგომაა.
დიახ, ყველა გადახრა დიაგნოზს არ ნიშნავს. თუმცა ნევროლოგთან კონსულტაცია განაჩენი არ არის — ეს არის შესაძლებლობა მივიღოთ ობიექტური შეფასება და საჭიროების შემთხვევაში რეკომენდაციები. თანამედროვე ნევროლოგია და ადრეული რეაბილიტაცია მუშაობს არა მხოლოდ დიაგნოზებთან, არამედ რისკებთანაც. ხშირად მცირე მხარდაჭერაც საკმარისია, რომ მომავალში უფრო სერიოზული სირთულეები ავიცილოთ.
დანაშაულის გრძნობა ხშირად ხელს უშლის მშობლებს დახმარების მოძიებაში. სინამდვილეში, ნევროლოგიური თავისებურებების უმეტესობა არ არის დაკავშირებული აღზრდის ან მოვლის შეცდომებთან. ეს არის ბიოლოგიური ფაქტორების, განვითარების თავისებურებებისა და ნერვული სისტემის ინდივიდუალური მახასიათებლების კომბინაცია. მშობლების მთავარი ამოცანაა დროულად შენიშნონ თავისებურება და მხარი დაუჭირონ ბავშვს.