ისინი აშშ-ის ელიტური უძრავი ქონების სამყაროს ვარსკვლავებად ითვლებოდნენ: ორენ, ტალ და ალონ ალექსანდერები ჰოლივუდის პროდიუსერებთან მეგობრობდნენ, ხოლო მათ კლიენტებს შორის ვარსკვლავებიც იყვნენ - ლეონარდო დიკაპრიო, ჯასტინ ბიბერი და ტომი ჰილფინგერი.
მილიონიანი გარიგებები, მდიდრული სასახლეები ლოს-ანჯელესსა და მაიამიში — ეს ყველაფერი წარსულად იქცა მას შემდეგ, რაც მათ სექსუალური ძალადობის ბრალდებები წაუყენეს.
2026 წლის მარტის დასაწყისში ნიუ-იორკში ნაფიცმა მსაჯულებმა სამივე ძმა სექს-ტრეფიკინგის ორგანიზებაში დამნაშავედ ცნეს. აღმოჩნდა, რომ მრავალი წლის განმავლობაში გავლენიანი ადამიანები სარგებლობდნენ იმ ადამიანების მომსახურებით, რომლებიც გარეგნულად წარმატებულ ბიზნესმენებს ჰგავდნენ, მაგრამ რეალურად სასტიკ დანაშაულებს სჩადიოდნენ.

2026 წლის 8 მარტს მანჰეტენში ნაფიც მსაჯულთა ფედერალურმა კოლეგიამ, 20 საათზე მეტი განხილვის შემდეგ, ვერდიქტი გამოაცხადა. ბრალდებულთა მამა, შლომი ალექსანდერი, რომელიც სასამართლოზე მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა, ვერდიქტის გამოცხადებამდე თავზე ტრადოცოული ებრაული კიპა დაიფარა — თითქოს ღვთის დახმარების იმედით.
სასამართლომ 38 წლის ტყუპი, ორენი და ალონი, ასევე მათი 39 წლის ძმა ტალი, ყველა ბრალდებაში დამნაშავედ ცნო. მათ სასჯელის სახით 15 წელი ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.
2024 წლის 11 დეკემბერს დილით ადრე, FBI-ის რეიდის შედეგად, სამივე ძმა მაიამიში დააკავეს.
გამოძიების მიხედვით, ისინი ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში სექსუალური ძალადობისა და სექს-ტრეფიკინგის ორგანიზებით იყვნენ დაკავებული.
2010–2021 წლებში ისინი თავიანთ სიმდიდრესა და სტატუსს ქალების მოსატყუებლად იყენებდნენ: ჰპირდებოდნენ მდიდრულ წვეულებებს, კერძო თვითმფრინავით მოგზაურობასა და ელიტურ კურორტებზე დასვენებას — ჰემპტონსში, კარიბებზე, ასპენში.
შემდეგ, როცა ქალები მათთან ერთად დროის გატარებას თანხმდებოდნენ, სასმელში ნარკოტიკებს ურევდნენ და აუპატიურებდნენ, ზოგჯერ ჯგუფურადაც.
პირველი სარჩელები სექსუალური ძალადობის შესახებ 2024 წლის მარტში შევიდა, თუმცა რამდენიმე თვე შეუმჩნეველი დარჩა. საქმე მხოლოდ მას შემდეგ გახმაურდა, რაც გამოცემა The Real Deal-მა ამის შესახებ სტატია გამოაქვეყნა.
ამან დიდი რეზონანსი გამოიწვია — დაზარალებულებმა მასობრივად დაიწყეს პოლიციაში და სასამართლოში მიმართვა.
დაკავების მომენტისთვის მსხვერპლთა რაოდენობა 60-ს აჭარბებდა. სასამართლომ მათ გირაოზე გათავისუფლებაზე უარი თქვა, მიუხედავად იმისა, რომ ოჯახი 115 მილიონ დოლარამდე ქონების დადებას სთავაზობდა.

სასამართლოზე წარმოდგენილმა მტკიცებულებებმა აჩვენა, რომ დანაშაულები უფრო ადრე დაიწყო, ვიდრე ოფიციალურად ითვლებოდა.
ნაფიცმა მსაჯულებმა ნახეს 2009 წლის ვიდეო, სადაც ორენი 17 წლის გოგონას აუპატიურებს უგონო მდგომარეობაში.
შლომი და ორლი ალექსანდერები ისრაელიდან მაიამიში გადავიდნენ თითქმის უფულოდ. მამა მორგში მუშაობდა, დედა ებრაულს ასწავლიდა.
მოგვიანებით მათ დაცვის კომპანია Kent Security Services დააარსეს, რომელიც სწრაფად განვითარდა და წარმატებული ბიზნესი გახდა.
წყვილს ოთხი ვაჟი ჰყავდათ, რომელთაგან სამი — ტალი, ორენი და ალონი — ძალიან ახლოს იყვნენ ერთმანეთთან. სწორედ ახალგაზრდობაში დაიწყო მათი პრობლემური ქცევა — ისინი თანაკლასელ გოგონებთან სექსუალური შინაარსის ვიდეოებს იღებდნენ და ავრცელებდნენ.
სკოლის შემდეგ ტალმა და ორენმა უძრავ ქონებაში დაიწყეს მუშაობა და სწრაფად გახდნენ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბროკერები.
მათ მანჰეტენის პენტჰაუსი 238 მილიონ დოლარად გაყოდეს. ეს რეკორდული გარიგება იყო.მათი კლიენტები იყვნენ კიმ კარდაშიანი, კანიე უესტი, ლინდსი ლოჰანი და ივანკა ტრამპი.
სასამართლოზე გაირკვა, რომ ძმებს ქალების მიმართ აგრესიული და დამამცირებელი დამოკიდებულება ჰქონდათ.
2008 წელს მათ მეგობრებთან ერთად შექმნეს ბლოგი, სადაც აღწერდნენ, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ ქალებთან და ამართლებდნენ ძალადობას.
ერთ-ერთ პოსტში ეწერა: „ეს არ არის გაუპატიურება, თუ...“ — და მოჰყვებოდა შოკისმომგვრელი „პირობები“.
ძმების კარიერა და ბიზნესი ფაქტობრივად ერთ დღეში დაინგრა.
მათი კომპანია გაკოტრდა, პარტნიორებმა კონტრაქტები შეწყვიტეს, ლიცენზიები შეუჩერეს.
სახელმწიფო ცდილობს მათი ქონების კონფისკაციას, რადგან დანაშაულები სწორედ მათ საკუთრებაში ხდებოდა.
ბრალდებებმა ოჯახებიც დაანგრია. სამივე ძმა დაქორწინებული იყო. ტალის მეუღლემ განქორწინება მოითხოვა მას შემდეგ, რაც პოლიციამ მათ სახლში მტკიცებულებები იპოვა.
სასამართლოზე მხოლოდ ალონის მეუღლე უჭერდა მათ მხარს.
შვილებს გვერდით უდგანან მშობლებიც, რომლებმაც ვერდიქტს „ძალიან იმედგამაცრუებელი“ უწოდეს და შვილების გათავისუფლებისთვის ბრძოლას აპირებენ.