ფიტნესის პროფესიონალური მწვრთნელი, ნუტრიციოლოგი, ნინო (ჩერი) ჩერქეზიშვილი, გვანცას პოდკასტში პირადი ცხოვრების შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ ოჯახს მისი ფერადკანიან მამაკაცთან ქორწინების მიღება გაუჭირდა:
- ყველა კაცი მისერიოზულებს ურთიერთობას. არადა, თამამად შემიძლია, ვთქვა, რომ ყველა ურთიერთობა არასერიოზულად მაქვს დაწყებული... სანამ არასერიოზული იყო (მომავალ მეუღლესთან ურთიერთობა - რედ.), ჩემი ოჯახი იქამდე იღებდა, მაგრამ, როგორც კი გასერიოზულდა, დიდი ომები და ბრძოლები მაქვს გადატანილი. ალბათ, ბოლო 5 წელია, ჩემს ცხოვრებაში სტრესისგან არ ამომისუნთქია. ღიმილით ვამბობ, მაგრამ ისეთი იარები და ჭრილობები მაქვს, რომლებიც ვერასდროს შეხორცდება, ვერ გამთელდება, ყოველთვის მემახსოვრება და ყოველთვის მეტკინება. ოჯახს ჩემი ორსულობის მიღება ძალიან გაუჭირდა. მით უმეტეს, ფერადკანიანისგან.


ნინო (ჩერი) ჩერქეზიშვილი 2 შვილის დედაა. Mshoblebi.ge-ს 2023 წელს საკუთარი საქმიანობის შესახებ ვრცლად ესაუბრა და ინტერვიუდან ფრაგმენტს გაგიზიარებთ:
- ვიდრე ტრენერი გავხდებოდი, 11 წლის განმავლობაში ბანკში ვმუშაობდი. შემდეგ ინგლისში წავედი და უძრავი ქონების სააგენტოში დავიწყე მუშაობა როგორც აგენტად, ასევე მარკეტინგის მიმართულებით. 2016 წლის ბოლოს აღმოვაჩინე, რომ ტრენერობა მიზიდავდა. თავად უკვე ვვარჯიშობდი, ინგლისში აკადემია დავამთავრე და 2017 წლიდან საქართველოში გადმოვედი და დავიწყე მუშაობა. ჩემი გეგმა იყო, რომ მაქსიმალურად სწრაფად გადავსულიყავი ონლაინ მიმართულებაზე და ამ ფორმით ბევრი ადამიანისათვის გამეზიარებინა სასარგებლო რჩევები. საქართველოში ფიზიკურ აქტივობაში ჩართვის იმდენად დაბალი მაჩვენებელი იყო, რომ მასაზე გასვლა აუცილებლად მჭირდებოდა. ამიტომ, გავაკეთე ვებ-აპლიკაცია, სადაც სავარჯიშო და კვებითი პროგრამები ჩავდე. როგორც კი პანდემია დაიწყო, ჯგუფურ, დისტანციურ ვარჯიშებზე გადავედი, რომელსაც გამოწერის პრინციპი აქვს... საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა, რადგან წლის განმავლობაში, დაახლოებით, 7 ათასამდე ადამიანი ერთვება. ვფიქრობ, ჩემი მთავარი მოტივაციაც და მიღწევაც არის ის, რომ ძალიან ბევრ ადამიანს ფიზიკურ აქტივობაში ჩართვა მოვანდომე. ძალიან მინდა, რაც შეიძლება, მეტი ადამიანი დაკავდეს სპორტით და იყოს აქტიური. მხოლოდ კვებაზე აქცენტის გაკეთება სწორი არ არის, რადგან თუ სხეულს ფიზიკური აქტივობა არ აქვს, ბევრი პროცესი სწორად ვერ წარიმართება. ყველა სავარჯიშო პროგრამა, რომელსაც პროგრამით იღებენ, ჩემი შედგენილია. როგორც ტრენერმა, ვიცი, რა ტიპის აქტივობები რომელ ეტაპზე უნდა შევთავაზო ადამიანებს, რომ კარგი შედეგი მივიღოთ.
ინგლისში რომ ვცხოვრობდი, ჩემი უფროსი შვილი საქართველოში მყავდა დატოვებული. როდესაც პერიოდულად მასთან ჩამოვდიოდი, ვხედავდი, რომ მის ცხოვრებაში ფიზიკური აქტივობა სულ უფრო მცირდებოდა. შესაბამისად, წონაშიც იმატებდა. წონაში მატების პარალელურად, ანალიზებიც შეეცვალა. შაქრის დონე კრიტიკულ ნიშნულზე ავიდა და, ფაქტობრივად, შეძენილი დიაბეტის ზღვარზე ვიყავით. სპორტზე სადაც კი მივიყვანეთ, სამწუხაროდ, შესაბამისი შედეგი ვერ მივიღეთ. სულ იყო აქცენტი იმ ბავშვებზე, რომლებსაც კონკრეტული სპორტისთვის კარგი მონაცემები ჰქონდათ. ამიტომ, ჩემს შვილს ვუთხარი, რომ თავად ვავარჯიშებდი. დარბაზში წავიყვანე. ვნახე, რომ ტრენერობა კარგად გამომდიოდა, იქვე ბევრი ადამიანი გვიერთდებოდა და ესეც მოტივაციას მაძლევდა. ამის შემდეგ გადავწყვიტე, რომ მიმართულება შემეცვალა და ტრენერად დამეწყო მუშაობა.