3 შეცდომა ბავშვის ცხვირიდან სისხლდენის დროს - როგორ უნდა შეამოწმოთ, რამდენად ძლიერია სისხლდენა და გჭირდებათ თუ არა ექიმი - მშობლები

3 შეცდომა ბავშვის ცხვირიდან სისხლდენის დროს - როგორ უნდა შეამოწმოთ, რამდენად ძლიერია დენა და გჭირდებათ თუ არა ექიმი

2026-04-27 16:11:41+04:00

ცხვირიდან სისხლდენა (ეპისტაქსი) ბავშვებში საკმაოდ ხშირია და უმეტეს შემთხვევაში საშიში არ არის. თუმცა, არასწორმა მოქმედებამ შეიძლება სისხლდენა გაახანგრძლივოს ან გაართულოს.

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომაა ბავშვის თავის უკან გადაწევა. ამ დროს სისხლი ჩადის ყელში, ბავშვი მას ყლაპავს და მშობელს აღარ აქვს საშუალება რეალურად შეაფასოს სისხლდენის ინტენსივობა. გარდა ამისა, შეიძლება განვითარდეს გულისრევა ან პირღებინება. სწორი მიდგომაა, რომ ბავშვი იჯდეს და თავი ოდნავ წინ ჰქონდეს გადახრილი.

მეორე გავრცელებული შეცდომაა ცხვირის ბამბით ან ტამპონით დახშობა. ბამბა სწრაფად იჟღინთება სისხლით, შემდეგ შრება და ეწებება ლორწოვანს. მისი მოცილებისას ხშირად იწყება ხელახალი სისხლდენა. სწორედ ამიტომ, სახლში ასეთი მეთოდის გამოყენება რეკომენდებული არ არის, თუ ეს ექიმის მიერ სპეციალურად დანიშნული საშუალება არ არის.

მესამე შეცდომაა ბავშვის დაწვენა. ჰორიზონტალურ მდგომარეობაში ბავშვი იძულებულია ყლაპოს სისხლი, რაც დისკომფორტს იწვევს და ზრდის პირღებინების რისკს. ბავშვის მდგომარეობა ამ დროს შეიძლება ვიზუალურად უკეთესად ჩანდეს, თუმცა რეალურად ეს არასწორი მიდგომაა.

ცხვირიდან სისხლდენის დროს ყველაზე სწორი მოქმედებაა ბავშვის სწორად დასმა. იგი უნდა იჯდეს მშვიდად, თავი ოდნავ წინ გადახრილი ჰქონდეს და სუნთქავდეს პირით. მშობელმა თითებით უნდა მოუჭიროს ცხვირის რბილ ნაწილს, ანუ ნესტოებს, და არა ძვალს. მნიშვნელოვანია, რომ ორივე ნესტო ერთად მოიჭიროს, მიუხედავად იმისა, რომ სისხლი შეიძლება მხოლოდ ერთიდან მოდიოდეს. ეს უნდა გაგრძელდეს უწყვეტად 10 წუთის განმავლობაში ისე, რომ შუაში ხელი არ გაუშვათ „შესამოწმებლად“.

თუ 10 წუთში სისხლდენა არ შეწყდა, იგივე პროცედურა უნდა გაგრძელდეს კიდევ 10 წუთით. ამ დროს შეიძლება გამოყენებულ იქნას ცივი კომპრესიც, რომელიც უნდა დაიდოს ცხვირის ზედა ნაწილზე ან ლოყებზე. ყინული ან ცივი საგანი აუცილებლად უნდა იყოს ნაჭერში გახვეული, რათა კანი არ დაზიანდეს. ცივი კომპრესი ხელს უწყობს სისხლძარღვების შევიწროებას და სისხლდენის შეჩერებას.

აუცილებელია ექიმთან მიმართვა იმ შემთხვევაში, თუ სისხლდენა არ ჩერდება 20 წუთის განმავლობაში, თუ იგი ხშირად მეორდება, არის ძალიან ძლიერი, ან გამოწვეულია ტრავმით. ასევე საყურადღებოა, თუ ბავშვს აღენიშნება სისუსტე ან თავბრუსხვევა.

სისხლდენის დროს არ არის რეკომენდებული ცხვირში რაიმეს ჩადება, ასევე აქტიური მოძრაობა და საუბარი, ასევე სისხლის ყლაპვა. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვი იყოს მშვიდ მდგომარეობაში.

ცხვირიდან სისხლდენის პრიფილაქტიკა და მკურნალობა

რაც შეეხება პროფილაქტიკასა და მკურნალობას, ხშირი ცხვირიდან სისხლდენის თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია გამომწვევი მიზეზების კონტროლი. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია მშრალი ჰაერი, ამიტომ რეკომენდებულია ოთახის დატენიანება, განსაკუთრებით გათბობის სეზონზე. სასარგებლოა ცხვირის ლორწოვანის რეგულარული დატენიანება ფიზიოლოგიური ხსნარით ან ზღვის მარილის სპრეებით.

თუ ლორწოვანი ხშირად შრება და სკდება, ექიმმა შეიძლება დამატენიანებელი მალამოების გამოყენება გირჩიოთ. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვმა არ შეიყოს ცხვირში თითი და მაქსიმალურად აიცილოს მცირე ტრავმები.

ალერგიის ან ხშირი რინიტის შემთხვევაში საჭიროა მათი სწორი მართვა, რადგან ქრონიკული გაღიზიანება ზრდის სისხლდენის რისკს. იშვიათ შემთხვევებში, როდესაც სისხლდენა ძალიან ხშირია, ექიმმა შეიძლება მიმართოს სპეციალურ პროცედურებს, მაგალითად სისხლმდენი სისხლძარღვების კაუტერიზაციას (მოწვას).

ზოგიერთ შემთხვევაში საჭიროა დამატებითი კვლევებიც, განსაკუთრებით თუ ეჭვი არის სისხლის შედედების პრობლემებზე ან სხვა სისტემურ დაავადებაზე. ამიტომ, განმეორებადი სისხლდენის დროს აუცილებლად უნდა მოხდეს ექიმის კონსულტაცია.

როგორ შევამოწმოთ, რამდენად ძლიერია სისხლდენა

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ იმას, რამდენ ხანს გრძელდება სისხლდენა. თუ სწორად ჩატარებული 10 წუთიანი ზეწოლის შემდეგაც არ შეწყდა და საჭიროა პროცედურის განმეორება, ხოლო საერთო ჯამში 20 წუთსაც აჭარბებს, ეს უკვე ექიმთან მიმართვის პირდაპირი ჩვენებაა.

მნიშვნელოვანია ბავშვის ზოგადი მდგომარეობაც. თუ სისხლდენას თან ახლავს სისუსტე, თავბრუსხვევა, ფერმკრთალი კანი, ოფლიანობა, გულისრევა ან ბავშვი ხდება მოდუნებული და უჩვეულოდ მშვიდი, ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ სისხლის დაკარგვა ორგანიზმზე მოქმედებს და საჭიროა ექიმის ჩართვა.

საყურადღებოა ასევე ის შემთხვევები, როცა სისხლი დიდი რაოდენობით ჩადის ყელში და ბავშვი ხშირად ყლაპავს ან აქვს სისხლიანი პირღებინება. ეს ნიშნავს, რომ რეალური სისხლდენა იმაზე მეტია, ვიდრე გარედან ჩანს.

ექიმთან მიმართვა აუცილებელია მაშინაც, თუ სისხლდენა დაიწყო ტრავმის შემდეგ, განსაკუთრებით თუ იყო დარტყმა სახის ან ცხვირის არეში, ან თუ ასეთი ეპიზოდები ხშირად მეორდება. ხშირი სისხლდენა შეიძლება მიუთითებდეს ლორწოვანის პრობლემებზე, ალერგიაზე, ინფექციაზე ან იშვიათ შემთხვევაში სისხლის შედედების დარღვევაზე.

თუ სისხლდენა სწრაფად ჩერდება, ბავშვი თავს კარგად გრძნობს და მსგავსი ეპიზოდი იშვიათია, ჩვეულებრივ სახლში მართვაც საკმარისია. მაგრამ ნებისმიერი ეჭვის შემთხვევაში სჯობს ექიმთან კონსულტაცია, რადგან სწორი შეფასება და მიზეზის დადგენა თავიდან აგაცილებთ განმეორებით პრობლემებს.