ეს წელი განსაკუთრებით ნაყოფიერი იყო მერილ სტრიპისა და მისი მსახიობი ქალიშვილისთვის, რომელიც უკვე წლებია, მერილ სტრიპისგან დამოუკიდებლად აღიქმება საზოგადოების მიერ და ჰოლივუდის ახალგაზრდა ვარსკვლავიცაა.
გრეის გამერის მონაწილეობით წელს გამოვიდა დრამა ჯონ კენედი უმცროსის ტრაგიკულ სიყვარულზე. გრეისი ფილმში ჯონ და ჟაკლინ კენედების ქალიშვილს ასახიერებს. გრეისი უკვე აღიარეს ნიჭიერ მსახიობად და გემოვნებიან ქალბატონად და ამბობენ, რომ ის ყველაზე მეტად ჰგავს ლეგენდარულ დედას.



ასევე მსახიობი გახდა მერილის ქალიშვილი მერი, თუმცა გრეისი უფრო გასცდა ვიწრო მასშტაბებს.
ასევე ნაყოფიერი იყო წელი მერილისთვის. წელს გამოვიდა ეკრანებზე საკულტო ფილმის "ეშმაკს აცვია პრადა" მეორე ნაწილი და 76 წლის მერილი, რომელიც არაჩვეულებრივ ფორმაშია, სრულად არის ჩართული საპრემიერო ღონისძიებებში.



დღეს მერილ სტრიპი თეატრის, კინოს, ტელევიზიის მსახიობი და კინოპროდიუსერია. კინომცოდნეებმა და კრიტიკოსებმა ის თავისი დროის ერთ-ერთ უდიდეს მსახიობად აღიარეს. სამგზის "ოსკარის" მფლობელია (21 ნომინაცია აქვს - კინოს ისტორიაში ნებისმიერ სხვა მსახიობზე მეტი), ცხრაგზის "ოქროს გლობუსის" ჯილდოს მფლობელი (33 ნომინაციით - ჯილდოს ისტორიაში ყველა დროის რეკორდი), კიდევ ბევრი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი და საკუთარი ვარსკვლავით ჰოლივუდის დიდების ხეივანში.

მერი ლუიზ სტრიპი 1949 წლის 22 ივნისს დაიბადა, სამიტში, ნიუ ჯერსიში. მამა, ჰარი უილიამ სტრიპ უმცროსი, ფარმაცევტული კომპანიის მენეჯერი იყო, ხოლო დედა, მერი ვულფი, მხატვარი. ასევე ოჯახში იყვნენ მერილის ორი ძმა, დენი და ჰარი. ოჯახი პრესვიტერიანული ეკლესიის მიმდევარი იყო. მერილ სტრიპის დედა შვეიცარიული, ირლანდიური და ინგლისური წარმოშობის იყო, ხოლო მამამისი - ჰოლანდიური წარმოშობის.
მერილმა ბავშვობა ნიუ ჯერსის შტატის ქალაქ ბერნარდსვილში გაატარა, სადაც ბერნარდსის უმაღლეს სკოლაში სწავლობდა. 1971 წელს დრამის ბაკალავრის ხარისხი მიიღო ვასარის კოლეჯში. ასევე ერთი სემესტრი გაცვლითი პროგრამის ფარგლებში დარტმუთის კოლეჯში გაატარა. მოგვიანებით მსახიობმა იელის დრამის სკოლაში ხელოვნების მაგისტრის ხარისხი მიიღო.

იელის დრამის სკოლის დამთავრების შემდეგ, სტრიპი ნიუ-იორკში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც სხვადასხვა თეატრალურ დადგმაში მონაწილეობდა, მათ შორის იყო „ჰენრი V“, „ჭირვეულის მორჯულება“, რაულ ჯულიას მონაწილეობით, და "ზომა ზომის წილ“, რომელშიც მონაწილეობდნენ სემ უოტერსტონი და ჯონ კაზალე. ამ უკანასკნელთან მალევე დაიწყო მერილის რომანი.
1975 წელს სტრიპმა ვერ გაიარა პირველი კასტინგი მთავარი როლისთვის ფილმ „კინგ კონგში“. პროდიუსერმა დინო დე ლაურენტისმა, შვილთან იტალიურად საუბრისას, თქვა: „რატომ გამომიგზავნეთ ეს ღორი? ეს ქალი ისეთი მახინჯია...“ და შოკირებული დარჩა, როდესაც ახალგაზრდა მსახიობმა იტალიურადვე უპასუხა: „ძალიან ვწუხვარ, რომ იმედი გაგიცრუეთ“...
ორი წლის შემდეგ, მერილ სტრიპმა ითამაშა თავის პირველ სრულმეტრაჟიან ფილმში, ფრედ ცინემანის მელოდრამაში „ჯულია“, რომელშიც ან-მარის პატარა როლი შეასრულა. ფილმმა მსოფლიო კინოკრიტიკოსების დიდი მოწონება დაიმსახურა და სამი ოსკარიც მოიპოვა ოსკარის 50-ე ცერემონიაზე.
მალევე მერილი ნამდვილ ვარსკვლავად აღიარეს, ერთმანეთის მიყოლებით იღებდნენ ფილმებში და ნომინაციები და ჯილდოები ერთმანეთს ცვლიდა... ნელ-ნელა ის კინოს ლეგენდად იქცა თავისი უბადლო ნიჭით, შრომისმოყვარეობით და სულაც არა იდეალური გარეგნობით, რომელიც ერთ დროს დაუწუნეს...


მისი პირველი და ყველაზე დიდი სიყვარული კარიერის დასაწყისს უკავშირდება.
როცა 25 წლისა, სწავლის დასრულების შემდეგ ბროდვეიზე აღმოჩნდა.ამ დროს არა მხოლოდ სასურველი და საოცნებო როლები ითამაშა, არამედ იპოვა ცხოვრების სიყვარული. 1975 წელს დაიწყო შექსპირის პიესაზე 'ზომა ზომის წილ" ცნობილი სპექტაკლის რეპეტიციები ნიუ-იორკში, შექსპირის ფესტივალისთვის. გოგონამ მთავარი როლი შეასრულა, ხოლო მისი სასცენო პარტნიორი 40 წლის ჯონ კაზალი იყო. ის ცნობილი კინომსახიობი გახლდათ და მთელი მსოფლიო, როგორც ფრედო კორლეონეს, ისე იცნობდა ფილმიდან "ნათლია“. მსახიობებს შორის ნაპერწკალი მაშინვე გაჩნდა, როცა ერთმანეთს პირველად შეხვდნენ სცენაზე.

ურთიერთობა სწრაფად განვითარდა. მერილმა და ჯონმა მალე ერთად გადაწყვიტეს ცხოვრება ნიუ-იორკში. გარედან თითქოს ჩანდა, რომ ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებოდნენ: გოგონა თეატრის დამწყები მსახიობი იყო, ჯონი კი - უკვე შემდგარი კინოვარსკვლავი. მერილ სტრიპი გარედან ძალიან სერიოზული ჩანდა, ჯონი კი - ცოტა მორცხვი, მაგრამ გულისხმიერი. 14-წლიანი ასაკობრივი სხვაობა არც ერთს არ აწუხებდა. მათ ბევრი საერთო ჰქონდათ, ურთიერთობაში კი მხოლოდ სიყვარული და ურთიერთგაგება იყო.

ჯონი მერილისთვის პირველი დიდი სიყვარული იყო, არადა, ჯონი უკვე დაქორწინებული გახლდათ. თუმცა, მათ ისე უყვარდათ ერთმანეთი, ამას ხელი არ შეუშლია. უფრო მეტიც, ჯონმა სტრიპს ისიც უთხრა, რომ როგორც კი ფილმის გადაღებები მორჩებოდა, აუცილებლად შეიტანდა განცხადებას განქორწინებაზე. მსახიობების ურთიერთობაზე ყველა საუბრობდა. მათი სიყვარული კი უსაზღვრო ჩანდა.
კაზალი მერილისთვის კინოსამყაროში მეგზური გახდა. 1975 წელს სწორედ მან შესთავაზა "კინგ-კონგში“ კასტინგი გაევლო, სადაც მერილი დაიწუნეს. ამის მერე ბევრი შრომა დასჭირდა ჯონს, რომ დაერწმუნებინა მერილი, "ჯულიას“ გადაღების კასტინგზე გასულიყო. ამჯერად, ყველაფერი წარმატებით დასრულდა. სტრიპი მეორეხარისხოვან როლზე დაამტკიცეს. კინოდებიუტი წარმატებული აღმოჩნდა და მსახიობი ფილმში "ირმებზე მონადირე“ მიიწვიეს. ამჯერად უკვე მთავარ როლზე. ჯონი და მერილი თავს ძალიან ბედნიერად გრძნობდნენ, სეირნობდნენ, მუშაობდნენ და ერთად გეგმავდნენ მომავალს, თუმცა მათი ბედი განსხვავებული აღმოჩნდა...
ფილმის გადაღების დაწყებამდე ჯონი ცუდად გახდა. გამოკვლევების დასრულების შემდეგ, დიაგნოზი ფატალური აღმოჩნდა - მეოთხე სტადიის ფილტვის კიბო. რეჟისორი ძალიან ნერვიულობდა ფილმის მომავალზე, სტუდიამაც სთხოვა ჩიმინოს მსახიობის შეცვლა, თუმცა საბოლოო სიტყვა მთავარ მსახიობს, რობერტ დე ნიროს ეკუთვნოდა. მაიკლ ჩიმინომ დე ნიროს ჩარევით, კაზალესა და სტრიპის თანხმობით გადაღებების გრაფიკი შეცვალა, რათა ჯერ კაზალეს სცენები გადაეღოთ... გრაფიკი შეიცვალა. ყველა სცენა გადაიღეს ჯონის მონაწილეობით, რომ მას თამაში მოესწრო. ამ დროის განმავლობაში, სტრიპი საყვარელი ადამიანის გვერდით იყო და ეხმარებოდა...
კაზალემ მკურნალობის რამდენიმე კურსი გაიარა, მაგრამ დაავადება პროგრესირებდა.
სცენების გადაღების დასრულების შემდეგ, კოლეგებთან დამშვიდობების შემდეგ, მსახიობი ნიუ-იორკში გაემგზავრა. იქ მას მალე მერილ სტრიპი შეუერთდა, რომელთანაც მან უკანასკნელი დღეები გაატარა. "ყველაფერი კარგადაა, მერილ“, - ჯონმა თვალები დახუჭა და აღარც გაუხელია. ეს 1978 წლის 12 მარტს მოხდა. ის 42 წლის ასაკში გარდაიცვალა, 1978 წლის 13 მარტს, „ირმებზე მონადირის“ პრემიერამდე დიდი ხნით ადრე...
"არასდროს შევხვედრივარ ჩემს ცხოვრებაში ადამიანებს, რომლებსაც ასე უყვარდათ და ასეთი ერთგულები იყვნენ ერთმანეთის, როგორც ჯონი და მერილი. მისი სიყვარული ჯონისადმი უსაზღვრო იყო“, - იხსენებს რობერტ დე ნირო, რომელიც მსახიობებთან ერთად მონაწილეობდა ფილმში.

მერილის მორიგმა პროექტმა მრავალი ჯილდო დაიმსახურა, თავად მან - საუკეთესო მსახიობის ჯილდო მიიღო. მაგრამ ეს არ ახარებდა, აღარ შეეძლო იმ სახლში დაბრუნება, სადაც ორი ყველაზე ბედნიერი წელი გაატარა საყვარელ ადამიანთან ერთად. იქ თითოეული ნივთი ჯონის თავს ახსენებდა.
მეორე ვერსიით, იმ სახლიდან ჯონის კანონიერმა მეუღლემ გამოაგდო. ფაქტია, მერილი ქუჩაში დარჩა...
გოგონას დახმარება ძმამ შეძლო. შესთავაზა, რომ მისი მეგობრის, ახალგაზრდა მოქანდაკის, დონ გამერის ბინაში გადასულიყო, რომელიც ევროპაში გაემგზავრა და ბინა ცარიელი იყო. მსახიობიც დასთანხმდა შეთავაზებას...
ერთ დღეს სტრიპი გადაღებებიდან დაბრუნდა და ბინაში სახლის მეპატრონე აღმოაჩინა. გამერი შინ დაბრუნებულიყო. მერილს ძალიან გაუკვირდა, თუმცა მალე დონის სახით ერთგული მეგობარი შეიძინა.
"მერილი განადგურენული იყო ჯონ კაზალეს გარდაცვალებით. მე ამას ვხედავდი და ვცდილობდი, დავხმარებოდი მდგომარეობიდან გამოსვლაში“, - იხსენებს დონი. ნიუ-იორკში დაბრუნების შემდეგ მან მალევე სთხოვა სტრიპს ხელი, გოგონა კი ჯონის გარდაცვალებიდან ნახევარი წლის შემდეგ დასთანხმდა.

"ჯონი არასდროს დამავიწყდება, მაგრამ ცხოვრება უნდა გავაგრძელო. დონმა მაჩვენა, ეს როგორ უნდა გავაკეთო“, - იხსენებს სტრიპი.
ჯონის სიკვდილმა მერილს ძალიან კარგი მაგალითი აჩვენა, რომ არასდროს უნდა დაეყენებინა პროფესია ოჯახზე მაღლა. სტრიპი არ თანხმდებოდა ისეთ გადაღებებს, რომლის დროსაც ოჯახის დიდი ხნის განმავლობაში დატოვება მოუწევს. გამერიც ძალიან უწყობდა ხელს და ყველაფერში ეხმარებოდა მეუღლეს.
"ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია ერთმანეთის გესმოდეთ და ხანდახან ენაზე კბილის დაჭერაც შეგეძლოთ“, - ამბობს მერილი.
2012 წელს სტრიპმა მესამე "ოსკარი“ აიღო. სცენაზე ასულმა მსახიობმა ასეთი რამ თქვა: "პირველ რიგში, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ქმარს. მინდა იცოდეს, რომ თუ კი რამ ამ ცხოვრებაში ჩემთვის ფასეულია, ყველაფერი მას უკავშირდება“. ემოციურმა სიტყვებმა ბევრი მაყურებელი აატირა...

თუმცა ამ იდეალურ ოჯახსაც ჰქონდა დასასრული...
როგორც აღმოჩნდა, მერილ სტრიპი ექვსი წელი მალავდა ამ ამბავს და ჯერ კიდევ 2017 წელს გაშორდა ქმარს. 2023 წელს კი, ქორწინებიდან 45 წლის შემდეგ, ოფიციალურად განქორწინდნენ...

მას შემდეგ მერილი კარიერით, შვილებით და შვილიშვილებით არის დაკავებული. შარშან წერდნენ ვარსკვლავის ახალ რომანზე კომიკოს მარტინ შორთთან.

საუბრობდნენ, რომ ვარსკვლავები ერთმანეთს სერიალ „მკვლელობები ერთ შენობაში" გადაღების დროს დაუახლოვდნენ. თუმცა ეს რომანი ოფიციალურად არ დადასტურებულა.
