რამდენად სწორია, როცა ბავშვს გარდაცვლილის სახელს ვარქმევთ, მოქმედებს თუ არა მისი ბედი პატარა სეხნიას მომავალზე და აუცილებლად უნდა დავუძახოთ თუ არა ნათლობის სახელი - განმარტავს მოძღვარი - მშობლები

რამდენად სწორია, როცა ბავშვს გარდაცვლილის სახელს ვარქმევთ, მოქმედებს თუ არა მისი ბედი პატარა სეხნიას მომავალზე და აუცილებლად უნდა დავუძახოთ თუ არა ნათლობის სახელი - განმარტავს მოძღვარი

2026-04-28 10:44:24+04:00

ახალი სიცოცხლის დაბადება ოჯახში ყველაზე დიდი სიხარულია, თუმცა ამ სიხარულს ხშირად თან ახლავს რთული არჩევანი. სახელის შერჩევა ხშირად ხდება ოჯახური დაპირისპირების, ნათესაური წყენისა და აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი. როგორ დავაბალანსოთ ტრადიცია, საგვარეულო პატივისცემა და სულიერი ღირებულებები?

ამ თემაზე მამა იოანე (ყურაშვილი) გვესაუბრება.

- ბავშვის სახელის შერჩევა ხშირად ოჯახში უთანხმოების მიზეზი ხდება, როდესაც მამას ან დედას თავიანთი მშობლების სახელების დარქმევა სურთ და ერთმანეთში ვერ თანხმდებიან. ან ბებია და პაპა რჩება ნაწყენი. რამდენად სწორია, რომ ბავშვს კონკრეტული ადამიანის სახელს არქმევენ?

- ბავშვის დაბადება ოჯახში ყველაზე დიდი ზეიმია, თუმცა სახელზე ფიქრისას ხშირად იჩენს თავს აზრთა სხვადასხვაობა. როდესაც ახლობლებს შორის წყენა ან გაუგებრობა იქმნება, ეკლესია ყველაზე მშვიდობიან და სულიერ გამოსავალს გვთავაზობს: შევურჩიოთ პატარას იმ წმინდანის სახელი, რომლის ხსენების დღესაც იგი დაიბადა. ეს მიდგომა საუკეთესო გზაა ყოველგვარი უხერხულობისა და გულნატკენობის თავიდან ასაცილებლად.

ძველი ქრისტიანული წესით, ახალშობილი მე-8 დღეს უნდა მივიყვანოთ ტაძარში და სწორედ ამ დროს ხდება სახელის კურთხევა. რა თქმა უნდა, წინაპრის სახელის დარქმევაშიც არაფერია ცუდი, თუ ის ქრისტიანულია, თუმცა წმინდანის სახელის არჩევით ბავშვი მფარველ ანგელოზთან ერთად კიდევ ერთ ძლიერ ზეციურ მფარველსა და მეოხს შეიძენს. კარგი იქნება, თუ ოჯახის წევრები ერთად, სიყვარულით გადახედავენ იმ დღის წმინდანთა სიას და ერთხმად შეარჩევენ სახელს, რომელიც მათ შვილს მთელი ცხოვრება დაიცავს. ეს ტრადიცია ადრე ძალიან მიღებული იყო და მისი მასიურად აღდგენა ოჯახებში ბევრ უთანხმოებას დაასრულებდა.

- ვის ენიჭება უპირატესობა შვილისთვის სახელის შერჩევისას - დედას, მამას თუ ეს ორივე მშობლის საერთო გადაწყვეტილება უნდა იყოს? არსებობს თუ არა ეკლესიაში რაიმე სწავლება ამ საკითხზე?

- რადგან ეკლესია ბავშვისთვის იმ დღის წმინდანის სახელის დარქმევას გვირჩევს, არჩევანი მაინც დიდია, რადგან ყოველდღიურად რამდენიმე წმინდანის ხსენებაა. ამ საკითხში რაიმე სპეციალური საეკლესიო კანონი ან აკრძალვა არ არსებობს. უფლის წინაშე ორივე მშობელი თანაბარია, ამიტომ მთავარია მათ შორის იყოს სიყვარული, ურთიერთპატივისცემა და შეთანხმება. ოჯახი ერთი მთლიანობა - „მცირე ეკლესიაა“, სადაც ცოლ-ქმრის სიყვარულმა ყოველგვარ უთანხმოებასა თუ აზრთა სხვაობას უნდა გადააჭარბოს. ოჯახი, ცოლ-ქმარი სწორედ ურთიერთსიყვარულიდან და პატივისცემიდან უნდა ამოდიოდნენ. შესაძლოა, დედამ ან მამამ გაითვალისწინოს და დაარქვას მეუღლის მიერ შერჩეული სახელიც. ეს თავად წყვილის ურთიერთობა და გადასაწყვეტია.

- როდესაც დედას არ მოსწონს სურვილის საწინააღმდეგოდ შვილისთვის დარქმეული სახელი და მას სხვა სახელს ეძახის, ბავშვი კი ორი სახელით იზრდება, რამდენად გამართლებულია ეს სულიერი თუ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით?

- ცხადია, მსგავსი მდგომარეობა არ არის სასურველი. თუმცა, თუ ისე მოხდა, რომ წინაპრის პატივისცემის გამო ბავშვს არაქრისტიანული სახელი ჰქვია, უმჯობესია, მოძღვრის კურთხევით, ნათლისღების ან ზიარების შემთხვევაში მოხდეს მისი შეცვლა.

- რამდენად გამართლებულია, როდესაც მშობელი შვილს თავისსავე სახელს არქმევს? იკრძალება თუ არა ეს საეკლესიო წესით ან რაიმე რჩევა თუ არსებობს ამაზე?

-ამ საკითხზე არანაირი აკრძალვა არ არსებობს. თუ მშობელს წმინდანის სახელი ჰქვია, მისი შვილისთვის დარქმევაც სავსებით დაშვებულია და ამაში დანაშაული არფერია.

- რამდენად გამართლებულია ბავშვისთვის გარდაცვლილი ახლობლის სახელის დარქმევა მისი ხსოვნის პატივსაცემად? არსებობს თუ არა საფუძველი შიშისა, რომ ბავშვმა წინაპრის „მძიმე ბედი“ არ გაიზიაროს?

- ეს მხოლოდ ცრურწმენაა. თუნდაც წინაპარს დიდი ცოდვა ჰქონოდა, ბავშვზე მისი ცოდვა არ გადადის. ზოგადად, წინაპართა ცოდვები, როგორც პირადი პასუხისმგებლობა, ჩვენ არ მიგვეკითხება. ის სხვა სული იყო, ეს კი - სხვა სულია. თუ ადამიანი თავად არ გაიმეორებს იგივე ცოდვას, მას სხვისი ქმედებები არ მოეკითხება და არც მის ხვედრს გაიზიარებს. რაც შეეხება „ბედს“ და „ბედისწერას“, თავად ეს გამოთქმაც არასწორია ქრისტიანული სწავლებით. უფალმა ადამიანებს თავისუფალი ნება მოგვცა და ჩვენ არ ვემორჩილებით ვარსკვლავებს თუ სხვა ნიშნებს. მხოლოდ საკუთარი თავისუფალი ნებით ვმართავთ საკუთარ ცხოვრებას. ბედისწერა რომ არსებობდეს, არც მცნებები მოგვეცემოდა და არც თავისუფალი ნება გვექნებოდა.

- ზოგადად, განსაზღვრავს თუ არა სახელი ადამიანის ცხოვრებას და ბედს?

- სახელი ადამიანის ცხოვრების პირდაპირ განმსაზღვრელი არ არის. თუმცა, თუკი წმინდანის სახელს ვატარებთ და ვცდილობთ მის ცხოვრებაზე მეტი გავიგოთ, ვიძიებთ მის მაგალითებს და ვითვალისწინებთ კიდეც მათ, ეს პიროვნებაზე დადებითად აისახება.

- რა მნიშვნელობა აქვს ბავშვისთვის ქრისტიანული სახელის დარქმევას?

- სახელის შეცვლა ძველი, მიწიერი ადამიანის „მიკვდინებას“ ნიშნავს. ნათლობის დროს სახელის დარქმევით, ძველი ცოდვილი ადამიანი ახალი, სულიერი ცხოვრებისთვის იბადება. როდესაც ადამიანი წმინდანის სახელს ატარებს, ეს მის სულიერ ჩამოყალიბებაზე კარგად მოქმედებს. იგი ცდილობს გაეცნოს თავისი მფარველის ცხოვრებას, რაც ეხმარება მას სულის განწმენდაში როგორც ლოცვით, ისე წმინდანისადმი მიმბაძველობით.

- რას ნიშნავს „ნათლობის სახელი“? როდესაც ბავშვს უკვე ჰქვია სახელი, მაგრამ მოძღვარი ნათლობისას სხვა სახელს ურჩევს, ვინ უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება, თუ რა იქნება ნათლობის სახელი? ეს მშობლებთანაც უნდა შეთახმდეს?

- ნათლობის სახელი მხოლოდ მოძღვარმა არ უნდა გადაწყვიტოს. ეს მშობლებთან შეთანხმებით უნდა მოხდეს და, ცხადია, უნდა ვეცადოთ, რომ სახელი ქრისტიანული იყოს. ადამიანს ნათლობისას სხვა სახელი მაშინ ეძლევა, როდესაც მისი მიწიერი სახელი არაქრისტიანულია. ამქვეყნად მოვლინებით ადამიანი იბადება მიწიერი ცხოვრებისთვის, ნათლობით კი - სულიერი, მარადიული ცხოვრებისთვის, ამიტომ ნათლობის სახელი გაცილებით უპირატესი და მნიშვნელოვანია. სახელის შერჩევისას მნიშვნელოვანია, ის ოჯახისთვისაც მისაღები იყოს.

- თუ ბავშვს ნათლობისას სხვა სახელი დაარქვეს, აუცილებელია თუ არა, რომ ცხოვრებაშიც ამ სახელით მივმართოთ, თუ ის მხოლოდ საეკლესიო რიტუალებისთვის გამოიყენება?

- სასურველია, რომ ბავშვს ცხოვრებაშიც ნათლობის სახელით, წმინდანის სახელით მივმართოთ. საეკლესიო რიტუალებში - იქნება ეს მოსახსენიებელში ჩაწერა თუ ლოცვა - მხოლოდ ნათლობის სახელს ვიყენებთ.

- რას ურჩევდით იმ ოჯახებს, სადაც ბავშვის სახელის გამო ან დედა რჩება გულნატკენი, ან მამა არქმევს დედის უკითხავად, ან ბებია და პაპა რჩება ნაწყენი. რას ეტყვით ამ ადამიანებს, ვისთვისაც ბავშვის ოჯახში შემომატებს სიხარულის ნაცვლად წყენისა და უთანხმოების მიზეზია?

- ვურჩევდი, რომ მხოლოდ სიყვარულით და ერთმანეთის პატივისცემით იხელმძღვანელონ. ხშირად ასეთ დროს ადგილი აქვს წამოყვედრებას და უთანხმოებას, რაც ბავშვისთვისაც დამთრგუნველი და დამაზიანებელია. დაუშვებელია, რომ ახალი სიცოცხლის დაბადებით გამოწვეული სიხარული პიროვნული ამბიციებისა და წყენის მიზეზი გახდეს.

- მამაო, როგორც თქვით, ქრისტიანული ტრადიციით, ახალშობილი მე-8 დღეს უნდა მივიყვანოთ ტაძარში და სწორედ ამ დროს ხდება სახელის დარქმევა და კურთხევა. იქნებ უფრო დაგვიკონკრეტოთ, რას ნიშნავს ეს წესი?

- ეს უძველესი ბიბლიური ტრადიცია. მღვდელი ბავშვს ტაძრის კარიბჭესთან ხვდება, რაც სიმბოლურად ეკლესიაში შესვლის პირველი ნაბიჯია. იგი ჩვილს შუბლზე, პირზე და გულზე ჯვარს გამოსახავს, რითაც აკურთხებს მის გონებას, სიტყვასა და გრძნობებს. სწორედ ამ ლოცვის დროს წარმოითქმება პირველად ბავშვის სახელი ოფიციალურად.

თუმცა, რადგან შობიდან მერვე დღეს ტაძრად მიყვანების წესს დღეს მშობლები იშვიათად ასრულებენ, სახელის მინიჭება და მისი კურთხევა ძირითადად ნათლობის დროს ხდება. სწორედ ამ დროს გვირჩევს სასულიერო პირი, რომ თუ ბავშვი საერო (არაკალენდარულ) სახელს ატარებს, საეკლესიო სახელით შეიცვალოს, რათა ადამიანს ჰყავდეს ზეციური მფარველი და მისი სახელი ჩვეულებრივად მოიხსენიებოდეს წირვა-ლოცვებში.

- რას ნიშნავს ქრისტიანული სახელი და რომელი სახელია ასეთი?

- ქრისტიანული ეწოდება სახელს, რომელიც შეტანილია საეკლესიო ლიტერატურაში და ეკლესიის ისტორიის ნაწილია. ეს ნიშნავს, რომ ამ სახელით უკვე არსებობდა წმინდანი, რომელმაც თავისი ცხოვრებითა და ღვაწლით სახელი განწმინდა. როდესაც ადამიანს ქრისტიანულ სახელს ვარქმევთ, მას კონკრეტულ ზეციურ მფარველს ვაბარებთ. ბევრი სახელი ადრე მხოლოდ საერო დანიშნულების იყო, თუმცა მას შემდეგ, რაც ესა თუ ის სახელი კონკრეტულმა წმინდანმა ატარა და თავისი სულიერი ღვაწლით განადიდა, იგი სულიერად განიწმინდა და საეკლესიო კალენდარში დამკვიდრდა. ამგვარად, სახელი მხოლოდ სიტყვიერი ნიშანი აღარ არის, არამედ იმ სიწმინდის მატარებელი ხდება, რომელიც ამა თუ იმ წმინდანის ცხოვრებამ შესძინა მას.

- თუ სახელი წმინდანს არ ჰქვია, ის არაქრისტიანული სახელია და რამდენად სავალდებულოა წმინდანის სახელის შერჩევა?

-ასეთ სახელს ეკლესიაში არაკალენდარულს ან საეროს უწოდებენ. ეს არ ნიშნავს, რომ სახელი ცუდია, უბრალოდ მას არ აქვს საეკლესიო ისტორია. ნათლობისას ეკლესია ადამიანს ურჩევს, რომ წმინდანის სახელი ეწოდოს, რათა ჰყავდეს მფარველი და მოიხსენიებოდეს წირვა-ლოცვაში. თუმცა, აქ უმთავრესია თავისუფალი ნება. ეკლესია ადამიანს არაფერს აძალებს და საბოლოო არჩევანს ყოველთვის თავად პიროვნება ან მშობელი აკეთებს.

შორენა მერკვილაძე

რა სხვაობაა ნათლობისა და ოფიციალურ სახელებს შორის - როგორ შევურჩიოთ ბავშვს სახელი