"ამბობენ, რომ ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე რთული პერიოდი გარდატეხის ასაკია. მას ასეთი რთული პერიოდი არასოდეს აღარ ექნება, თუმცა კრიზისი ბევრია" - მარინა კაჭარავა გარდატეხის ასაკის სირთულეებზე - მშობლები

"ამბობენ, რომ ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე რთული პერიოდი გარდატეხის ასაკია. მას ასეთი რთული პერიოდი არასოდეს აღარ ექნება, თუმცა კრიზისი ბევრია" - მარინა კაჭარავა გარდატეხის ასაკის სირთულეებზე

2026-04-29 10:24:31+04:00

ფსიქოლოგი, მარინა კაჭარავა, გადაცემაში "ახალი დღე" გარდატეხის ასაკის სირთულეებსა და მშობლების როლზე საუბრობს:

- ამბობენ, რომ ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე რთული პერიოდი გარდატეხის ასაკია. მას ასეთი რთული პერიოდი არასოდეს აღარ ექნება, თუმცა კრიზისი ბევრია. ცხოვრება კრიზისი, მასთან გამკლავება, სტრატეგიების შემუშავება, უფრო გაზრდა და გაძლიერებაა, ან პირიქით - კრიზისში დარჩენა. ​

გარდატეხის ასაკი რევოლუციური პერიოდია, როგორც ფიზიოლოგიაში, ისე ფსიქოლოგიაში. მაგალითად, იცვლება სხეულის ფორმები, ხდება გათმიანება, ახალი სუნი აქვს ადამიანს ამ დროს. კიდურები გრძელდება, ნაკვთები უხეშდება და მოზარდებს საკუთარი თავი "უშნო" ჰგონიათ. ობიექტურად რაც უნდა ლამაზი იყოს, მას თავისი თავი მაინც ძალიან ულამაზო ეჩვენება.

​ამ დროს ხშირია გამონაყარი, აკნე. კანი ყველაზე ფსიქოსომატური ორგანოა, რომელიც ადამიანის გაჭირვებაზე გვიყვება. კანზე გამონაყარი ხშირად კონტაქტის ჩაშლა, გულის ტკენა ან დანაკარგია - იქნება ეს მეგობრის თუ საყვარელი ადამიანის. ეს შეიძლება, კომუნიკაციის ვერმოხერხებაც იყოს და პირველ დარტყმას სწორედ კანი, როგორც ჩვენი კონტაქტის საზღვარი, იღებს. ​ასევე იცვლება ურთიერთობებიც.

პირველ რიგში, მშობელი ხშირად ვერ ახერხებს, რომ ავტორიტეტად დარჩეს, არადა, მნიშვნელოვანია, რომ მშობელი ავტორიტეტი იყოს. როგორი უნდა იყოს ავტორიტეტი? ჩემი აზრით, მთავარი მოზარდთან მეგობრობა, მისი გაზიარება და იმ ვიდეოთამაშებით, მუსიკით, ლიტერატურითა თუ ხელოვნებით დაინტერესებაა, რაც ამ ასაკს აინტერესებს. მნიშვნელოვანია მათი მოდითა და ჩაცმულობით დაინტერესებაც. საჭიროა არა კრიტიკა და იმის თქმა - „ეს რა არის“ ან „მე შენხელა რომ ვიყავი, ასეთი და ისეთი ვიყავიო“, არამედ მოსმენა. უნდა ჰკითხოთ: „რა საინტერესოა, ეს მოგწონს?“, „რა არის მიზეზი იმისა, რომ ეს მოგწონს?“ ან „რით მოგწონს?“, რათა მან საკუთარი თავის გამოხატვა მოახერხოს. ​თქვენ ვერ წარმოიდგენთ, როგორ უხარიათ მათ, როდესაც ელაპარაკებით ანიმაციაზე, ანიმეებზე თუ მანგებზე, რასაც ხშირად კითხულობენ.

ასევე, არსებობს გარკვეული გატაცება კორეული და იაპონური კულტურით. ეს სწორედ ისაა, რაც მათ აინტერესებთ. არ შეიძლება ამის გაუფასურება, რადგან ამით თავად მოზარდის გაუფასურებაც ხდება, რაც შეურაცხმყოფელია. ამ დროს მას ჰგონია, რომ მისი არ ესმით და მარტო დარჩა. სწორედ ამ პერიოდში შეიძლება დაიწყოს კონფლიქტები მეგობრებთანაც.