"ე.წ. გულის წნევას ყურადღებას თითქმის არავინ აქცევს. ჰგონიათ, ის პირველი წნევაა მთავარი, არადა ინფარქტს, ინსულტს რეალურად ეს წნევა განაპირობებს" - როგორ ვარეგულიროთ დიასტოლური წნევა - მშობლები

"ე.წ. გულის წნევას ყურადღებას თითქმის არავინ აქცევს. ჰგონიათ, ის პირველი წნევაა მთავარი, არადა ინფარქტს, ინსულტს რეალურად ეს წნევა განაპირობებს" - როგორ ვარეგულიროთ დიასტოლური წნევა

2026-04-29 09:59:12+04:00

მაღალ წნევას ყველა ჩვენგანი უფრთხის. თუმცა, როგორც წესი, შეშფოთებას იწვევს ე.წ. პირველი ციფრი, სისტოლური წნევა. რაც შეეხება დიასტოლურ. ე.წ. გულის წნევას, მასზე დიდად არ ღელავენ. ტრადიციული მედიცინის სპეციალისტი, ენდოკრინოლოგი ნინო ვაშაკიძე გადაცემაში "დილა მშვიდობისა, საქართველო" სწორედ დიასტოლური წნევის საფრთხეებზე საუბრობს.

"დიასტოლურ წნევას, რომელსაც გულის წნევას ვეძახით, ყურადღებას თითქმის არავინ აქცევს. ჰგონიათ, ის პირველი წნევაა მთავარი. ამ დროს დიასტოლური წნევა წლების განმავლობაში ნელ-ნელა გვინგრევს ყველაფერს. სისტოლური, ანუ ზედა წნევა, ასახავს იმას, რომ ახლა გავიქეცი, ახლა ვინერვიულე, კიბეზე ავირბინე, ყავა დავლიე, ვიმოძრავე. საუბრის დროსაც წნევა რომ გაიზომოთ, სხვა არის. მეორე წნევა, ანუ დიასტოლური, არის მშვიდი, წყნარი და მას ვერ ვგრძნიბთ მანამ, სანამ რამე არ დაგვემართება. ამიტომ არის უფრო საყურადღებო. ინფარქტს, ინსულტს რეალურად ეს წნევა განაპირობებს, რადგან ის სისხლძარღვებს აზიანებს. რეალურად, დიასტოლური წნევა სისხლძრღვების წნევას ასახავს... როცა სისხლძარღვი ზიანდება, ის კარგავს ელასტიურობას და ამ დროს დიასტოლური წნევა მაღალი ან დაბალია. ამას ყურადღება სჭირდება. დიასტილური წნევა უნდა იყოს 60-დან 80-მდე. თუ ამაზე დაბალია, ნიშნავს, რომ არ იკვებება ტვინი (დემენციების დროს ის დაბალია), არ იკვებება თავად გული სათანადოდ. ხოლო როცა მაღალია ეს წნევა, ნიშნავს, რომ ჩვენი წვრილი კაპილარები, რომლებიც გვაქვს თვალში (თვალის ფსკერს ამიტომ ათვალიერებენ), თირკლემში, ზიანდება და ვეღარ აღდგება. დიდი მნიშვნელობა აქვს სხვაობას. თუ ორივე მაღალია, კარდიოლოგს უნდა მიმართოთ, როცა დიასტოლურია მაღალი, ოფთალმოლოგს უნდა მიმართოს. თუ ქვედა წნევა 60-ზე დაბლა ჩავიდა, ესეც საშიშია, რადგან უკვე დემენციისკენ მიდრეკილებაა," - ამბობს ნინო ვაშაკიძე.

მისივე თქმით, დიასტოლური წნევის დარღვევები ძალიან ადვილად გამოსასწორებელია ფიზიკური აქტივობით.

"არ არის აუცილებელი სირბილი და სპორტდარბაზში ვარჯიში, საკმარისია 15 წუთი ფეხით სიარული. სიარული გულსისხლძარღვთა სისტემისთვის აუცილებელია. ვისაც ამის საშუალება არ აქვს, შეუძლია სპეციალური ხელის სავარჯიშო რგოლი ან ბურთი - ესპანდერი გამოიყენოს, ისიც ძალიან ააქტიურებს სისხლის მიმოქცევას. დაიწყეთ 20 წამით, შემდეგ გაზარდეთ" - ამბობს ექიმი და იქვე დასძენს, რომ დიასტოლური წნევის დასარეგულირებლად ფიზიკური აქტივიბა არ არის ერთადერთი საშუალება. ნინო ვაშაკიძე მეორე საშუალებად კვებას ასახელებს.

"სისხლძარღვების კედლის მდგომარეობას ნატრიუმის, კალციუმის, მაგნიუმის, კალიუმის ბალანსი განაპირობებს. ბოლო დროს ამას დაემატა K2, რომელიც არის კვერცხში, კარაქში. მაგნიუმის და კალიუმის შესანიშნავი წყარია ისპანახი, გარგრის ჩირი, ნუში. კვებით უფრო ადვილია ამ ყველაფრის გაკეთება.

დისტოლურ წნევაზე ასევე ძალიან მოქმედებს კორტიზოლი, სტრესის ჰორმონი. როცა სტრესი არის ერთჯერადი, არანაირი პრობლემა არ არის, მაგრამ როცა მუდმივ სტრესშია ადამიანი, ეს მოქმედებს. ასევე მუცლის ცხიმი მაღლა სწევს ამ წნევას. ძილის წინ კარგია ასეთი ვარჯიში, 4 წამოს განმავლობაში ჩასუნთქვა, ერთი წამი გაჩერება და 6 წამის განმავლობაში ამოსუნთქვა. ამას აკეთებთ 20 წუთის განმავლობაში მშვიდად, ცხვირით. ეს წნევასაც არეგულირებს და სისხლძარღვებზეც მოქმედებს," - ამბობს ნინო ვაშაკიძე.

რომელ ხელზე უნდა გავიზომოთ წნევა და თუ ხელებს შორის მაჩვენებელი განსხვავებულია, რომელს უნდა ვენდოთ - ექიმის პასუხი
როგორ შეგვიძლია, მაღალი წნევა მედიკამენტის გარეშე დავწიოთ - როდესაც კრიზია, ეს ყველაზე მარტივი ვარიანტია
წნევა არის თავის ტკივილის შედეგი და არა მიზეზი- ნევროლოგი განმარტავს, რა კავშირია წნევასა და თავის ტკივილს შორის