მარელა ანიელი - ეს სახელი ფართო საზოგადოებისთვის ნაკლებადაა ცნობილი, სამაგიეროდ მას კარგად იცნობენ ისინი, ვინც ინტერიერის დიზაინითაა გატაცებული და მოდის ისტორიას სწავლობს. ისინიც, ვინც ტრუმენ კაპოტეს შემოქმედების თაყვანისმცემლები არიან და ისინიც, ვისაც ერთხელ მაინც სმენია ქალზე "გედის ყელით". მან 92 წელი იცოცხლა.
მარელა ანიელის ისტორიაში დრამების, შოკისმომგვრელი აღსარებების, სკანდალებისა და ინტრიგების მონაკვეთი არ არსებობს. იგი შეძლებულ ოჯახში დაიბადა, იტალიის უმდიდრეს მამაკაცზე დაქორწინდა და არასოდეს სცოდნია, რას ნიშნავდა გასაჭირი. თუმცა, ოჯახური ღალატის გარეშე საქმე არც აქ ყოფილა. მეუღლესთან 50 წლის განმავლობაში ცხოვრობდა. როგორც ამბობენ, მათ წყვილში "მესამე ზედმეტი" ჟაკლინ კენედი გახლდათ. თუმცა, ყველაფერს თანმიმდევრობით მივყვეთ:
მარელა დი კასტანიეტო 1927 წლის 4 მაისს დაიბადა. იტალიელი მამისგან მან პრინცესას ტიტული მიიღო, ხოლო ამერიკელი დედისგან - ხელოვნების, მშვენიერი ნივთებისა და მებაღეობისადმი სიყვარული მემკვიდრეობით ერგო. მარელამ ბავშვობა XVI საუკუნის ტოსკანურ ციხესიმაგრეში გაატარა, ხოლო ახალგაზრდობაში პარიზში ცხოვრობდა, სადაც ნატიფი ხელოვნების უმაღლეს სკოლასა და ჟულიანის აკადემიაში სწავლობდა.
გასული საუკუნის პირველ ნახევარში მდიდარი ოჯახებიდან გამოსული ბევრი გოგონა მოდის ინდუსტრიაში საქმდებოდა. ზოგიერთი მათგანი მოდელი ხდებოდა, სხვები კი - მოდელიორების ასისტენტები. ჩვენი გმირი იმ წლებში ცნობილ ფეშენ-ფოტოგრაფთან, ერვინ ბლუმენფელდთან ასისტენტად მოეწყო და საამისოდ მშობლიური იტალიიდან უცნობ, თუმცა მეტად მიმზიდველ ამერიკაში გადასახლდა.
ნიუ-იორკში 24 წლის მარელა დიდხანს არ გაჩერებულა. ნახევარი წლის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა. მოდელური აღნაგობისა და არისტოკრატიული გარეგნობის მქონე ქალს მალევე ჟურნალში მოდელად მუშაობა შესთავაზეს.
გადაღებებზე დათქმული 5-6 საათის განმავლობაში პოზირების შემდეგ, დი კასტანიეტო დილის სამოსს საღამოს კაბით ცვლიდა და მეგობრებთან ერთად მორიგ მაღალი საზოგადოების წვეულებაზე მიდიოდა. სწორედ ერთ-ერთ ასეთ შეხვედრაზე გაიცნო მან ის ადამიანი, რომელიც რამდენიმე წელიწადში მისი ქმარი გახდა.
ეს წარმოსადეგი მამაკაცი ჯოვანი ანიელი გახლდათ. მარელასთან შეხვედრის მომენტში კომპანია Fiat-ის დამფუძნებლის უფროსი ვაჟი 32 წლის იყო. იგი უამრავი სკანდალის წამომწყებად მიიჩნეოდა და იტალიის ყველაზე სასურველ სასიძოთა ათეულსაც ედგა სათავეში. ნუ იფიქრებთ, თითქოს ჯოვანი ჩვეულებრივი მფლანგველი ყოფილიყოს. დიახ, მას გართობა უყვარდა და ამაში უზარმაზარ თანხებსაც ხარჯავდა, თუმცა წვეულებები და ქალები მისთვის მხოლოდ მეორე ადგილზე იდგა - პირველ პლანზე მუდამ სამუშაო და ოჯახი რჩებოდა.
საქმე ისაა, რომ ანიელის მშობლები ადრე გარდაიცვალნენ და ჯანიმ, როგორც უფროსმა, არა მხოლოდ საავტომობილო იმპერია ჩაიბარა, არამედ ექვსი და-ძმაც თავად აღზარდა.
იტალიელი მამაკაცის გარშემო გოგონები მშვენიერ, თუმცა მტაცებელ ფრინველთა გუნდივით ტრიალებდნენ, მაგრამ 1951 წლის ზაფხულში მათმა მცდელობამ სრული კრახი განიცადა: ჯანის ყურადღება, გული და ფანტაზია მთლიანად მარელამ დაიპყრო.
ქორწილს არ დაუგვიანია - 1953 წლის 19 ნოემბერს წყვილმა ცხოვრება ერთმანეთს დაუკავშირა. მარელას ხელში მინიატურული ორქიდეების თაიგული ეჭირა. ნებისმიერი ფლორისტი დაადასტურებს, რომ ეს ეგზოტიკური ყვავილი, მიუხედავად სინაზისა, მყარი ურთიერთობის სიმბოლოა. ანიელების მაგალითიც ამას ამტკიცებს - მეუღლეებმა ერთად ნახევარი საუკუნე იცხოვრეს.
ქორწილის შემდეგ ჯანიმ მარელა ტურინში, თავის მდიდრულ საგვარეულო მამულში წაიყვანა. ამ სამფლობელოს სრულუფლებიანი დიასახლისი რომ გახდა, მარელა ანიელი დაიბნა. მას საკუთარი თავი მაღალი საზოგადოების დიასახლისის როლში ვერ წარმოედგინა და არც არასოდეს უოცნებია ამაზე. ახალგაზრდა ცოლი ქორწინების პირველ თვეებში მხოლოდ იმას აკეთებდა, რომ ტახტზე იწვა და ფრანგულ რომანებს კითხულობდა. ქმრისთვის მსგავსი საქციელი სრულიად მიუღებელი აღმოჩნდა.
პრობლემების ადგილზე მოგვარებას შეჩვეულმა ჯანიმ მაშინვე დაურეკა ვინმე გრაფინია ვოლპის - თავის ძველ მეგობარს ვენეციიდან. მაღალი საზოგადოების ეს ქალბატონი და მეჯლისების მომწყობი ტურინში პირველივე მატარებლით ჩავიდა.
"დაიმახსოვრე, ჩემო გოგონა, ქმრის შენარჩუნება მხოლოდ სრულყოფილად მოწყობილი სახლის მეშვეობითაა შესაძლებელი", - განაცხადა გრაფინიამ ანიელების მამულის ზღურბლზე ფეხის შედგმისთანავე. მომდევნო ორი კვირის განმავლობაში იგი მარელას ყველაფერს ასწავლიდა. დაწყებული სადღესასწაულო ვახშმის მენიუს შედგენით, დამთავრებული ბატისტის თეთრეულის შერჩევით.
მას შემდეგ სენიორა ანიელის ცხოვრება ახალი ფერებით აივსო. მთელ დღეს იგი სახლის მოვლასა და საყვარელ ბაღს უთმობდა, ხოლო საღამოს, შინ შვეულმფრენით დაბრუნებულ მეუღლესთან ერთად, საზეიმო ვახშმებს ესწრებოდა.
მალე იტალიის უმდიდრესი კაცის მეუღლე საერო ცხოვრების მთავარ ვარსკვლავად იქცა. ზაფხულის დასაწყისში იგი საფრანგეთის რივიერაზე ბრწყინავდა, შემოდგომაზე ნიუ-იორკის მთავარ სახლებს სტუმრობდა, ზამთრობით კი ყველაზე ხშირად სანქტ-მორიცში ჩნდებოდა და, რა თქმა უნდა, რეგულარულად ჩადიოდა პარიზსა და ლონდონში.
ნისლიან ალბიონზე ერთ-ერთი მოგზაურობისას ანიელიმ რიჩარდ ავედონი გაიცნო. არაჩვეულებრივი სილამაზის ქალის დანახვისას ფოტოგრაფს მისი აღბეჭდვა მაშინვე მოუნდა და მაშინვე გააფრთხილა, რომ უარს არ მიიღებდა. განა შეეძლო მარელას თავისი საქმის ოსტატისთვის უარი ეთქვა? მათი ერთობლივი მუშაობის შედეგად მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ფოტო შეიქმნა.
კადრში შავ კაბაში გამოწყობილი მარელა პროფილშია აღბეჭდილი. ფოტოზე მთავარი მისი გამოქანდაკებული ცხვირი ან მკაფიო ტუჩები კი არა, არამედ ყელია. გრძელი ყელი, როგორიც გედს აქვს. ანიელიმ არა მხოლოდ მეტსახელი "გედი" მიიღო, არამედ ტრუმენ კაპოტეს "გედების კოლექციის" მშვენებადაც იქცა, თუმცა ამის შესახებ დიდხანს არაფერი იცოდა.
ცნობილ მწერალსა და ესთეტს უყვარდა ლამაზი და მდიდარი ქალები, რომლებიც თავის მხრივ მას აღმერთებდნენ. ეს უცნაური ჯენტლმენი ადამიანების გულის მოგებას ისე ახერხებდა, რომ ქალბატონები მას ყველაზე ინტიმურ საიდუმლოებებს ანდობდნენ.
მსგავს გულახდილობას კაპოტესთან ანიელიც იჩენდა. მხოლოდ წლების შემდეგ შეიტყო მან, რომ მათ სულიერ საუბრებს მწერალი ხშირად თავის ნაწარმოებებში იყენებდა. შეიტყო და ეწყინა... მწერალს დიდხანს მოუწია პატიების თხოვნა, თუმცა მან ზუსტად იცოდა, რა გზით მიდგომოდა ქალს: "მარელა ჩემს გედთა შორის უმშვენიერესია. მისი გამოფენა ტიფანის ვიტრინაშიც კი შეიძლებოდა". სხვათა შორის, Tiffany & Co-ს სამკაულები ჩვენს გმირს ძალიან უყვარდა.
ბევრისთვის მარელა ანიელის ცხოვრება ზღაპარს ჰგავდა. ასეთიც იყო იგი... ყველაფერს, რაზეც კი ოცნება შეიძლებოდა, ანიელი საყვარელი მეუღლის თითის ერთი დატკაცუნებით იღებდა. მხოლოდ ერთი სურვილის შესრულება არ შეეძლო ქმარს - ერთგულების დაცვა. დაქორწინების შემდეგაც იგი განაგრძობდა თავგადასავლებს, რასაც შემდეგი სიტყვებით ამართლებდა: "მე მართლაც მიყვარს ყველაფერი მშვენიერი ამ ცხოვრებაში, ხოლო ლამაზი ქალები - ყველაზე მშვენიერები არიან".
როგორც ამბობენ, მის სარეცელზე ბევრმა გაიარა: მომღერლებმა, მსახიობებმა, მოდელებმა. მეტიც, ამბობდნენ იმასაც, ბიზნესმენის მეგობარ ქალთა შორის ჯეკი კენედიც იყო…
მარელამ იცოდა მეუღლის სასიყვარულო თავგადასავლების შესახებ, თუმცა ისტერიკებს არ მართავდა, სკანდალებს არ აწყობდა და ძვირადღირებულ ფაიფურს არ ლეწავდა. მას საერთოდ არ უყვარდა უარყოფითი ემოციების გამოვლენა, საკუთარ განცდებს კი ბაღში მუშაობით უმკლავდებოდა. ამ საქმეში ანიელი ნამდვილი პროფესიონალი გახლდათ.
არანაკლებ წარმატებებს მიაღწია მან ინტერიერის დიზაინშიც. სავარჯიშო ადგილი მას მრავლად ჰქონდა: იტალიური წყვილი ათეულობით მდიდრულ სახლს ფლობდა. მარელა მხოლოდ ავეჯის შერჩევით არ შემოიფარგლებოდა. იგი ისე გაიტაცა რემონტის პროცესმა, რომ ქსოვილების კოლექციაც კი შექმნა, რომელმაც 1977 წელს ამერიკული პრესტიჟული პრემია Product Design Award მიიღო.
2003 წელს მისი ბედნიერი ცხოვრება შეირყა - ჯანი გარდაიცვალა. მაშინ 76 წლის მარელამ მოულოდნელად მაროკოში გამგზავრება გადაწყვიტა. დასახლდა ვილა Ain Kassimou-ში, რომელიც XIX საუკუნის მიწურულს ლევ ტოლსტოის ასულის, ოლგასთვის ააშენეს. სწორედ იქ გაატარა მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის მთავარმა საერო "გედმა" თავისი ცხოვრების ბოლო ოცი წლის დიდი ნაწილი.
იქ მას ხშირად აკითხავდნენ შვილები: ჯანისგან მარელას ვაჟი ედოარდო და ქალიშვილი მარგარიტა შეეძინა. ფოტოგრაფებმა მარელა უკანასკნელად 2010 წელს გადაიღეს, როდესაც იგი საფეხბურთო კლუბ "იუვენტუსის" ერთ-ერთ თამაშს დაესწრო.
დასავლური პრესის ცნობით, მარელა ანიელი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა, თუმცა კონკრეტული მიზეზი არ სახელდება.