"სო­ფელ­ში იმი­ტომ გა­და­ვე­დი, რომ ქა­ლაქ­ში ცხოვ­რე­ბა უკვე აუ­ტა­ნე­ლია, მერე რა­ღაც ასაკ­ში სი­წყნა­რე, სიმ­შვი­დე გინ­და... ადრე არ გა­მოვ­ხა­ტავ­დი ჩემს ემო­ცი­ას, ბრაზს, წყე­ნას, ბევ­რი მო­მით­მე­ნია..." - ეკა ნიჟარაძე რთულ დიაგნოზზე, სოფელში გადასახლებაზე, ნიკო გომელაურთან ურთიერთობაზე... - მშობლები

"სო­ფელ­ში გა­და­ვე­დი, ქა­ლაქ­ში ცხოვ­რე­ბა უკვე აუ­ტა­ნე­ლია... რა­ღაც ასაკ­ში სი­წყნა­რე, სიმ­შვი­დე გინ­და... ადრე არ გა­მოვ­ხა­ტავ­დი ჩემს ემო­ცი­ას, ბრაზს, წყე­ნას, ბევ­რი მო­მით­მე­ნია..." - ეკა ნიჟარაძე რთულ დიაგნოზზე, სოფელში გადასახლებაზე, ნიკო გომელაურთან ურთიერთობაზე...

2026-04-30 15:51:02+04:00
"მოგესალმებით. მე გახლავართ ეკატერინე ნიჟარაძე- მსახიობი, დედა, ბებია და საქართველოს აქტიური მოქალაქე“, - ასე დაიწყო Ambebi.ge-სა და "პალიტრანიუსის“ ერთობლივი პროექტის "სახალხო ინტერვიუს“ მორიგი გადაცემა. მსახიობმა ეკა ნიჟარაძემ მისთვის დასმულ შეკითხვებს უპასუხა. გთავაზობთ ინტერვიუდან საინტერესო ეპიზოდებს. "სახალხო ინტერვიუს“ სრული ვერსიის ნახვას კი ინტერვიუს ბოლოს განთავსებულ ვიდეოში შეძლებთ.

- წყნარი, მშვიდი ბავშვი ვიყავი, თუმცა ცელქიც. მაშინ ჯერ კიდევ არსებობდა ეზოს კულტურა და ეზოში დიდ დროს ვატარებდი, ძალიან მიყვარდა იქ თამაში. განვიცდი, რომ ეს ტრადიცია ახლა ფაქტობრივად დაიკარგა. არადა, აუცილებელია, ბავშვი ბევრ რამეს სწავლობს ეზოში, მოძრაობს...

დიახ, ვცეკვავდი. ქორეოგრაფიული სასწავლებელი დავამთავრე, სადაც 9 წლის ასაკში ჩავაბარე. ბებიამ, დედაჩემის დედამ შეამჩნია, რომ მონაცემები მქონდა და არა მარტო ბებიამ. მანამდე ჩემმა ფიზკულტურის მასწავლებელმა შენიშნა, ქალბატონმა მაკო ახვლედიანმა, ელენე ახვლედიანის და გახლდათ, რაც მერე ბებიამაც დაადასტურა. ასე აღმოვჩნდი თბილისის სახელმწიფო ქორეოგრაფიულ სასწავლებელში, რომელიც მთელ საქართველოში ერთი იყო.

- როგორც ვიცი, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა გქონდათ. როგორ შეხვდით თქვენს დიაგნოზს? თქვით, - ეს მე რატომ დამემართა?

- რამდენიმე დღე იყო ცოტა შოკისმომგვრელი, შემდეგ უკვე ხვდები, რომ თავი ხელში უნდა აიყვანო და ამ ყველაფერს უნდა გაუმკლავდე. დიდი მნიშვნელობა აქვს განწყობას, ვითომ როგორ მიიღებ. არ უნდა ჩამოყარო ყურები, არ უნდა დაყარო ფარ-ხმალი. არ მითქვამს, - მე რატომ დამემართა, რადგან ზუსტად ვიცი, - რატომ მე... აქ შემიძლია ჩემი დაკვირვებაც გაგიზიაროთ, რაც მგონია, რომ მიზეზი იყო. ეს ჩემი ხასიათის შედეგი აღმოჩნდა.

ახლა გამოვსწორდი, აღარ ვარ ასეთი, გავიზარდე, რაღაცები ვისწავლე. ადრე არასდროს გამოვხატავდი ჩემს ემოციას, ბრაზს, წყენას, ბევრი რამის მოთმენა შემეძლო და მომითმენია. ეს არ არის კარგი, თუ რამე გაწუხებთ, უნდა გამოიტანოთ და თქვათ. მერე ყველაფერი გროვდება და სადმე არცთუ სასიამოვნო გასასვლელს იპოვის. ახლა ასე აღარ ვარ - თუ რამე მაწუხებს, რამე არ მომწონს, ამას პირდაპირ ვამბობ, არ ვიგროვებ.

- ნიკო გომელაურს რა ადგილი უკავია თქვენც ცხოვრებაში. როგორ აფასებთ მას როგორც ყოფილ მეუღლეს, მასთან განშორებას და რას ფიქრობთ მასზე როგორც მსახიობზე?

- ნიკოს უდიდესი ადგილი უკავია ჩემს ცხოვრებაში. სხვანაირად როგორ შეიძლება იყოს?! ჩვენ გვიყვარდა ერთმანეთი, გვყავს ორი საერთო შვილი, უკვე შვილიშვილებიც. ნიკო არაჩვეულებრივი მამა იყო მას მერეც, რაც ერთმანეთს გავშორდით. ძალიან ხშირად მეფიქრება იმაზე, თუ როგორ იქნებოდა დღევანდელი ჩვენი ცხოვრება იმ შემთხვევაში, ნიკო რომ ცოცხალი ყოფილიყო. ჩვენს შვილიშვილებს როცა ვუყურებ, ზუსტად ვიცი, რას ეტყოდა, დავუშვათ, უფროსს - თინას, როგორი ურთიერთობა ექნებოდა მასთან.

ეს კარგად ვიცი იმიტომ, რომ ნიკოს ძალიან კარგად ვიცნობდი. მათ შორის ძალიან დიდი სიყვარული იქნებოდა. ასევე ზუსტად ვიცი, სად იქნებოდა როგორც მოქალაქე. იმაზეც მიფიქრია, ცოცხალი რომ ყოფილიყო, - ახლა რუსთაველზე ჩვენთან ერთად იდგებოდა. და ამის გამო, ის ადამიანები, რომლებიც მას აღმერთებენ, ნიკოს ალბათ თავიდან მოკლავდნენ. ადამიანები, ვინც ჩვენ დღეს გვლანძღავს, დახელფასებულებს, მოსყიდულებს, უსამშობლოებს, მახინჯებს, აკაცუკებს გვეძახის. კი, ამ სიაშიც იქნებოდა ნიკო... ვისურვებდი, რომ ცოცხალი ყოფილიყო და ამას როგორღაც ავიტანდით.

ნიკო ძალიან ნიჭიერი იყო. ინსტიტუტშიც პირველად რომ ვნახე და მერე სცენაზე, საკურსო სპექტაკლში ლევან-რეზო მირცხულავასთან, მის პედაგოგთან. "გუშინდელნი“ არაჩვეულებრივი სპექტაკლი იყო და ბევრი კარგი მსახიობი თამაშობდა მისი კურსელები და მოწვეული მსახიობებიც. არაჩვეულებრივი იყო ნიკო სცენაზე, სცენას ფაქტურითაც უხდებოდა, რაც ასევე მნიშვნელოვანია. მართალი და ნიჭიერი იყო, სრულიად გაგიჟებით, ფანატიკურად უყვარდა თავისი პროფესია. მის გარეშე ცხოვრება არ შეეძლო.

- ნიკოს მეუღლესთან ახლო ურთიერთობა გაქვთ, - ეს თქვენი ინტერვიუდან ვიცი. ამას როგორ ახერხებთ?

- მე და ნიკო არ გავშორებულვართ ერთმანეთს ნიკოს მეუღლის გამო, თავისთავად მოხდა - ეს რაღაც ჩვენი შიდა პრობლემები იყო. რატომ უნდა მქონდეს ნინასთან ცუდი ურთიერთობა? ვმეგობრობთ, ჩვენ საერთო ტკივილი გვაქს და რა ვიცი, მგონი, ძალიან ჩვეულებრივი ამბავია. არ მესმის, როცა ადამიანები ერთმანეთს ხოცავენ. ჩემთვის ასეთი ურთიერთობა ბუნებრივია და სწორი.

- შრომა რომ არ გეზარებათ, ცნობილ ფაქტია. ბოლო წლებში მეურნეობას მოკიდეთ ხელი და სოფლადაც გადახვედით... ასე რატომ გადაწყვიტეთ?

- შრომა მართლაც არ მეზარება და უფრო მეტსაც გეტყვით, მიყვარს. თუ რამეს არ ვაკეთებ ფიზიკურად, მენტალურად ძალიან ცუდად ვარ. ფიზიკურად ისე ვშრომობ, ხალხს უკვირს. მიუხედავად იმისა, რომ ხან წელი მტკივა, ხან - ბეჭი, მხარი, მაინც არ ვჩერდები. ჯერ ერთი, რომ მიყვარს და მერე სხვანაირად არ შემიძლია. სოფელში იმიტომ გადავედი, რომ ქალაქში ცხოვრება უკვე აუტანელია, მერე რაღაც ასაკში სიწყნარე, სიმშვიდე გინდა. ჩიტების ჟღურტული, მამლების ყივილი... სოფელში ყველაფერი მომყავს. ბოსტანში მარტო არ ვმუშაობ. როცა იქ არ ვარ, ჩემი მეზობლები მეხმარებიან, მაგათ ვენაცვალე, ძალიან კარგი მეზობლები მყავს. ამაში გამიმართლა. ბოსტანში ბოსტნეული მომყავს, ზაფხულში არაფერს ვყიდულობ. ბაზაში რომ მივდივარ, ფაქტობრივად ვერაფერს შევიძენ ხოლმე, რადგან ბოსტანში ყველაფერი მაქვს. პამიდვრისგან ვამზადებ ტომატს, ჩირს, მაქვს ვენახი, ღვინო, ჭაჭას ვხდი. ბოლო ორი წელია, იქ ფიზიკურად დიდხანს ვერ ვარ ხოლმე, რადგან ქვეყანაში ისეთი ამბები ტრიალებს, სოფელში ვერ ვისვენებ და იქ ყოფნას ვერ ვირგებ. განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ვიდეო

დამხმარე ქალი არასოდეს მყოლია... მიკვირს, ამდენს როგორ ვასწრებდი - ეკა ნიჟარაძე დედობასა და ბებიობაზე
ნიკო იყო 39-ის და მე ვხდები ახლა 33-ის... არ ვაღიარებდი, რომ აღარ არის... ძალიან გვიან გავიაზრე მისი გარდაცვალება - ანასტასია გომელაური მამაზე