თანამედროვე ცხოვრების სწრაფმა ტემპმა, ქრონიკულმა სტრესმა და კვების რეჟიმის მნიშვნელოვანმა ცვლილებებმა გულ-სისხლძარღვთა დაავადებები 21-ე საუკუნის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად აქცია. დღეს მიოკარდიუმის ინფარქტი აღარ არის მხოლოდ ხანდაზმულთა პრობლემა. ის საგრძნობლად „გაახალგაზრდავდა“ და ხშირად სრულიად მოულოდნელად, ყოველგვარი კლასიკური ტკივილის გარეშე იჩენს თავს.
როგორ უნდა ამოვიცნოთ ორგანიზმის მიერ გამოგზავნილი „ჩუმი“ სიგნალები? რა ითვლება დღეს დიაგნოსტიკის „ოქროს სტანდარტად“ და რატომ არის გადამწყვეტი გუნდური მიდგომა გულის დაავადებების მართვისას? ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე „ნიუ ჰოსპიტალსის“ კარდიოლოგი თამარ ნარმანია გვესაუბრება.
- ქალბატონო თამარ, ხშირად გვგონია, რომ ინფარქტი ყოველთვის მწვავე ტკივილით იწყება. რა „ჩუმი“ სიმპტომებით შეიძლება გამოვლინდეს ის ადრეულ ეტაპზე?
- მიოკარდიუმის ინფარქტი ყოველთვის მწვავე ტკივილით არ იწყება და ხშირად ვლინდება ე.წ. „ჩუმი“ სიმპტომებით, რომელთა იდენტიფიცირება ამბულატორიული სკრინინგისას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ასეთი ნიშნებია არაპროპორციული დაღლილობა და უჩვეულო სისუსტე, რომელიც არ შეესაბამება შესრულებულ ფიზიკურ დატვირთვას. ასევე საყურადღებოა ქოშინი და ჰაერის უკმარისობის შეგრძნება მსუბუქი მოძრაობისას ან თუნდაც მოსვენებულ მდგომარეობაში. ხშირად პაციენტები აღწერენ არა ტკივილს, არამედ დისკომფორტს გულმკერდში, რაც სიმძიმის, მოჭერის ან წვის ხანმოკლე შეგრძნებაში გამოიხატება და ფიზიკური დატვირთვისას იმატებს. ამ ნიშნების არსებობისას ამბულატორიული კვლევები, როგორიცაა ეკგ, ექოკარდიოგრაფია და დატვირთვის ტესტი, საშუალებას გვაძლევს გამოვავლინოთ იშემია მანამ, სანამ ის შეუქცევად დაზიანებაში გადავა.
- არსებობს თუ არა ე.წ. ატიპიური ნიშნები, რაც პაციენტს შეიძლება სხვა დაავადებაში აერიოს?
- კლინიკურ პრაქტიკაში ხშირია შემთხვევები, როდესაც ინფარქტი უჩვეულოდ მიმდინარეობს და პაციენტმა ის შეიძლება შეცდომით სხვა სისტემური დარღვევა ეგონოს. ხშირად ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, გულძმარვა ან გულისრევა გასტრიტში ან მოწამვლაში ერევათ, თუმცა ეს შესაძლოა გულის პრობლემაზე მიანიშნებდეს. ასევე ატიპიურია შემთხვევები, როდესაც ტკივილი ლოკალიზებულია მხოლოდ ბეჭებს შორის, მარცხენა მხარში ან ყბის არეში, რაც ხერხემლის პრობლემებს ჰგავს. ზოგჯერ კი მდგომარეობა გრიპოზულ სიმპტომებს მოგვაგონებს, რაც ვლინდება ცივი ოფლით, მკვეთრი სისუსტითა და თავბრუსხვევით. მსგავსი სიმპტომებისას, განსაკუთრებით რისკ-ჯგუფებში, პირველ რიგში კარდიოლოგიური პათოლოგიის გამორიცხვაა პრიორიტეტული.
- როგორია დაავადების დიაგნოსტირების გზები?
- დიაგნოსტიკა არის მრავალსაფეხურიანი პროცესი, რომელიც ანამნეზის საფუძვლიანი შეკრებით იწყება და მაღალტექნოლოგიური კვლევებით გრძელდება. პირველადი რგოლი ელექტროკარდიოგრამაა გულის რიტმისა და იშემიის შესაფასებლად, რასაც მოჰყვება გულის ულტრაბგერითი კვლევა, რომლითაც გულის კუნთის მუშაობასა და სარქვლოვან აპარატს ვამოწმებთ. პარალელურად სისხლში ლაბორატორიულ მარკერებს განვსაზღვრავთ და საჭიროების შემთხვევაში ვატარებთ დატვირთვის ტესტებს ფიზიკური აქტივობის დროს გულის მუშაობის შესაფასებლად. საბოლოო და ყველაზე ზუსტი ინვაზიური მეთოდი კი კორონაროგრაფია გახლავთ.
- რატომ არის კორონაროგრაფია ყველაზე უსაფრთხო და ზუსტი გზა გულის სისხლძარღვების შესამოწმებლად?
- კორონაროგრაფია მიიჩნევა „ოქროს სტანდარტად“, რადგან ის გვაძლევს კორონარული არტერიების პირდაპირი ვიზუალიზაციის საშუალებას. მისი მთავარი უპირატესობა აბსოლუტური სიზუსტეა. ექიმი ხედავს სისხლძარღვის შევიწროების ზუსტ ადგილს, ხარისხს და ხასიათს. გარდა ამისა, ეს მეთოდი იძლევა მყისიერი მკურნალობის შესაძლებლობას, რადგან დიაგნოსტიკის პროცესშივე შესაძლებელია სტენტირების ჩატარება. ტექნოლოგიური პროგრესი, თანამედროვე აპარატურა და გამოცდილი გუნდი კი პროცედურულ რისკებს მინიმუმამდე ამცირებს.
კორონაროგრაფია ინვაზიური პროცედურაა, ამიტომ პაციენტების ნაწილს მისი ეშინია. მოგვიყევით უშუალოდ პროცედურის, უსაფრთხოებისა და რეაბილიტაციის შესახებ.
ინვაზიური ჩარევის შიში ბუნებრივია, თუმცა თანამედროვე მედიცინაში კორონაროგრაფია რუტინული და მაღალი უსაფრთხოების მქონე პროცედურაა. ის ტარდება ადგილობრივი ანესთეზიით, ძირითადად მაჯის არტერიიდან, რასაც რადიალური მიდგომა ეწოდება. პაციენტი ამ დროს ფხიზლადაა და საერთოდ არ გრძნობს ტკივილს. მოსამზადებლად საჭიროა მხოლოდ თირკმლის ფუნქციის შემოწმება და უზმოზე ყოფნა, ხოლო რეაბილიტაცია იმდენად სწრაფია, რომ პაციენტი იმავე დღეს აქტიურდება და სრულფასოვან ცხოვრებას 24-48 საათში უბრუნდება.
- რა უპირატესობები აქვს კარდიოლოგიური შემოწმების ჩატარებას მულტიპროფილურ კლინიკაში?
- პაციენტის მართვა ისეთ მულტიპროფილურ კლინიკაში, როგორიც „ნიუ ჰოსპიტალსია“, ნიშნავს უსაფრთხოების მაქსიმალურ გარანტიას. ამის საფუძველს კი მუშაობის Heart Team-ის პრინციპი გვაძლევს. თუ ამბულატორიული ვიზიტისას სერიოზული პრობლემა აღმოჩნდა, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მყისიერად ერთვება კარდიოლოგი, ინტერვენციონისტი და ქირურგი. გული არ არის იზოლირებული ორგანო და მისი მუშაობა მჭიდროდ არის დაკავშირებული სხვა სისტემებთან, ამიტომ თანმხლები დაავადებების გამოვლენისას სხვადასხვა დარგის ექიმები დაუყოვნებლივ ერთვებიან პროცესში. ჩვენი კარდიოქირურგიული და რეანიმაციული გუნდი კი 24/7 რეჟიმში მზადაა ნებისმიერი სირთულის ქირურგიული ჩარევის ჩასატარებლად.
- შესაძლებელია თუ არა დაავადების პრევენცია და როგორ?
- თანამედროვე კარდიოლოგიის ამოცანაა, რომ ინფარქტების მინიმუმ 80% თავიდან იქნას აცილებული. პრევენციის ქვაკუთხედი დისლიპიდემიის მართვაა, რაც ლიპიდური პროფილის მოწესრიგებას გულისხმობს ახალი თაობის პრეპარატებით. ეს მედიკამენტები არა მხოლოდ „ცუდ ქოლესტერინს“ აქვეითებენ, არამედ არსებული ათეროსკლეროზული ფოლაქების სტაბილიზაციასა და სისხლძარღვის ფუნქციის გაუმჯობესებას უზრუნველყოფენ. გარდა მედიკამენტური თერაპიისა, პრევენცია მოითხოვს სისტემურ ამბულატორიულ მეთვალყურეობას არტერიული ჰიპერტენზიის და მეტაბოლური დარღვევების ადრეული კორექციისთვის.
- როგორია დაავადების განვითარების ძირითადი ასაკობრივი ჯგუფი და რამდენად შესამჩნევია მისი გაახალგაზრდავების ტენდენცია?
- დაავადების ასაკობრივი სტრუქტურა მნიშვნელოვნად შეიცვალა. 40 წლამდე ასაკის ჯგუფზე შემთხვევათა 5-10% მოდის, სადაც მთავარი მიზეზები გენეტიკა, თამბაქო და სტრესია. საშუალო ასაკში, 40-დან 65 წლამდე, შემთხვევათა თითქმის 40% ფიქსირდება და ეს უკავშირდება რისკ-ფაქტორებს, როგორიცაა ჰიპერტენზია და დიაბეტი. 65 წელს ზემოთ კი პაციენტები ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფში რჩებიან. ასაკობრივი ზღვრის წაშლა ადასტურებს, რომ კარდიოლოგიური სიფხიზლე ნებისმიერ ასაკში აუცილებელია და ამბულატორიული სკრინინგი სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდის გარანტიაა.
- გენეტიკა თუ ცხოვრების წესი - რომელი ფაქტორი უფრო უწყობს ხელს გულის დაავადებების განვითარებას?
- ეს ორი ფაქტორი მჭიდრო კავშირშია. გენეტიკა განსაზღვრავს წინასწარგანწყობას, თუმცა ცხოვრების წესი არის ის ტრიგერი, რომელიც დაავადებას ააქტიურებს. მაშინაც კი, თუ გენეტიკური რისკი მაღალია, ჯანსაღი ცხოვრების წესითა და მედიკამენტური პრევენციით დაავადების მრავალი წლით გადავადება ან საერთოდ თავიდან აცილებაა შესაძლებელი.
- რას ურჩევთ პაციენტებს? როგორ შეუძლიათ მათ სახლის პირობებში აკონტროლონ რისკები?
- სახლის პირობებში რისკების მართვა გულისხმობს ჰემოდინამიკური პარამეტრების რეგულარულ აღრიცხვას და წნევის დღიურის წარმოებას. მნიშვნელოვანია მეტაბოლური მარკერების, გლუკოზისა და ლიპიდური პროფილის პერიოდული მონიტორინგი. თუ ამჩნევთ, რომ ჩვეული ფიზიკური აქტივობისას იმატებს დაღლილობა ან ქოშინი, ეს არის „წითელი დროშა“, რომელიც დაუყოვნებლივ სკრინინგს მოითხოვს. ცხოვრების წესის კორექცია, როგორიცაა თამბაქოზე უარის თქმა, წონის კონტროლი, მარილის შეზღუდვა და სტრესის მართვა, გულის ჯანმრთელობის წინაპირობაა. კვების რაციონში უნდა შეამციროთ რაფინირებული ნახშირწყლები და ტრანსცხიმები. უპირატესობა მიანიჭოთ ზეითუნის ზეთს, თხილეულს და ზღვის პროდუქტებით ბალანსირებულ კვებას.
R